ბლოგი

11:08 | 8.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოსოვო და უეფას თითზე კბენანი

მას შემდეგ, რაც კოსოვოში ომი დამთავრდა, თანაგრძნობის ცრემლებიც შეშრა და ევროპის წინ მყიფე რეალობა აისვეტა, ბევრმა დაინახა, რომ კოსოვო, როგორც სახელმწიფო ევროპისათვის იმაზე უფრო მეტი თავისტკივილი გახდა, ვიდრე ამას ადრე წარმოიდგენდნენ. ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს ეს კვაზი-სახელმწიფო არ უღიარებია და არც აპირებენ ამის გაკეთებას. მათ შორისაა საქართველოც, რომელსაც თავისი სეპარატისტული რეგიონებიც დიდ პრობლემად აქვს ქცეული და სხვა სეპარატისტების წაქეზება ალბათ ყველაზე უჭკუო საქციელი იქნებოდა.

ეს არაღიარების პოლიტიკა რასაკვირველია კოსოვოს სპორტსაც შეეხო. განსაკუთრებით საინტერესო სიტუაცია შეიქმნა ფეხბურთის კუთხით მას შემდეგ, რაც უეფამ ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო და მისი წევრების დიდი ნაწილის მიერ არაღიარებული “სახელმწიფო” წევრად მიიღო. აქამდე მსგავსი გაურკვევლობა ჯერ არასოდეს ყოფილა და ევროპული ფეხბურთის მამები წინ კიდევ დიდ პრობლემებს უნდა ელოდნონ.

დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც ქვეყანა არაღიარებულის სტატუსს ატარებს, მისი საფეხბურთო ნაკრები უბრალოდ ვერ ჩავა არამღიარებელ ქვეყანაში (ასეთები კი როგორც ვთქვით არაერთია) და ელემენტარულად ქვეყნის საზღვარსაც კი ვერ გადალახავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კოსოვოს პასპორტს, მათი ნაკრების მეტოქე ქვეყანა არ ცნობს. მაშ როგორ წარმოგიდგენიათ კოსოვოს ნაკრების ბედი, თუკი იგი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვთქვათ ჯგუფში ესპანეთთან, საქართველოსთან, რუსეთთან და უკრაინასთან განითესა? არც ერთ ჩამოთვლილ სახელმწიფოს არ უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა და როგორ უნდა მოხდეს ამ გუნდების მატჩების დაგეგმვა?

მავანი ევროპელი მიმომხილველები წერენ, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალი შეიძლება იყოს კოსოვოელი ფეხბურთელებისათვის ე.წ. ევროპასპორტების მიცემა, რომელსაც უშუალოდ ევროკავშირი გასცემს და მათ იდენტიფიკაციაზეც ეს ორგანო იქნება პასუხისმგებელი. მაგრამ ვინაა დაზღვეული, რომ ამ პასპორტებით საკუთარ ტერიტორიაზე კოსოვოელებს თუნდაც რუსეთი შეუშვებს? ანდა რად გვინდა რუსეთის მაგალითი? თუკი ჩვენ აფხაზეთში ნამყოფ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ჩვენთან შემოსვლისას ვაჯარიმებთ, რატომ უნდა გავუხსნათ ხელ-ფეხი “ბალკანეთის აფხაზეთს?”...

კარგით, ვთქვათ სასწაული მოხდა და აღნიშნული მთავარი პრობლემა ევროპასპორტების გაცემით მოგვარდა - უეფას ხელმძღვანელები ნეტა რას ფიქრობენ კოსოვოს დამოუკიდებლობის არამღიარებელ ქვეყნებში მატჩების დროს კოსოვოს სახელმწიფო დროშის გაშლაზე და ამ კვაზი-სახელმწიფოს ნაციონალურ ატრიბუტებზე, რომელიც უეფას რეგლამენტის მიხედვით ფეხბურთელთა მაისურებზეც უნდა იყოს დატანილი? რომელი ჭკუათმყოფელი სახელმწიფო დაუშვებს იმას, რომ მის ტერიტორიაზე ოფიციალურ მატჩში არაღიარებული სახელმწიფოს დროშა აფრიალდეს? ახლა თუ ვიღაცას სადღაც სევილაიში სახლში კოსოვოს დროშა უდევს, ამას რა თქმა უნდა ვერავინ დაუშლის და ვერც ამ დროშის აივნიდან გამოფენას აუკრძალავს ვინმე. მაგრამ, სანამ ესპანეთი სახელმწიფოა, ნაკლებად სავარაუდოა ოფიციალურ მატჩში ის დროშა აღამართინოს, რომელსაც იგი უბრალოდ არ ცნობს.

უეფამ კოსოვოს წევრად მიღების გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ჯიუტად არ აპირებს მის შეცვლას. დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ ევროპულ ფეხბურთს ამ წინადაუხედავობის მწარე შედეგები სულ მალე დახვდება წინ და მაშინ შეიძლება თითზე კბენანი ძალიან გვიანი იყოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12291