ფეხბურთი

3:11 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ლიგა ჩემპიონის გარეშე დატოვა (+VIDEO)

ორი წლის შემდეგ ისტორია განმეორდა და მადრიდის “ატლეტიკომ” “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შესასვლელი კარი ჩაუკეტა. დიეგო სიმეონეს გუნდმა მისთვის ჩვეული ფებხურთი აჩვენა, გაიტანა და მერე თამაში ჩაკეტა. “ბარსას” მთლიანობაში იან ობლაკის კართან ისეთი მომენტი არ შეუქმნია, როგორიც “ბლაუგრანას” სჩვევია.

შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში დაიწყო და გუნდები ზედმეტ რისკზე არ მიდიოდნენ. პრინციპში პირველ ტაიმში გასარისკი არცერთ გუნდს ჰქონდა და ასეთი თამაში ბუნებრივიც იყო. 36-ე წუთზე კი მასპინძლებმა ის გოლი გაიტანეს, რომელმაც თამაშის სურათი მთლიანად შეცვალა. საულ ნიგეზმა შესაშური ოსტატობის გადაცემით საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დატოვებული ანტუან გრიზმანი მოძებნა და ფრანგმა შემტევმაც თავისი მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დაადასტურა. მეორე ტაიმში კატალონელებს მადრიდელთა კართან მისასვლელად ბეტონის მსგავსი ზღუდეების დაშლა უხდებოდათ და მთლიანობაში ამის გაკეთება ვერც მოახერხეს.

მატჩის ბოლოს კი, შეტევაში გართულ “ბარსას” დედაქალაქელთა კონტრშეტევა გამოეპარათ და ანდრეს ინიესტამ საკუთარ საჯარიმოში მეკარის როლი იტვირთა. პენალტი გრიზმანმა ზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდში მიუხედავად გოლისა, სიმეონე ძალზე უკმაყოფილო გახლდათ და საფუძვლიანადაც; ინიესტა აშკარად წითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ ნიკოლა რიცოლიმ მხოლოდ ყვითელი აკმარა. სამაგიეროდ ორ წუთში ინიესტას ჩაწოდების მერე მადრიდელ მცველს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ რიცოლიმ აქაც შეცდომა დაუშვა და მხოლოდ ჯარიმა დანიშნა, რომელიც მესიმ ცუდად შეასრულა და ლიგა ჩემპიონის გარეშე დატოვა. შეიძლება ითქვას, იტალიელმა რეფერიმ შეცდომა გამოისყიდა, თუმცა ამან საბოლოოდ ფეხბურთი აზარალა.

საბოლოოდ, როგორც ორი წლის წინ, ამავე ეტაპზე, ამჯერადაც “ბარსა” – “ატლეტიკოს” დუელში გამარჯვებული მადრიდული გუნდი გამოვიდა და ნახევარფინალში გააღწია. შედეგად, ჩემპიონთა ლიგის თასს ისევ ახალი მფლობელი ეყოლება. მოგეხსენებათ, მისი დაარსების დღიდან დღემდე, მიჯრით ორჯერ ეს ტურნირი არცერთ გუნდს მოუგია.

“ატლეტიკო” – “ბარსელონა” 2:0 (1:0) (მიმოხილვა)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

მაყურებელი: 54 907

“ატლეტიკო” (4-3-3): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ერნადესი, ფილიპე ლუისი; კოკე, ფერნანდესი (სავიჩი 90), გაბი, საულ ნიგეზი; გრიზმანი (კორეა 90), ფერეირა- კარასკო (ტომასი 74)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; ალვეში (სერხი რობერტო 64), პიკე, მასკერანო, ალბა; რაკიტიჩი (არდა თურანი 64), ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 გრიზმანი (36), 2:0 გრიზმანი (88, პენ)

გაფრთხილება: გაბი (69), გოდინი (85), კორეა (90), კოკე (90) – სუარესი (71), ნეიმარი (76), ინიესტა (87), არდა თურანი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 12 (4) ბურთის ფლობა: 29%-71% კუთხურები: 1:5 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109877