ფეხბურთი

11:19 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი დევაძისთვის!  

“მალე წავა საზღვარგარეთ, ოპერაციას გაუკეთებენ, მერე რეაბილიტაციის პროცესიც ნორმალურად ჩაივლის და ის კაკო დაგვიბრუნდება, როგორიც გვახსოვს. ბოლო დღეებში ამ საქმეზე დავრბივართ” – გვითხრა ერთ-ერთმა ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა.

მიხვდებოდით, აკაკი დევაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება საქმე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე შეუძლოდაა და სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია. რამდენიმე დღის წინ მის მხარდასაჭერად საქველმოქმედო მატჩიც გაიმართა და დაახლოებით 40 000 ლარი მაშინ შეგროვდა.

სულ პირველად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გამოიჩინეს ინიციატივა, როცა 10 000-10 000 ლარი გადარიცხეს.

დევაძის ოპერაციისთვის 100 000 დოლარზე მეტი იყო საჭირო. თანხის შეგროვებაში ჩართულები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და რა თქმა უნდა, ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები. ასევე, სხვა სფეროს წარმომადგენლებიც. დამატებით, უმაღლესი ლიგისა და პირველი ლიგის კლუბებიც ჩაერთვნენ საქმეში.

კარგია, რომ საფეხბურთო სამყარო გაერთიანდა და დევაძის ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეგროვდა. ფეხბურთელები მოერიდნენ თავიანთი საქმის აფიშირებას, თუმცა რა თქმა უნდა, გავიგეთ მათ შესახებ, რომლებიც დევაძეს ფინანსურად დაეხმარნენ. უბრალოდ, არ იქნება ლამაზი, რომ სათითაოდ გვარები ჩამოვწეროთ.

აკაკი დევაძის პირადი ანგარიშის ნომერია:

საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22

მიმღების ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500

მიმღები AKAKI DEVADძE

დევაძის მხარდასაჭერად "მაგთის", "ჯეოსელისა" და "ბილაინის" აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 0 901 901 981. ზარის ღირებულება 1 ლარია.

“წადით წინ, ეგენი გოლს ვერ გამიტანენ!”

საქართველო-ალბანეთის შესარჩევი მატჩია, ალენ ჟირესის მწვრთნელობისას. ისე მოხდა, რომ გასახდელში შემავალ გვირაბთან ახლოს ვიჯექი. პირველი ტაიმი რომ დასრულდა, ალექსანდრე იაშვილის გოლით ვიგებდით, ბოლოს გიორგი დემეტრაძემაც გაიტანა და 2:0 ვიმარჯვეთ, თუმცა ძალიან რთული თამაში იყო – ალბანელებს უფრო მეტი მომენტი ჰქონდათ.

ზუსტად ისეთი თამაში მოვიგეთ, აი, ხშირად აქეთ რომ წაგვიგია და მერე გვითქვამს ლეგენდარული წინადადება – “ეჰ, კარგად ვითამაშეთ, მარა წავაგეთ”.

და მახსოვს, შესვენებისას დევაძე რომ გამოდიოდა, გვერდით ორი ჩვენი ფეხბურთელი მოჰყვებოდა და მათ უყვიროდა – “ადით წინ, არ მჭირდება ამდენი დაცვა, ეგენი გოლს ვერ გამიტანენ”.

სიტყვა შეასრულა და არ გაუშვა. იმ თამაშში ყველაზე მაგარი ბურთი იგლი ტარეს გამოუძრო, უმძლავრესი თავური დაურტყა ალბანელმა და ზედა კუთხეში თითის წვერები აჰკრა ბურთს. კიდევ იყო ორი თუ სამი ასეთი ეპიზოდი, როცა პირადად გადაგვარჩინა, მაგრამ ტარეს თავურზე რეაქცია მართლაც სუპერსეივებს მიეკუთვნებოდა.

და მაინც, გადმოცემით ვიცით, რომ ეს არ იყო დევაძის საუკეთესო მატჩი. საუკეთესო ყოფილა ასევე ალბანეთთან, ჯერ კიდევ 1994 წელს, მაგრამ ტელევიზორში ვერ ვნახეთ და რადიოდან გვესმოდა, სასწაულები უკეთებია ჩვენს მეკარეს. იმ დღეს 1:0 მოვიგეთ და ეს საქართველოს ნაკრების პირველი გასვლითი გამარჯვება იყო შესარჩევების ისტორიაში.

ისიც ბევრს ახსოვს, რუსული “სპორტ-ექსპრესი” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებდა დევაძეს და ეს 0:5, თუ 0:6 წაგებული თამაშის შემდეგ. აკაკი “როსტსელმაშში” ყველაფერი იყო, გულშემატკივრები მას სიმღერებს უძღვნიდნენ. ეს ჩვენი მოგონილი არაა, რუსული პრესა წერდა.

იმედია, აკაკი დევაძის ჯანმრთელობა ოპერაციის შემდეგ უკეთესობისკენ წავა. გულიან ადამიანად იცნობენ და სხვანაირი, მისი თამაშის შემხედვარე, აბა, როგორ უნდა ყოფილიყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.511263