ფეხბურთი

16:30 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ეს თასი ჯაბასია!
კანკავა “მსოფლიო სპორტის” ვერსიით 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

...ასე გადაწყვიტა “მსოფლიო სპორტის” რედაქციამ და მისივე დაწესებული თასი, რომელიც ყოველწლიური გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს გადაეცემა, ამჯერად ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე, ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და საფრანგეთის “რეიმსის” ნახევარმცველ ჯაბა კანკავას მიაკუთვნა.

წლეულს ეს გამოკითხვა მეათედ უნდა გამართულიყო. 2006 წლიდან მოყოლებული, სახალხო გამოკითხვის შედეგად (თავიდან სმს-გზავნილებით ირკვეოდა გამარჯვებული, მოგვიანებით კი, ჩვენსავე ვებგვერდ worldsport.ge-ზე ხმის მიცემით) “მსოფლიო სპორტის თასის” მფლობელები გახდნენ: ლევან ცქიტიშვილი (2006 წელი), გიორგი მერებაშვილი (2007, 08, 10), ჯანო ანანიძე (2009), კახა კალაძე (2011), თორნიკე ოქრიაშვილი (2012, 14) და გურამ კაშია (2013).

მე-10 საიუბილეო გამოკითხვის ჩატარებას კი ასე ვამჯობინეთ და საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა საკუთარ თავზე ავიღეთ. საერთოდაც, “მსოფლიო სპორტის” რედაქცია, რომელიც უკვე 17 წელიწადია არსებობს, კიდევ დიდხანს აპირებს მკითხველის სამსახურში ყოფნას და შესაბამისად, ამ გამოკითხვის ჩატარებასაც. ჰოდა, ყოველ შემდგომ მე-10 წელიწადს “მსოფლიო სპორტი” გამარჯვებულს თავად გამოავლენს – ერთი ცნობილი ქართული გამოთქმის არ იყოს, ჩვენც ხალხნი ვართ და ათ წელიწადში ერთხელ რომ თავად გადავწყვიტოთ ვინაა საუკეთესო, არაფერი დაშავდება.

ისე, დავუშვათ და, ჩაგვეტარებინა გამოკითხვა, კანკავა რომ უპირველესი ფავორიტი იქნებოდა საუბრადაც არ ღირს, თუმცა, კონკურენტებიც სერიოზული ეყოლებოდა, მაგალითად, ჰოლანდიური “ვიტესის” ერთერთ ლიდერად ჩამოყალიბებული ვაკო ყაზაიშვილი. ვაკოს და კიდევ რამდენიმე ჩვენი ახალგაზრდა და მართლაც პერსპექტიული ფეხბურთელის გასაგონად გვინდა ვთქვათ, რომ წინ მრავალი წარმატება და შესაბამისად, როგორც ქართული ისე საერთაშორისო დონის პრიზები ელით. ამის იმედი ნამდვილად გვაქვს. ეს სამომავლოდ, ახლა კი, ახლა 2015 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი “მსოფლიო სპორტის” ვერსიით ჯაბა კანკავაა!

და ბოლოს, კითხვაზე, თუ რატომ გაცხადდა ყოველივე ეს ასე გვიან, პასუხი მარტივია - დღეს ჯაბას დაბადების დღეა! თანაც აქედან ათიოდ დღეში სანაკრებო მატჩზე ჩამოსვლა უწევდა და თასიც მარტში უნდა გადაგვეცა.

worldsport.ge-სა და “მსოფლიო სპორტის” რედაქცია

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, “მსოფლიო სპორტმა” წლის 22 საუკეთესოს დასახელების ტრადიცია არ დაარღვია და ქვემოთ სწორედ იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებმაც ჩვენი აზრით 2015 წლის განმავლობაში ყველაზე უკეთ წარმოაჩინეს თავი:

ნუკრი რევიშვილი (1987)

კლუბი: "ტოსნო", “მორდოვია" (ორივე - რუსეთი)

წლის პირველი ნახევარი ჩაუვარდა, რადგან "ტოსნოში" არ ათამაშებდნენ, მაგრამ ზაფხულში "მორდოვიაში" გადავიდა და არაერთი კარგი მატჩიც ჩაატარა, პრემიერლიგის სიმბოლურშიც ორჯერ მოხვდა. რაც შეეხება ნაკრებს, მშვენივრად ითამაშა სტუმრად გერმანიასთან, სადაც რთული ბურთები მოიგერია. შოტლანდიასთან თბილისშიც დამაჯერებელი იყო.

