ფეხბურთი

3:29 | 1.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვინ დარჩება პრემიერლიგაში?

პრემიერლიგის 36-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს 6 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან 3 მატჩში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა კლუბებმა ითამაშეს. გუშინდელი შედეგების გათვალისწინებით, ცხრილის ქვედა ნაწილში ვითარება კიდევ უფრო ჩაიხლართა და ბოლომდე ტურამდე ალბათ არაფერი გაირკვევა...

დარლოუს გმირობა და “ჯორდების” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება

“ნიუკასლმა” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასი” მიიღო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა.

პირველ ნახევარში “ჯორდები” უნიათოდ გამოიყურებოდნენ და სტუმრებს აქეთ შეეძლოთ გატანა, მაგრამ მასპინძელთა მესამე მეკარე დარლოუ მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მეორე ტაიმში კი, რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა მოუმატეს და 58-ე წუთზე ანდროს თაუნსენდმა ულამაზესი ჯარიმა გაიტანა, რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა გამარჯვების მომტანი გოლი აღმოჩნდა.

თუმცა, “ნიუკასლის” გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი დარლოუს მიუძღვის, რომელმაც 70-ე წუთზე იოჰან კაბაიეს ყოფილი გუნდის კარში პენალტის გატანის საშუალება არ მისცა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვებაში დაეხმარა – 1:0.

ოქროს გოლი?

“სანდერლენდი” გასვლაზე “სტოკს” დაუპირისპირდა და წაგებას 94-ე წუთზე გადაურჩა. “დურგლები” მარკო არნაუტოვიჩის გოლით იგებდნენ, ხოლო ჯერმეინ დეფომ პენალტით გაათანაბრა და შესაძლოა, ოქროს გოლი გაიტანა, რომლითაც “შავი კატები” პრემიერლიგაში დარჩებიან.

საქმე იმაშია, რომ სემ ელარდაისის შეგირდებს 1 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული და იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილ 3 მატჩში 7 ქულას მოიპოვებენ, ბურთების სხვაობიდან გამომდინარე, “ნიუკასლი” დარჩენაში ვეღარ შეეცილებათ.

ნაბიჯები: ჩემპიონთა ლიგისკენ და ჩემპიონშიფისკენ

“არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ნორვიჩი” დაამარცხა და მორიგი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგისკენ, ხოლო მეტოქეს მსგავსი სვლა ჩემპიონშიფისკენ გააკეთებინა.

“მეთოფეებს” გამარჯვება 59-ე წუთზე დენი უელბეკმა მოუტანა, რომელიც მოედანზე სულ რაღაც 3 წუთის შესული იყო – 1:0.

აღნიშნულ მატჩში “არსენალის” ფანებმა არსენ ვენგერის მიმართ საწინააღმდეგო ბანერები გამოაქვეყნეს. ისინი უკმაყოფილონი არიან საყვარელი კლუბის მიერ ნაჩვენები შედეგებით და მიიჩნევენ, რომ ვენგერის წასვლის დრო დადგა.

სხვა მატჩები

“ვესტ ჰემმა” მორიგი შტამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა, გასვლაზე “ვესტ ბრომვიჩს” სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და ევროპა ლიგის საგზურს კიდევ უფრო მიუახლოვდა. დუბლით გამოირჩა მარკ ნობლი, ხოლო ერთი ბურთი შეუხუ კუაიტეს ანგარიშზეა.

“ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ბორნმუთის” დამარცხება მოახერხა, ხოლო მაჩანჩალა “ასტონ ვილამ” მორიგი მატჩი წააგო, მიუხედავად იმისა, რომ 90-ე წუთამდე გასვლაზე “უოტფორდს” უგებდნენ...

შეწყვეტილი სერიები

“ევერტონმა” 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

“სტოკმა” 3-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა

მიმდინარე სერიები

“ვესტ ჰემი” 10 მატჩია არ აგებს, “არსენალი” 8, “ნიუკასლი” 4, ხოლო “სანდერლენდი” – 3.

“ასტონ ვილა” ზედიზედ 11 მატჩია აგებს, ხოლო “ბორნმუთი” და “ნორვიჩი” – 3.

“ვესტ ბრომვიჩი” 7 შეხვედრაა ვერ იგებს, “სტოკი” 5, ხოლო “კრისტალ პალასი” – 3.

საინტერესო ფაქტები

“უოტფორდის” თავდამსხმელს ოდიონ იგალოს, რომელსაც მიმდინარე პრემიერლიგაში 15 გოლი აქვს გატანილი, 11 მატჩია თავი არ გამოუჩენია. მან ბოლოს 23-ე ტურში “ნიუკასლს” გაუტანა.

33 წლის ჯერმეინ დეფომ მე-14 გოლი გაიტანა და მასზე მეტი მხოლოდ 5 ფეხბურთელს აქვს გატანილი.

“ვესტ ჰემს” 10 მატჩია არ წაუგია პრემიერლიგაში, რაც საუკეთესო სერიაა 1985 წლის შემდეგ.

უოტფორდი – ასტონ ვილა 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 კლარკი (28), 1:1 აბდი (45+2), 1:2 ჯ.აიუ (48), 2:2;3:2 დინი (90;93)
გაძევება: სისოხო (73 ა.)

ნიუკასლი – კრისტალ პალასი 1:0 (0:0)

გოლი: თაუნსენდი (58)

70-ე წუთზე კაბაიემ (კ) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

სტოკი – სანდერლენდი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (50), 1:1 დეფო (94)

ევერტონი – ბორნმუთი 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 კლევერლი (7), 1:1 პუგი (9), 2:1 ბეინსი (64)

ვესტ ბრომვიჩი – ვესტ ჰემი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 კუაიტე (34), 0:2;0:3 ნობლი (45+2;79)

არსენალი – ნორვიჩი 1:0 (0:0)

გოლი: უელბეკი (59)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112712