ფეხბურთი

18:49 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარიო გიოტცეს უცნაური ისტორია...

მიუნხენის “ბაიერნის” შემტევ ნახევარმცველ მარიო გიოტცეს თავს საკმაოდ უცნაური რამ ხდება. 23 წლის ფეხბურთელი “რეკორდმაისტერის” ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდებას ვერაფრით ახერხებს და მხოლოდ შეცვლაზე თამაშით უწევს დაკმაყოფილება. ამის ფონზე, მარიო ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა, ოღონდ მათ შორის, რომლებიც სასტარტო თერთმეტეულის წევრებად არ ითვლებიან... არადა, გიოტცე პეპ გვარდიოლას ერის პირველი შენაძენი გახლდათ.

2013 წლის გაზაფხულზე, “დორტმუნდი” – “რეალის” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე ცოტა ხნით ადრე, ტრანსფრის შესახებ ოფიციალურად გაჟღერდა. გიოტცეს მშობლიურმა გუნდმა “სამეფო გუნდს” აჯობა და ფინალშიც გავიდა, სადაც მარიოს მომდევნო კლუბთან დამარცხდა (1:2). თავად ახალგაზრდა შემტევს იმ ფინალში ტრავმის გამო არ უთამაშია. 2013 წლის ზაფხულიდან კი იგი “ბაიერნს” შეუერთდა და ახლანდელთან შედარებით უკეთესი პერიოდიც ედგა.

პირველ სეზონში 15 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა, თამაშების 64% კი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 2014 წლის ზაფხულში გიოტცეს კიდევ უფრო კარგი ამბები გადახდა თავს, რადგან გერმანიის გმირი გახდა: მუნდიალის ფინალის დამატებით დროში მისმა გოლმა “ბუნდესნაკრები” აჩემპიონა, 1990 წლის მერე პირველად...

“ბაიერნის” მე-19 ნომრისთვის ურიგო არც შარშანდელი სეზონი იყო, როდესაც ისევ 15-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, ხოლო თანაგუნდელებს 7-ჯერ გაატანინა. მიუხედავად ამისა, ძირითადში მხოლოდ 11 მატჩი დაიწყო. მიმდინარე სეზონში კი კიდევ უფრო მწირი სათამაშო პრაქტიკა აქვს: აქამდე მხოლოდ 8-ჯერ იყო მოედანზე პირველი წუთიდან. მართალია, გიოტცეს სერიოზული ტრავმა ჰქონდა და სეზონის დიდი ნაწილი ამის გამო გაუცდა.

ფაქტია, რომ მან გვარდიოლას “ბაიერნში” ფეხი ვერ მოიკიდა და გასულ ზაფხულს თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ნავსაყუდელს შეიცვლიდა. დიდი ხანი იწერებოდა, თითქოს ტურინის “იუვენტუსში” გადადიოდა, თუმცა საბოლოოდ, გარიგება არ შედგა. ახლა უკვე ინგლისურ “ლივერპულზე” მიდის აქტიური საუბარი, რომელსაც იურგენ კლოპი ავარჯიშებს. კლოპი კი ის კაცია, ვინც გიოტცე “დორტმუნდში” პატარა ასაკში დააწინაურა და შესანიშნავი გუნდი მის გარშემო ააგო.

თუმცა, შესაძლოა, 23 წლის გერმანელმა მიუნხენი არც დატოვოს. საქმე ისაა, რომ ივნისიდან “რეკორდმაისტერი” მთავარ მწვრთნელს შეიცვლის. გვარდიოლას ადგილს იტალიელი კარლო ანჩელოტი დაიკავებს და ვინ იცის, იქნებ აპენინელის გეგმებში მარიო გიოტცეც ჩაჯდეს. ისე კი, მიზეზი ამ უცნაური თავგადასვლისა, მიუნხენურ გიგანტში არსებული გიჟური კონკურენციაა... შესაბამისად, ვერც პეპს გავამტყუნებთ.

0.121928