გიორგი ლორია (1986)

კლუბი: ოფი (საბერძნეთი), "კრილია" (რუსეთი)

მისთვის საუკეთესო წელი ნამდვილად არ ჰქონია, თუმცა რამდენიმე გამოსარჩევი მატჩი ჩაატარა ოფი-შიც და "კრილიაშიც". ნაკრებში კი კარგი იყო პოლონეთთან პირველ ტაიმში.

გიორგი მაკარიძე (1990)

კლუბი: "ფეირენსე" (პორტუგალია)

პორტუგალის რანგით მეორე ლიგაში მშვენივრად ირჯება, მისი "ფეირენსე" კი უმაღლეს ლიგაში გადასვლის რეალური კანდიდატია. მაკარიძეს არაერთი მშრალი მატჩი მოუგროვდა, ამ სეზონში პენალტები აიღო და... გაიტანა კიდეც. ფეხით თამაშიც მშვენივრად გამოსდის.

ალექსანდრე ამისულაშვილი (1982)

კლუბი: "ინტერი" (აზერბაიჯანი), "ქარშიაქა" (თურქეთი)

ახლა უკვე თბილისის "დინამოშია", მაგრამ აქ ხომ 2015 წელზეა საუბარი. ამისულაშვილი დამაჯერებელი იყო ბაქოს "ინტერში" და ნაკრებშიც ჯერაც სასარგებლოა, რაც კახა ცხადაძეს არაერთხელ აღუნიშნავს. ნაკრებში ერთი გოლიც გაიტანა - სტუმრად ალბანეთთან.

გურამ კაშია (1987)

კლუბი: "ვიტესი" (ჰოლანდია)

ჰოლანდიაში მასზე თამამად საუბრობენ, როგორც ერედივიზიონის ერთერთ საუკეთესო მცველზე. სტაბილური იყო და გოლებიც გაიტანა თავის კლუბში: წლეულს მარტო ჩემპიონატში 5 ბურთი მიითვალა. ნაკრებშიც სტაბილურად ძირითადშია.

გიორგი ნავალოვსკი (1986)

კლუბი: "ტოსნო" (რუსეთი), "დილა" (გორი)

შეიძლება ითქვას, ეროვნული ნაკრების მარცხენა ფლანგს, სადაც ბოლო წლებში სულ პრობლემა იყო, ეშხი შემატა. აქტიური და სასარგებლოა შეტევაში. უკეთ ჩაატარა წლის პირველი ნახევარი, "დილაში" თამაშისას კი ცოტა მოუკლო. აი, პოლონეთში ბოლო წუთებზე ძელისთვის რომ არ მოერტყა ბურთი და გაეტანა... იმ დროს 0:1-ს ვაგებდით, საბოლოოდ კი 0:4 წავაგეთ.

ოთარ კაკაბაძე (1995)

კლუბი: "დინამო" (თბილისი)

თბილისის "დინამოს" მარჯვენა მცველი ახალგაზრდულ ნაკრებში კაპიტანია და ერთერთი გამორჩეულიც. ეროვნულ ჩემპიონატშიც კარგად თამაშობს, ეგაა, შედარებით სუსტი შთაბეჭდილება დატოვა ეროვნულ ნაკრებში. და მაინც, პერსპექტივა აქვს, რომ კარგ მცველად ჩამოყალიბდეს.

სოლომონ კვირკველია (1992)

კლუბი: "რუბინი" (რუსეთი)

სტაბილურად და კარგად თამაშობს ყაზანის "რუბინში", მაღალ შეფასებებს იღებს და პრემიერლიგის რჩეულ მცველთა შორისაც ასახელებენ. ნაკრებშიც საიმედო იყო. ევროპის ლიგაზე, "ლივერპულთან" ასევე კარგი თამაში აჩვენა. ალბათ, ადრე თუ გვიან, "რუბინიდან" ტოპჩემპიონატში გადავა.

