ფეხბურთი

18:31 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბავშვთა ფეხბურთი: 35-ე საფეხბურთო სკოლის შესახებ
ვლადიმერ ვაშაძე: “ბავშვისთვის გუნდი უნდა იყოს საშუალება და არა პირიქით”

საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩიდან ოდნავ ზემოთ რომ აუხვევთ, მქუხარე სახელის მქონე სტადიონია. მიხვდებით, ეს “მარაკანაა”, სადაც მუდმივად ბავშვებისა და ჭაბუკების ჟრიამულია, იქ 35-ე საფეხბურთო საფეხბურთო სკოლის გუნდები ვარჯიშობენ და თამაშობენ.

ბოლო წლებში “დინამოს აკადემიამ”, “საბურთალომ” და “ლოკომოტივმა” დაჩრდილეს, თუმცა 35-ე სკოლა თავის სახეს მაინც ინარჩუნებს და ზოგიერთ ასაკში არაფრით ნაკლები გუნდი ჰყავს. მაგალითად, საკმაოდ კარგი ბიჭები ჰყავთ 1999 და 2000 წელს დაბადებულებში. 17-წლამდელთა ნაკრებში, რომელსაც ჯერ გოჩა ავსაჯანიშვილი და მერე ვასილ მაისურაძე წვრთნიდა, 7-8 ფეხბურთელი იყო 35-ე სკოლიდან. ამ ბიჭებისგან შემდგარი გუნდი მეორე ლიგაში გამოდის.

2000 წელს დაბადებულთა გუნდი კი, რომელსაც ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ვლადიმერ ვაშაძე წვრთნის, ჭაბუკთა ლიგის აღმოსავლეთ ზონაში მესამე ადგილზეა.

მანამდე გეტყვით, რომ 35-ე სკოლაში სულ 5 მოედანია. “მარაკანას” გარდა, ერთი საშუალო ზომის (85 მეტრიX42 მეტრი) და სამი მინი-მოედანი. 35-ე სკოლა კერძო კლუბია, რომლის მფლობელები არიან გოჩა ავსაჯანიშვილი, მისი ძმისშვილი შოთა ავსაჯანიშვილი და ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი სოსო ჭედია, რომელიც თემურ ქეცბაიას თანაშემწედ მუშაობდა “ანორთოსისში”, “ოლიმპიაკოსში”, საქართველოს ნაკრებსა და აპოელ-ში.

დაახლოებით 9 წლის წინ, 35-ე სკოლა საჯარო გახდა და კლუბს სკოლის სტადიონები იჯარით აქვს აღებული. ამას იმიტომ ვწერთ, რომ ბევრს ისევ ჰგონია, 35-ე სკოლა სპორტულია.

ვლადიმერ ვაშაძეზე ვწერდით და უკვე 10 წელია, 35-ე სკოლის 2000 წელს დაბადებულთა გუნდს წვრთნის, ანუ 6 წლის ასაკიდან მოჰყვება.

- 2005 წელს დავიწყე მწვრთნელობა 35-ე სკოლაში და კახა კიკალიშვილის დამხმარე ვიყავი, ერთი წლის შემდეგ კი 2000 წელს დაბადებულთა გუნდი ჩამაბარეს და იქიდან მოყოლებული, მათ ვავარჯიშებ. მყავს ამ ასაკის მეორე გუნდიც, - გვითხრა ვაშაძემ.

- უცხოეთში სტაჟირებები გაქვთ გავლილი?

- ჰოლანდიაში ვიყავი უეფას სამწვრთნელო სემინარზე, ასევე მოსკოვის “ლოკომოტივში”: მაინტერესებდა ამ კლუბის სტრუქტურა, საშუალება მომეცა და გავეცანი. ა ლიცენზია მაქვს.

- დასამალი არაა, რომ პირობებით 35-ე სკოლა ჩამორჩება წამყვან საფეხბურთო კლუბებს. გვითხარით, რით არის მიმზიდველი 35-ე სკოლა ბავშვებისთვის, ან მოზარდებისთვის?

