ავტოსპორტი

22:11 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰეიდენ პადონმა WRC-ს პირველი გამარჯვება მოიპოვა

რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი, არგენტინის რალი, ახალზელანდიელი ჰეიდენ პადონის გამარჯვებით დასრულდა. მან დაძაბულ პაექრობაში აჯობა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერ სებასტიან ოჟიეს და „ჰიუნდაის“ გუნდს WRC-ს პირველი გამარჯვება მოუპოვა.

სუპერ სპეცმონაკვეთის წინ, პადონსა და ოჟიეს შორის სხვაობა სულ რაღაც, 2.6 წამი იყო. ფრანგმა წინა (მე-17) სპეცმონაკვეთზე ლიდერს 19 წამი მოუგო, თუმცა სუპერ სპეცმონაკვეთზე კივი მრბოლმა 11.2 წამი დაიბრუნა და საბოლოოდ, მდევარს 14.3 წამით აჯობა. კარგა ხანს ოჟიე მესამე იყო, მაგრამ მეორეზე მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც მის ფინელ თანაგუნდელ იარი-მატი ლატვალას ავარია მოუვიდა.

ლატვალა რბოლის უმეტეს ნაწილს ლიდერობდა. მე-14 სპეცმონაკვეთის წინ, 14.5 წამს უგებდა პადონს, მაგრამ სპეცმონაკვეთზე ქვას დაეჯახა, რამაც თავის „ფოლკსვაგენზე“ კონტროლი დააკარგვინა. მანქანამ სამი ყირა გააკეთა. ბედად, ლატვალა და მისი ნავიგატორი მიკა ანტილა უვნებლად გადარჩნენ, თუმცა სამედიცინო შემოწმების გავლამ მაინც მოუწიათ.

„გზაზე არსებულ ყველა ქვას რომ მანქანა მოვარიდო, მაშინ აქ არაფერი მესაქმება. ძალიან გაწბილებული ვარ, მაგრამ მთავარია, რომ ორივე კარგად ვართ“, - განაცხადა ლატვალამ, ვინც ამ სეზონის ოთხი რბოლიდან უკვე მესამეს გამოეთიშა. ის რბოლას WRC2 კლასში დაუბრუნდა, თუმცა კიდევ ერთი ავარია მოუვიდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

„სიტყვები არ მყოფნის, ბევრმა შრომამ შედეგი მოგვიტანა. ადრე მყარ გრუნტზე რბოლა ჩემთვის მოსახერხებელი არასდროს ყოფილა და ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ აქ რაიმე შანსი მექნებოდა“, - განაცხადა პადონმა.

არგენტინის რალის ათეული:

  1. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი) 3:40:52.9
  2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 0:14.3
  3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) 1:05.2
  4. დანი სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) 1:17.1
  5. მადს ოსტბერგი (ონრვეგია, ფორდი) 4:56.7
  6. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) 9:29.5
  7. მარკო ლიგატო (არგენტინა, სიტროენი) 9:39.2
  8. ერიკ კამილი (საფრანგეთი, ფორდი) 10:16.0
  9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 10:48.5
  10. ნიკოლას ფუქსი (პერუ, შკოდა WRC2) 24:42.8

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ოჟიე - 96 ქულა; 2. ჰეიდენ პადონი - 57; 3. მადს ოსტბერგი - 52; 4. ანდრეას მიკელსენი - 48; 5. დანი სორდო - 44; 6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) – 27; 7. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) – 24; 8. ტიერი ნოივილი - 23; 9. სტეფან ლეფებვრი (საფრანგეთი, სიტროენი) – 10; 10. ჰენინგ სოლბერგი - 8...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127086