ჯანო ანანიძე (1992)

კლუბი: სპარტაკი" (მოსკოვი, რუსეთი)

ამ სიაში ვერც მოხვდებოდა, რომ არა შოტლანდიასთან და უკრაინასთან კარგად ჩატარებული მატჩები. ნაკრებში შედარებით უკან დასწია კახა ცხადაძემ, მეპასე საყრდენის როლი მოარგო. აი, საკლუბო ამბებზე კი რა ვთქვათ: "სპარტაკში" არ ათამაშებდნენ. მართალია, ბოლო სამი თვის განმავლობაში ტრავმა ჰქონდა, მაგრამ არც ჯანმრთელს ენდობოდნენ. ჯანო მხოლოდ რამდენიმე დღის წინათ გამოჩნდა “სპარტაკის” რიგებში. “ამკარის” წინააღმდეგ მატჩში ერთ საგოლე შეტევაში მონაწილეობა მიიღო და “სპორტ-ექსპრესისგან” ნორმალური შეფასება, ხოლო მთავარი მწვრთნელისგან შექებაც კი დაიმსახურა.

ვაკო ყაზაიშვილი (1993)

კლუბი: "ვიტესი" (ჰოლანდია)

ყოველწლიურად პროგრესირებს და "ვიტესის" შეტევების ლიდერად იქცა. მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაო საკუთარ თავზე და როგორ უნდა მოიცადო შანსამდე. ყაზაიშვილმა 2015 წელს ნაკრებში სამი გოლი გაიტანა (მალტასთან, შოტლანდიასთან, გიბრალტართან), ყველაზე ფასეული კი, რა თქმა უნდა, სქოთებთან გატანილი იყო, რამაც 1:0 მოგვაგებინა. "ვიტესში" კი, ალბათ, დიდხანს არ გააჩერებენ: უკეთეს გუნდს იმსახურებს.

სანდრო კობახიძე (1987)

კლუბი: "ვოლინი" (უკრაინა)

კახა ცხადაძემ ნაკრებში ხუთ სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშა. უნივერსალის თვისებები აქვს, თუმცა წინა წლებში უფრო ჩანდა ნაკრებში - ადრე უფრო მეტად ამწვავებდა თამაშს. "ვოლინში" სტაბილურად თამაშობდა და გუნდის ლიდერადაც მიიჩნეოდა, ამ ზამთარს კი დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" დაუბრუნდა.

ლევან ყენია (1990)

კლუბი: "სლავია" (ჩეხეთი)

ყენია ნაკრებში დაბრუნდა. ვერ ვიტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებული შექმნა, მაგრამ კარგი იყო მალტასთან, ასევე უკრაინასთან მეორე ტაიმშიც. ნაკრებში ორი საგოლე პასიც გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ დიდი სათამაშო დრო არ ჰქონია.

"სლავიაში" დაფასებული ფეხბურთელია. ბევრი უცდება ტრავმების გამო, მაგრამ როცა თამაშობს, თავის ხელს ატყობს მატჩს.

თორნიკე ოქრიაშვილი (1992)

კლუბი: "გენკი" (ბელგია)

ოქრიაშვილი ნაკრებში პროდუქტიულია, ეშხი შეაქვს თამაშში. გერმანიასთან ორი იდეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ ორჯერვე მანუელ ნოიერმა მოიგერია მისი ახლოდან დარტყმული. სულ სხვაა თორნიკე კლუბში: შარშან "გენკში" ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა და ვნახოთ, 2016 წელი როგორი იქნება მისთვის: თურქეთის "ესქიშეჰირსფორშია".

გიორგი პაპუნაშვილი (1995)

კლუბი: "დინამო" (თბილისი), "ვერდერი" (გერმანია)

პაპუნაშვილი ერთერთი საუკეთესო იყო საქართველოს ჩემპიონატის გასულ სეზონში, ბრწყინვალედ ჩაატარა თასის ფინალი "სამტრედიასთან" და ზაფხულში "ვერდერში" გადავიდა, სადაც დუბლებში უწევდა თამაში. თავიდან უჭირდა გერმანიაში, მაგრამ კარგად ათამაშდა, გოლები გაიტანა და იანვრიდან ძირითად გუნდშიც დააწინაურეს.

ნიკა კვეკვესკირი (1992)

კლუბი: "დილა" (გორი), "ინტერი" (აზერბაიჯანი)

საქართველოს ჩემპიონი გახდა "დილაში", შემდეგ წავიდა ბაქოს "ინტერში" და იქაც კარგად ითამაშა: პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ნაკრებში ანანიძე შეცვალა და მშვენივრადაც ითამაშა გიბრალტართან და გერმანიასთან. აი, ნოიერს რომ მისთვის “ცხრიანიდან” არ მოეხსნა ბურთი, დაუვიწყარ გოლსაც გაიტანდა.