- რთული კითხვაა, მაგრამ უპირველესად ვიტყვი, რომ მწვრთნელის გამო. გააჩნია, ვინ ავარჯიშებს. და მთავარი ისაა, რომ 35-ე სკოლაში სხვა გუნდებისგან განსხვავებული მეთოდიკაა, უფრო მეტი თავისუფლება ეძლევათ ბავშვებს, აქ ინდივიდუალორობა არავის ეზღუდება. ყოფილა შემთხვევები და თანაც არაერთი, როცა ბავშვი ჩვენთან მოსულა ძლიერი საფეხბურთო სკოლიდან, ან გამოუშვიათ იმის გამო, რომ იქ უშლიდნენ კაცის მოტყუებას, დრიბლინგს. ყოფილა შემთხვევები, როცა ჩვენი გუნდიდან წასულა ბავშვი და ისევ დაბრუნებულა, თანაც ისეთი, ამ ასაკში ერთ-ერთი გამორჩეული რომ არის. რატომ ვერ მოიკიდა ფეხი სხვაგან? იმიტომ, რომ ართმევდნენ იმ მენიუს, რაც ყველაზე მეტად ჰქონდა – კაცის მოტყუებას. ბურთი მიიღე და გაეცი: მხოლოდ ამით შორს ვერ წავა ბავშვი და ევროპაშიც არავის სჭირდება ასეთი. მაგალითად, რად უნდათ ესპანეთში ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ერთ შეხებაში თამაშობს? თავისიც ბევრი ჰყავთ. ქართველები რაშიც თავიდანვე ძლიერები ვიყავით, ეს ინდივიდუალიზმია, დრიბლინგია. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ჩემი აზრია და არ ვიჩემებ, 100 პროცენტით მართალი ვარ-მეთქი. უბრალოდ, ჩემი აზრია.

- ანუ, არასრულფასოვნების კომპლექსი უყალიბდებათ ბავშვებსა და ჭაბუკებს?

- აბა, რა გამოდის, როცა ბურთი არ უნდა დაკარგოს და მხოლოდ “მიიღე-გაეცი”-ზე ითამაშოს. ვფიქრობ, ფეხბურთი ვერტიკალური თამაშია, სადაც უნდა შეუტიო, შექმნა, საკუთარ თავზეც უნდა აიღო. ხაზს ვუსვამ: ბავშვისთვის გუნდი უნდა იყოს საშუალება და არა პირიქით, გუნდისთვის - ბავშვი. მთავარია გუნდმა მოიგოს და ბავშვი განვითარდება თუ არა, ეს არაა მნიშვნელოვანი – არასწორი მიდგომა მგონია. გუნდი შემდეგ ხდება მთავარი, როცა ფეხბურთელი ჩამოყალიბებულია, ხელფასი აქვს და ვალდებულია. მანამდე კი გუნდი უნდა ემსახუროს ბავშვს. მაგალითებსაც მოვიყვან, რომ შეტევაში, შექმნაში გვიჭირს. საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავაა და ისედაც, ნაკრების ფეხბურთელებს რომ გადავხედოთ, არაშემტევი ფეხბურთელები უფრო ძლიერები არიან. და წინ? შარშან ზაფხულს ევროტურნირებზე გამოჩნდა, ოთხივე ქართული კლუბი პირველივე ეტაპზე გავარდა. ჯამში რვა თამაში ჩაატარეს და თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის გოლები გაიტანეს.

- ბავშვთა ფეხბურთში ბევრი სატკივარია, მაგრამ უშუალოდ თქვენს გუნდში ყველაზე მეტად რა პრობლემებია?

