ფეხბურთი

18:11 | 19.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კახა კაშია: "ვიტესს" ხარაიშვილის თაობაზე ოფიციალურად არ მოუმართავს, ინტერესი კი ბევრი გუნდიდანაა"

"საბურთალოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ გვაცნობა, რომ არნემის "ვიტესს" გიორგი ხარაიშვილის საკითხზე ოფიციალურად არ მოუმართავს. კაშიამ დაადასტურა, რომ "ვიტესისგან" დაინტერესება არის, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა.

რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ გვქონდა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში "ვიტესის" წარმომადგენელ გოგა გახოკიძესთან, სადაც ის ხარაიშვილზეც საუბრობს.

Worldsport.ge კახა კაშიას დაუკავშირდა:

- "ვიტესისგან" შემოთავაზება არ მიგვიღია. ვიცით, რომ დაინტერესებულნი არიან ფეხბურთელით, ჩამოსულებიც იყვნენ თამაშის სანახავად, მაგრამ ჩვენთვის არაფერი უთქვამთ. ნახეს თამაში და წავიდნენ. ამიტომაც, თანხა ვერც იაფი იქნებოდა, ვერც - ძვირი. "ვიტესს" წინადადებით არ მოუმართავს და ჩვენ როგორ ვეტყოდით ფასს. კონკრეტიკა არ ყოფილა. საერთოდ, ასე ჭორის დონეზე საუბარი ფეხბურთელზე ცუდად მოქმედებს. შესაძლოა, ეგონოს, რომ "ვიტესმა" ოფიციალური წინადადებით მოგვმართა და ჩვენ არ ვუშვებთ. ამის გამო კი, თამაშს მოუკლოს, ტვინი აერიოს. გიორგი არაა ასეთი ხასიათის, მაგრამ ვიცი, სხვებს ჰქონიათ ეს შემთხვევა.

- სამიოდე კვირის წინ "საბურთალოს" მწვრთნელ პაბლო ფრანკოსთან გვქონდა ინტერვიუ. ის ამბობს, რომ ხარაიშვილის გუნდში დატოვება და ძლიერი გუნდის აწყობა სწორედ მის გარშემო სურს...

- დიახ, ასეა და ჩემი აზრიც ასეთია: გიორგის საქართველოში კიდევ ცოტა ხნით დარჩენა არ აწყენდა. ხარაიშვილი ნამდვილად ერთ-ერთი ნათელი წერტილია საქართველოს ჩემპიონატში და "საბურთალოს" ლიდერი გახლავთ, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ უკვე გადაზრდილია ჩვენი ჩემპიონატისთვის. პირველი ლიგისთვის, კი ბატონო, გადაზრდილი იყო, მაგრამ უმაღლესი ლიგისთვის - არა. სიჩქარე არ ივარგებს. ცოტა შორეული მაგალითია, მაგრამ ანდრეი შევჩენკო სანამ "მილანში" გადავიდოდა, მანამდე ერთი წლით ადრეც სურდათ, თუმცა ვალერი ლობანოვსკიმ დაიტოვა. აგენტის საქმიანობა სხვაა, კლუბისა - სხვა. კონკრეტულად გოგა გახოკიძეზე კი არ ვამბობ, ზოგადად, აგენტს სურს, რომ ადვილად მოახერხოს ტრანსფერი, ამ დროს კი კლუბს შესაძლოა დღეს არ უნდოდეს ფეხბურთელის გაშვება, ან არ უღირდეს. მის აღზრდაში ხომ ფულია დახარჯული, სამუშაოა გაწეული.

- კიდევ რომელ კლუბებს აინტერესებთ ხარაიშვილი?

- არის არაერთი კლუბი და დაკონკრეტებას მოვერიდები. უფრო კარგი გუნდებიცაა, მაგრამ შემოთავაზების შემთხვევაში "ვიტესსაც" განვიხილავთ.

- ვიცით, რომ "საბურთალო" საქართველოში მაღალი ადგილებისთვის მებრძოლი გუნდის შექმნას გეგმავს და მხოლოდ უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაზე არ ფიქრობს. ამას აგვისტოდან, გარდამავალ ჩემპიონატში გეგმავთ?

- გარდამავალ ჩემპიონატში, როგორც იცით, 6 გუნდი ვარდება უმაღლესიდან და 10 დარჩება. ჯერ ვეცდებით, რომ სწორედ ათეულში მოხვდეთ, 2017 წლიდან კი უკვე მაღალი მიზნები გვექნება. მაგ დროისთვის დღევანდელი შემადგენლობაც უფრო შეკრული და გამოცდილი იქნება, რადგან უმაღლესში თამაშის წელიწადნახევრიანი გამოცდილება ექნებათ. ამას გარდა, ორ-სამ გამოცდილ ფეხბურთელსაც დავიმატებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110593