გიორგი არაბიძე (1998)

კლუბი: "ლოკომოტივი" (თბილისი), "შახტარი" (დონეცკი)

წლის მატჩი უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა ("მალმიო"-"შახტარი" 5:5). დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია და ყველანი იმედით ვუყურებთ. "შახტარის" მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს არაბიძე მოსწონს და 17 წლის ქართველი მალევე ძირითად გუნდში აიყვანა. კაცის მოტყუება, შორიდან დარტყმა, დიაგონალური პასები - ბრწინვალე ცაცია აქვს.

მათე ვაწაძე (1988)

კლუბი: "ორჰუსი" (დანია)

კლუბში გასულ სეზონში 14 გოლი გაიტანა (მხოლოდ ჩემპიონატში), ასევე, 3 გოლი ეროვნულ ნაკრებშიც მიითვალა: ერთი უკრაინასთან და ორიც - გიბრალტართან. საჯარიმოში მეტ ხიფათს ქმნის, მის გარეთ კი პროდუქტიულობით ვერ გამოირჩევა.

ალექსანდრე იაშვილი (1977)

კლუბი: "სამტრედია", "დინამო" (თბილისი)

დაბრუნდა და ისევ საუკეთესოთაგანია საქართველოს ჩემპიონატში. 38 წლის იაშვილმა წლის პირველი ნახევარი "სამტრედიაში" გაატარა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა, მერე კი თბილისის "დინამოში" გადავიდა და სუპერთასი მოიგო. ამ სეზონს მშვენივრად ატარებს, გოლებიც გააქვს და საგოლე პასებსაც აკეთებს. პროფესიონალიზმი, პიროვნული თვისებები - მისგან ბევრს სწავლობენ ახალგაზრდა დინამოელები.

ლევან მჭედლიძე (1990)

კლუბი: "ემპოლი" (იტალია)

გასული წლის ბოლო მატჩი სექტემბერში ჩაატარა, მაგრამ დასამახსოვრებელი თამაშები მაინც მოუგროვდა. თუნდაც შოტლანდიასთან თბილისში (1:0). გარდა იმისა, რომ საგოლე პასი გააკეთა, მთელი მატჩის განმავლობაში წნეხში ჰყავდა მცველები. სერია ა-ში კი გამორჩეული შეხვედრა მაისში ჰქონდა, როცა "ინტერს" დუბლი შეუსრულა.

ნიკა კაჭარავა (1994)

კლუბი: "ცხინვალი"

საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია 13 გოლით. წინა სეზონშიც საკმაოდ გაიტანა. ასევე, ერთი გოლი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიითვალა და 21-წლამდელთა ნაკრებშიც მასზე მეტი არავის გაუტანია. ნიჭიერი ცენტრფორვარდია, რომელიც რუსულ "როსტოვში" გააგრძელებს კარიერას.

ირაკლი მოდებაძე (1984)

კლუბი: "დილა"

წინა სეზონის საუკეთესო მეგოლე საქართველოს ჩემპიონატში. ამ სეზონშიც 8 ბურთი გაიტანა. საქართველოს ჩემპიონიც გახდა. "დილასთვის" მართლაც დიდი ძალაა.

ჯაბა კანკავა (1986)

კლუბი: "დნიპრო" (უკრაინა), "რეიმსი" (საფრანგეთი)

ეროვნული ნაკრების ხერხემალი, კაპიტანი და ლიდერი. გასულ წელს გამორჩეული სეზონი ჰქონდა "დნიპროში", მისი გუნდი ხომ ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, კანკავაც ერთერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ. ზაფხულში კი "რეიმსში" გადავიდა.

ხშირად უხეშობს და იღებს გაფრთხილებებს, თუმცა მაინც დიდ როლს ასრულებს ნახევარდაცვაში. მარტო გერმანიასთან მისი გოლი რად ღირს...