- ხშირად ვიცით თქმა, ქართველებს ფიზიკურად გვიჭირსო. მხოლოდ ერთი კომპონენტი არაა პრობლემა, ბევრი რამ იჩენს თავს. მაგალითად, ურეჟიმობა. ვიცი ბავშვები, ღამის ორ საათამდე არ იძინებენ და უმეტესად კომპიუტერთან სხედან. ეს გუნდია, მეორე დღეს ყველა თანაბრად უნდა დატვირთო, რასაც მოითხოვს ეს ასაკი. წუხანდელი ღამენათევი კი ვერ უძლებს და მისთვის ეს დატვირთვა უკუშედეგის მომტანია. რა თქმა უნდა, არის სოციალური პრობლემებიც, მაგრამ დროულად დაძინებას და გაღვიძებას მაინც რა უდგას წინ?! გარდა ამისა, საქართველოში ფსიქოლოგიურადაც ვფიტავთ ბავშვებს, ასე არ შეიძლება.

- რას გულისხმობთ?

- როცა ბავშვი სულ სტრესშია, თამაშს არ მოვუკლო და გუნდიდან არ გამიშვანო. ხუთი მშობელი აქედან უყვირის, ხუთი იქიდან და ბავშვი სულ ნერვიულობს, არაფერი შეეშალოს, არიქა, ბურთი არ დაკარგოს. არადა, თუ არ შეეშალა, ვერ ისწავლის. უცხოეთში რომ ვიყავი, ვიცი, რომ იქ მსგავსი პრობლემა არ დგას, ბავშვები თავისუფლად ვარჯიშობენ, ლაღად.

- უცხოეთში მშობელს იმიტომ არ დაჰყავს ბავშვი ფეხბურთზე, რომ მაინცდამაინც ფეხბურთელი გამოვიდეს და არ სტრესავს. თუ ფეხბურთელი გამოვა, ხომ კარგი, თუ არადა, ჯანმრთელი მაინც გაიზრდება – როგორც ვიცი, ასეთი მიდგომაა.

- ასეა და აქ იცით, როგორ ხდება? მშობელი სწავლას თავს ანებებინებს ბავშვს და მთლიანად ფეხბურთზე ჰყავს გადართული. რა გარანტია აქვს, რომ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება? რომ ვერ ჩამოყალიბდეს, რით უნდა იცხოვროს? ჩემი მოგონილი არაა, რომ 1000-დან 10 გამოდის ფეხბურთელი. არის მეორე უკიდურესობაც: მოზარდს იმდენს ასწავლიან და იმდენ რამეზე დაჰყავთ, ვარჯიშზე გამოფიტული მოდის. ჩემს გუნდშიც არის ასეთი შემთხვევა, ძალიან კარგად სწავლობს ბიჭი და თამაშს მოუკლო. ჩემი აზრით, შუალედის გამონახვაა საჭირო, რომ როცა უკვე 16 წლისაა, არც ფეხბურთი დაკარგოს და სწავლითაც არ ჩამორჩეს, მისთვის პრიორიტეტულ სკოლის საგნებს ყურადღება მიაქციოს.

- ხელოვნურსაფარიან მოედნებზე გკითხავთ: სხვადასხვა აზრია ჩამოყალიბებული და თქვენი აზრით, რამდენად უშლის ხელს ბავშვებს ბუნებრივი მინდვრების არქონა?

- ამაზე ექიმებს იმდენი უსაუბრიათ, ახალი რაღა უნდა დავამატო. ჩემი აზრით, ხელოვნურსაფარიანი მინდვრები დიდად არ აზარალებს ვითარებას. ჩემი გუნდიც სულ ხელოვნურზე იზრდება და რომ გითხრათ ტრავმების ეპიდემიააო, არ ვიქნები მართალი.

- თქვენს გუნდს ამჟამად 16-წლამდელთა ნაკრების ასაკი უწევს, ამ ნაკრებს გურამ ასპინძელაშვილი წვრთნის და როგორც ვიცით, 35-ე სკოლიდანაც იყო ერთი ჭაბუკი.

- დიახ, ერთი ჰყავდათ წაყვანილი ბულგარეთის ტურნირზე. თავდამსხმელი თორნიკე გობრონიძე. მანამდე ერთი გამოძახებული ჰყავდათ გაფართოებულ სიაში და ნაკრების კიდევ ორი ფეხბურთელი ჩემთან დადიოდა, თუმცა ახლა “ლოკომოტივში” არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112169