ფეხბურთი

13:00 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბენფიკა” VS “ბაიერნი” – “არწივები” სენსაციას გეგმავენ

ლისაბონში, “ბენფიკა” მიუნხენის “ბაიერნთან” ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას ეცდება. რამდენად შესწევს ამის ძალა პორტუგალიურ გრანდს არავინ იცის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მიუნხენურ თამაშამდე ინტრიგას მეორე მატჩის წინაც არ ელოდნენ, თუმცა “ბენფიკამ” პირველი თამაში კარგად ჩაატარა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. სხვა საკითხია, რომ “ბაიერნი” მაინც უპირობო ფავორიტად რჩება.

დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი დიდებულ ფორმაში ხვდება. “ბაიერნს” ბოლო 6 თამაში მოგებული აქვს, ხოლო სტუმრად უკვე 11 შეხვედრა არ წაუგია. თავის მხრივ კარგი სტატისტიკა აქვთ “არწივებსაც”: უკანასკნელი 22 მატჩიდან რუი ვიტორიას ბიჭებმა 20-ჯერ იმარჯვეს.

ამასთან, გუნდები საკადრო პრობლემებს უჩივიან – “ბენფიკას” დისკვალიფიკაციის გამო საუკეთესო ბომბარდირი ჟონასი არ ეყოლება, მის გარდა ჟულიო სეზარისა და ლისანდრო ლოპესის თამაშიც გამორიცხულია. ნიკოლას გაიტანის საკითხი კი, ბოლო მომენტში გადაწყდება. რაც შეეხება “ბაიერნს”, პეპ გვარდიოლას თავს ძველი პრობლემებია: ჟერომ ბოატენგი, ჰოლგერ ბადშტუბერი, არიენ რობენი და მეჰდი ბენატია ვერ ითამაშებენ. მცირე ტრავმა აწუხებს კინგსლი კომანსაც.

აღსანიშნავია, რომ თუ მომდევნო ეტაპზე “ბაიერნი” გავა, ეს გერმანელთათვის ზედიზედ მეხუთე ნახევარფინალი იქნება. თავის მხრივ, “ბენფიკა” ამ ეტაპს დანატრებულია. ლისაბონელები ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ოთხეულში ბოლოს შორეულ 1990 წელს იყვნენ.

რუი ვიტორია (“ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი): “დღეს დაცვაში უშეცდომოდ თამაში გვჭირდება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ფავორიტთან და გუნდთან, რომელიც იგებს როგორც სახლში, ისე გასვლაზე.

ნიკოლას გაიტანის თამაში საეჭვოა და მისი საკითხი მხოლოდ თამაშის დაწყების წინ გადაწყდება. პირველ მატჩი წავაგეთ, მაგრამ ტაქტიკურად ცუდად არ გვითამაშია. მიუნხენში მხოლოდ 5 ათასი გულშემატკივარი გვახლდა და დღეს საღამოს პუბლიკას დიდი როლი ექნება”.

პეპ გვარდიოლა (“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი): “დღევანდელ მატჩში კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. მინდა, დაცვაში უშეცდომოდ ვითამაშოთ, გავიტანოთ ერთი გოლი და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. თუ დანაკლისი “ბენფიკას” აქვს, არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. მაგალითად, ხავი მარტინესი ხუთი თვე გვაკლდა და კარგ კონდიციებში ამჟამად არაა. ცენტრალური მცველების მხრივ არჩევანი არ მაქვს, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.

გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ, რადგან ერთი კვირის წინ იყო პირველი თამაში. ჩვენი მიზანი ერთადერთია: პოზიტიური შედეგის ჩვენება”.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბენფიკა” (4-4-2): ედერსონი; ანდრე ალმეიდა, ლინდელოფი, ჟარდელი, ელიზეუ; ფეისა, რენატო სანჩესი, პიცი, გაიტანი; მიტროღლუ, რაულ ხიმენესი

მწვრთნელი: რუი ვიტორია

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, კიმიხი, ალაბა, ბერნატი; ვიდალი, ალკანტარა; დუგლას კოშტა, მიულერი, რიბერი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11314