ცოტა უფრო ვრცლად კანკავაზე

ის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ლიდერია, ჩუმი, თავის საქმეზე თავგადაკლული და ნამდვილი პროფესიონალი. ჯაბა ჯერ კიდევ 18 წლის იყო, როცა თბილისის “დინამოში” დიდ როლს ასრულებდა და გია გეგუჩაძის გუნდი რომ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, ეს ჭაბუკი საყრდენის დამსახურებაც გახლდათ.

ჯაბამ 2014 წელს კიევის “დინამოს” ფეხბურთელი ოლეგ გუსევი სიკვდილს გადაარჩინა. გუსევი “დნიპროს” მეკარე ბოიკოს შეეჯახა, გონება დაკარგა და დნიპროელთა ქართველმა საყრდენმა უცებ მოიფიქრა, მეტოქე გუსევთან მიირბინა და პირველადი დახმარება გაუწია.

ეს იყო 2014-ში, გასულ წელს კი კანკავას კარიერაში კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდა. დავიწყოთ იმით, რომ “დნიპრო” ყველასთვის მოულოდნელად ევროპის ლიგის ფინალში გავიდა. გზად არაერთი კარგი გუნდი ჩამოიშორა, მათ შორის, იტალიური “ნაპოლიც”. “დნიპროს” ერთერთი საკვანძო ფეხბურთელი ფინალში “სევილიასთან” წაგების შემდეგ, დაჯილდოვებაზე საქართველოს დროშით შემოხვეული ავიდა...

ზაფხულში ფრანგულ “რეიმსში” გადავიდა და ბევრის აზრით, უკეთესი კლუბიც ეკუთვნოდა, თუმცა უკეთეს ჩემპიონატში კი თამაშობს და არც ისეთ ასაკშია, კარიერულ წინსვლაზე არ იფიქროს. თან, ეს ჯაბას ხასიათში არანაირად ჯდება.

კანკავა და ნაკრები: 60 მატჩი ჩაუტარებია და 7 გოლი გაუტანია, აქედან ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელიც, რა თქმა უნდა, შარშან გერმანიასთან იყო. მანუელ ნოიერს ისეთი დაურტყა, მეკარე არც გადამხტარა. გერმანიასთან გატანილმა ამ გოლმა ჩვენებს ფრთები შეასხა და კარგი მეორე ტაიმიც ჩაატარეს, თუმცა ბოლოს კლასმა თავისი გაიტანა და წავაგეთ - 1:2. შარშანვე, მალტას გაუტანა ამხანაგურში.

ჯაბას ხასიათის ერთი შტრიხი: 2007 წელს საქართველომ ყატარში 2:1 მოიგო. მატჩის შემდეგ ჩვენი გამოცდილი ფეხბურთელები კმაყოფილი იყვნენ, ჯაბამ კი მორიდებით თქვა – კარგით რა, თავიდან 15 წუთი ვითამაშეთ, მერე მოვუკელით, მოკლედ, ვერ ვითამაშეთო... 21 წლის ბიჭი გაცილებით თვითკრიტიკული იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ შეხვედრაში გოლი გაიტანა.

ჯაბა კანკავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც დაასახელა 2015 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად (GFF Awards) და “მსოფლიო სპორტის” ვერსიითაც რჩეული გახდა. მას პრიზს გადავცემთ მარტში, როცა თბილისში ჩამოვა – ეროვნულ ნაკრებს ხომ 29 მარტს ყაზახეთთან ელის ამხანაგური მატჩი...

გურამ ჩომახიძე (ჯაბას ბავშვობის მწვრთნელი): “უბრალო, ჩუმი, ბავშვობიდან არაბავშვურად შრომისმოყვარე”

“ვინ იწყებდა ზედახორებს? რა თქმა უნდა, ჯაბა”

ჯაბა კანკავას პირველი მწვრთნელი გურამ ჩომახიძეა. მასთან 8 წელი დადიოდა ფეხბურთზე და 14 წლის ასაკში გადავიდა თბილისის “დინამოში”, სადაც აწგარდაცვლილ ვახტანგ კოპალეიშვილთან ვარჯიშობდა. მერე კი იყო გია გეგუჩაძე, რომელიც ჯაბას ენდო და 18 წლის ბიჭი უეფას თასის მატჩებში ათამაშა. რამდენად გაუმართლა, გემახსოვრებათ – უკვე დავწერეთ, რომ 2004 წელს კანკავა დინამოელთა ერთერთი საკვანძო ფიგურა იყო.

