ფეხბურთი

2:26 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერი” – 5 ქულა ჩემპიონობამდე

პრემიერლიგის 35-ე ტურში “ლესტერმა” მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა და ოქროს მედალს კიდევ უფრო მიუახლოვდა. “ლესტერს” 5 ქულის მოპოვებაღა სჭირდება და ტიტულში ვეღარავინ შეეცილება.

ულოამ საჭირო დროს გაიბრწყინა

“ლესტერმა” ჯეიმი ვარდის გარეშე ჩინებულად ითამაშა და საკუთარ მოედანზე “სუონსი” გაანადგურა.

ანგარიში მე-10 წუთზე რიად მაჰრეზიმ გახსნა, ხოლო 20 წუთში ლეონარდო ულოამ გაიტანა და ტაიმი 2:0 დასრულდა. მე-60 წუთზე არგენტინელმა ფორვარდმა უკვე დუბლი გაიფორმა, ხოლო 85-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ოლბრაიტონმა იხეირა – 4:0.

ფრე, რომელიც არცერთს აწყობდა

“სანდერელენდმა” “ლაით ოფ სთედიუმზე” “არსენალი” მიიღო და უგოლო ფრე გაუგორა. აღნიშნული შედეგი არცერთს აწყობდა, რადგან “სანდერლენდი” მხოლოდ იმიტომ არაა გასავარდნ ზონაში, რომ “ნორვიჩს” ბურთების უარესი სხვაობა აქვს. “შავი კატებითვის” თითოეული ქულა უმნიშვნელოვანესია.

რაც შეეხება “არსენალს”, ვენგერის შეგირდებმა მე-3 ადგილი დაკარგეს და შესაძლოა, მე-4 ადგილსაც საფრთხე დაემუქროს.

ბენიტესის წარმატებული დაბრუნება “ენფილდზე”

“ლივერპულმა” “ენფილდზე” “ნიუკასლს” უმასპინძლა და 30-ე წუთისთვის უკვე 2:0 ამარცხებდა, თუმცა შესვენებაზე რაფაელ ბენიტესმა საჭირო ცვლილებები მოახდინა და ყოფილი გუნდის სტადიონიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წაიღო.

“ნიუკასლი” 30 ქულით მე-19 ადგილზეა და პრემიერლიგაში დასარჩენად შემდეგ მატჩებში აუცილებლად მოგება მართებს.

აზარის დაბრუნება

“ჩელსიმ” გასვლაზე “ბორნმუთი” დაამარცხა და რაც მთავარია, ამ მატჩში ედენ აზარმა საშინელი სერია შეწყვიტა და მიმდინარე პრემიერლიგაში პირველად გაიტანა. თანაც, ბელგიელი ერთ ბურთს არ დასჯერდა და დუბლი გაიფორმა. მის გარდა, გოლებით ვილიანი და პედრო გამოირჩნენ, ხოლო მასპინძელთაგან პრესტიჟის ბურთი ელპჰიკმა შეაგდო – 1:4.

“ქალაქელთა” დამაჯერებელი გამარჯვება

“სიტიმ” “რეალთან” მატჩის წინ “სტოკთან” მშვენიერი რეპეტიცია გაიარა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩს მშვენიერ ხასიათზე ხვდებიან.

“სტოკთან” შეხვედრაში დუბლით გამოირჩა ახალგაზრდა ფორვარდი აიჰენაჩო, ხოლო თითო გოლი ფერნანდოსა და სერხიო აგუეროს ანგარიშზეა, რომელიც ბომბარდირთა დავაში ჰარი კეინს 1 ბურთით ჩამორჩება.

“სიტიმ” ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე “არსენალს” მე-3 ადგილი ისევ წაართვა.

მაჩანჩალა კვლავ აგებს

“ასტონ ვილა” დიდი ხანია, რაც ჩემპიონშიფში გავარდა. კლუბს კოშმარული სეზონი გამოუვიდა და ყველასთან აგებს. ბირმინგემელებმაAამჯერად შინ “საუთჰემპტონთან” წააგეს. დუბლით გამოირჩა დუშან ტადიჩი, ხოლო თითო ბურთი სადიო მანესა და შეინ ლონგის ანგარიშზეა. მასპინძლეთაგან პრესტიჟის გოლები ვესტვუდმა გაიტანა – 2:4.

შეწყვეტილი სერიები

“ლივერპულმა” 3-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

“ჩელსიმ” 2-მატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ იმარჯვა.

ედენ აზარმა 11-თვიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში კვლავ გაიტანა.

მიმდინარე სერიები

“ლესტერს” 9 შეხვედრაა არ წაუგია, “არსენალს” 7, ხოლო “სიტისა” და “ლივერპულს” 5-5.

“ასტონ ვილას” ზედიზედ 10 მატჩი აქვს წაგებული, ხოლო “სტოკს” – 3.

სერხიო აგუეროს ზედიზედ 5 მატჩია გოლი გააქვს. მან აღნიშნული რაოდენობის მატჩში 7 გოლს მოუყარა თავი.

საინტერესო ფაქტები

დანიელ სტარიჯმა ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

“სტოკი” ზედიზედ მე-3 მატჩია საკუთარ კარში 4 ბურთს უშვებს.

გათამაშების საუკეთესო ასისტენტი მესუთ ოზილია (18), რომელსაც კრისტიან ერიკსენი (13), რიად მაჰრეზი (11), ჯეიმს მილნერი (11), დავიდ სილვა (11) დიმიტრი პაიე (10) და კევინ დე ბრუინი (10) მოსდევენ.

სესკ ფაბრეგასმა “ბორნმუთთან” მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. საინტერესოა, რომ ესპანელ ნახევარმცველს აღნიშნულ შეხვედრამდე მიმდინარე პრემიერლიგაში სულ 4 ასისტი ჰქონდა.

მანჩესტერ სიტი – სტოკი 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ფერნანდო (35), 2:0 აგუერო (43 პენ.), 3:0;4:0 აიჰენაჩო (64;74)

ასტონ ვილა – საუთჰემპტონი 2:4 (1:2)

გოლები: 0:1 ლონგი (15), 0:2;1:3 ტადიჩი (39;71), 1:2;2:3 ვესტვუდი (45+1; 85), 2:4 მანე (94)

ლივერპული – ნიუკასლი 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 სტარიჯი (2), 2:0 ლალანა (30), 2:1 სისე (48), 2:2 კოლბეკი (66)

ბორნმუთი – ჩელსი 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 პედრო (5), 0:2;1:4 აზარი (34;91) 1:2 ელჰიკი (36), 1:3 ვილიანი (71)

ლესტერი – სუონსი 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 მაჰრეზი (10), 2:0;3:0 ულოა (30;60), 4:0 ოლბრაიტონი (85)

სანდერლენდი – არსენალი 0:0

შენიშვნა – ინგლისის თასის 1/2 ფინალური ეტაპის გამო რამდენიმე მატჩი არ ჩატარებულა, ხოლო ერთი შეხვედრა დღეს გაიმართება. უთამაშებელ კლუბებზე სტატისტიკური ინფორმაცია არ დევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13718