ფეხბურთი

14:32 | 29.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

იტალია – გერმანიის დაუძლეველი ბარიერი...

დღეს, მიუნხენში, “ალიანს არენაზე” დიდი მატჩია. მერე რა, რომ შეხვედრა ამხანაგურის სტატუსს ატარებს, გერმანიისა და იტალიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა, რა რანგისა და მნიშვნელობის არ უნდა ყოფილიყო მათი დაპირისპირება.

გერმანიის ნაკრებს იტალია უკვე 21 წელია არ დაუმარცხებია არც ოფიციალურ და არც ამხანაგურ მატჩებში. იოაჰიმ ლიოვის გუნდს შავი სერიის შეწყვეტის საშუალება დღეს მიეცემა. თუმცა, “ბუნდესნაკრები” ბოლო დროს ძალიან ცუდად თამაშობს. გერმანელებს ბოლო ორი სპარინგი წაგებული აქვთ, საფრანგეთთან და ინგლისთან, ხოლო უკანასკნელად მათ საქართველოსთან მოიგეს ნოემბერში.

მთლად წამატებულად ბოლო პერიოდში ვერც ანტონიო კონტეს შეგირდები თამაშობენ – ნორვეგიას ოქტომბერში აჯობეს და იმის მერე “სკუადრა აძურას” 3 თამაშია აღარ მოუგია.

რაც შეეხება უშუალოდ გერმანიისა და იტალიის ურთიერთდაპირისპირებებს. 1995 წლის 21 ივნისს, ციურიხში, შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის 100 წლის იუბილეზე ბერტი ფოგთსის გუნდმა არგიო საკის იტალიას თომას ჰელმერის გოლით და პაოლო მალდინის ავტოგოლით მოუგო (2:0) და მას შემდგომ უკვე 7 თამაშია ან იტალია იგებს, ან შეხვედრა ფრედ სრულდება.

ამ პერიოდში ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალი იყო, როცა მარჩელო ლიპის დროინდელმა იტალიამ გერმანელებს დორტმუნდში მოუგო ძალზე ლამაზ და დრამატულ მატჩში (2:0) – ფაბიო გროსომ და ალესანდრო დელ პიერომ იხეირეს. ალბათ, არანაკლებ მტკივნეული იყო ალემანთათვის მარცხი 2012 წელს უკვე ევროპირველობის ნახევარფინალში. ამჯერად (1:2) ვარშავაში. აღნიშნული მატჩის გმირი კი მარიო ბალოტელი გამოდგა, ვინაც მანუელ ნოიერს დუბლი შეუსრულა.

1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კი მანჩესტერში გუნდებმა ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს და არიგო საკის იტალია ჯგუფში ჩარჩა, ხოლო გერმანიამ ასპარეზობა პლეი-ოფში გააგრძელა და მერე იჩემპიონა კიდეც. სხვათა შორის, იმ თამაშში ჯანფრანკო ძოლამ პენალტი ვერ გაიტანა, თორემ იტალია მოიგებდა და ჯგუფშიც არ ჩარჩებოდა...

დანარჩენი ოთხი თამაში კი ამხანაგური ხასიათის გახლდათ. მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი 2006 წლის მარტში, ფლორენციაში გაიმართა, სადაც აპენინელებმა მეტოქისგან არაფერი დატოვეს და 4:1 გაანადგურეს. 2003 წლის აგვისტოში კი, შტუტგარტში კრისიტიან ვიერის გოლი ერთადერთი გამოდგა.

ორჯერ გუნდები დაზავდნენ: 2011 წლის 9 თებერვალს გერმანიაში (1:1) და 2013 წლის ნოემბერში უკვე იგივე შედეგი და ანგარიში მილანში დაფიქსირდა.

რა იქნება ამჯერად და გატეხავს თუ არა ნავსს მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ცოტა ხანში გავიგებთ. თამაშისთვის თვალყურის მიდევნება კი ალბათ ერთი სიამოვნება იქნება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131854