“8 წელი დავდიოდი გურამ ჩომახიძესთან. ის ჩემი პირველი მწვრთნელია, ძალიან კარგი სპეციალისტი და დიდებული ადამიანია. ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები” – გვითხრა ჯაბამ.

გურამ ჩომახიძე ამჟამად 73 წლისაა. მას სახლში ვესტუმრეთ. ძალიან გაუხარდა, თვალებზე ცრემლიც კი მოადგა, ფოტოალბომი მოიტანა და ჯაბას ბავშვობის ფოტოები გვაჩვენა. სხვათა შორის, სხვებთან შედარებით მომცრო ტანისა იყო, თუმცა ბატონმა გურამმა გვითხრა, ჯაბა ერთი წლით უფროსებში (ანუ, 1985 წელს დაბადებულებში) დადიოდაო.

აქვე, ინტერვიუ გურამ ჩომახიძესთან:

- 6 წლისა იყო, ჯაბა ჩემთან რომ მოიყვანეს. დიდუბეში “მაუდის” სტადიონი რომ არის, იქ ვვარჯიშობდით. გუნდს მაშინ “ვაკე 91” ერქვა, მერე “მაუდი” დაერქვა, მერე “ელექტრონი”. “ყაზბეგის” სახელითაც გამოვდიოდით.

ჯაბა ძალიან მოუსვენარი ბავშვი იყო, მაგრამ არა ისეთი, უზრდელობაში რომ გადადიან. პირიქით, თავს შეგაყვარებდა თავისი ცელქობით. მის გარეშე არაფერი ხდებოდა. ზედახორებს აწყობდა და ბავშვების ხმაურზე ოთახში რომ შევიდოდი, ვიკითხავდი – ვინ დაიწყო? რა თქმა უნდა, ჯაბა. თვითონაც შემომხედავდა ეშმაკური და ღიმილიანი სახით და ვეღარ ვუბრაზდებოდი. ისედაც არ გავუბრაზდებოდი, რადგან ზედახორაც თავისებური ვარჯიში იყო.

- გამიგია, კანკავა თავიდან თავდამსხმელი იყოო...

- დიახ, ბომბარდირი ხდებოდა. მერე სხვა ბიჭები რომ მოვიყვანეთ, ჯაბა უკან დავწიე, ნახევარდაცვაში. სხვებზე ერთი წლით პატარა იყო, მოვიდნენ გოგა ფიფია, სანდრო იაშვილი და სხვები, ამიტომაც ჯაბა უკან დავწიე. მოედანს კარგად ხედავდა და როგორც ახლაა, მაშინაც მშრომელი იყო, ფუტკარივით იყო ცენტრში. თუმცა შეტევას არ ვუშლიდი, პირიქით, უფრო შეტევაზე ორიენტირებულად დავაყენე.

- არ ეწყინა, თავდამსხმელობიდან ნახევარმცველად რომ გადაწიეთ? რაც უნდა იყოს, ბავშვებს წინ თამაში უყვართ.

- თავიდან მართლაც არ ესიამოვნა, მაგრამ ავუხსენი, რატომ გადავწყვიტე ასე. ცოტა ხანში თვითონაც მიხვდა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

- კანკავა, ფიფია, იაშვილი – კიდევ ვინ იყვნენ თქვენს გუნდში ისეთები, რომლებსაც გულშემატკივარი იცნობს?

- ზაალ ელიავა, გოჩა ხოჯავა, ლაშა ჯაფარიძე, რეზო გეწაძე... იმ გუნდიდან ბევრმა ითამაშა ფეხბურთი. 1985 წელს დაბადებულთა ნაკრები, როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე რვა საუკეთესო გუნდს შორის გავიდა. ეს კობა ჟორჟიკაშვილის მწვრთნელობისას.

გუნდში იყო ჯაბას ძმა, ლევან კანკავაც. ის ჯაბაზე ერთი წლით დიდი იყო და თავიდან სწორედ ლევანი იყო გუნდის კაპიტანი. მერე კი ხოჯავა გახდა.

- როდის შეეშვა ფეხბურთს ჯაბას ძმა?

- როცა ჯაბა “დინამოში” გადავიდა. ლევანიც ნიჭიერი იყო, მაგრამ სისწრაფე აკლდა.

- გუნდში ყველაზე ნიჭიერი ვინ იყო?

- ხოჯავა. დიდი ნიჭი დაამადლა ღმერთმა, დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. სამწუხაროდ, ხასიათმა შეუშალა ხელი. მის ოჯახს ძალიან უჭირდა და გვერდში ვედექი. გოჩა 16-17 წლის ასაკშიც ძალიან მაგარი იყო, მერე ნელნელა მოუკლო.

- ჯაბას ჰქონდა ოჯახიდან ხელშეწყობა?

- რთული პერიოდი იდგა, 90-იანი წლები და მითუმეტეს, 90-95 წლებში ხომ იცით, რამდენს უჭირდა. თუმცა ჯაბას ჰქონდა ხელშეწყობა. ერთხელ დედამისი, ქალბატონი ნანა შემხვდა და მითხრა – ეს ბავშვი მარტო ფეხბურთზეა გადართული და წიგნი საერთოდ აღარ აინტერესებს, არ ვიცი, რა მოვუხერხოო. ამასწინათაც შემხვდა ნანა - გახსოვს, რომ გისაყვედურეო?.. არა, ფეხბურთის წინააღმდეგი არც მაშინ იყო დედა, მაგრამ ამბობდა, სწავლასაც უნდა მიხედოსო. აი, ჯაბას მამა, გია ძალიან იყო მოწადინებული, რომ შვილი ფეხბურთელი გამხდარიყო.

- სპორტის სხვა სახეობებზე არ უვლია ჯაბას?

- აკრობატიკაზე დამყავდა მთელი გუნდი, მერე მძლეოსანი მოვიყვანე. ამან ძალიან კარგი შედეგი მისცა გუნდს. სხვა გუნდის ბავშვები რასაც ვერ აკეთებდნენ მოქნილობის მხრივ, ესენი ახერხებდნენ.

- კანკავა მაშინაც ასეთი შრომისმოყვარე იყო?

- ძალიან. ბავშვები ხომ არიან ზარმაცები, მაგრამ ჯაბა – არა. უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა. ეს თვისება გაჰყვა და გაჰყვა. რასაც ვავალებდი, ზედმიწევნით ასრულებდა, მაგრამ თავის იმპროვიზაციასაც ზემოდან ამატებდა. მისგან თამაშის მიგდება და ზერელეობა წარმოუდგენელი იყო. სულ კარგად თამაშობდა, სტაბილურად. დიამეტრიულად შეიცვალა სხვა მხრივ: ბავშვობაში მხიარული და ენაკვიმატი იყო, ახლა კი, თავადაც იცით, ბევრი ლაპარაკი, ინტერვიუები და თავის გამოჩენა არ უყვარს.

- კონფლიქტური ხომ არ იყო?

- არა, მაგრამ თავს არავის დააჩაგვრინებდა. თავად ჯაბასგან კი ვინმეს დაჩაგვრა წარმოუდგენელი იყო და არის. ძალიან უბრალოა. ამ უბრალოებამაც გახადა ასეთი ფეხბურთელი.

- თქვენს სამწვრთნელო კარიერაზე მოგვიყევით. ვიცით, რომ არაერთი გუნდი გყავდათ. და კიდევ, გიორგი დევდარიანი გემადლიერებათ, გურამ ჩომახიძის დამსახურებაა, მწვრთნელობა რომ დავიწყეო...

- 1982 წელს დავიწყე მწვრთნელობა. ნაძალადევში გავიზარდე, მე და მიშა მესხი მეგობრები ვიყავით ბავშვობიდან. ფეხბურთმაც დაგვაკავშირა და ისედაც, მეზობლები ვიყავით. ძალიან ძლიერი გუნდი მყავდა “შატილი”, სადაც 1971-1972 წელს დაბადებულები თამაშობდნენ. 1987 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით ჭაბუკებში. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ვითარებამ და ომმა დაქსაქსა ეს გუნდი, გაიფანტნენ ბიჭები.

რაც შეეხება დევდარიანს, მამამისი შალვა ჩემი მეგობარი იყო და გიორგიც თამაშობდა ჩემს გუნდში. შეეძლო, კარგი ფეხბურთელი დამდგარიყო, თუმცა ჩამოშორდა ამ საქმეს. გიორგი მოგვიანებით თავის უმცროს ძმას დაჰყვებოდა და უყურებდა მის თამაშს. ვუთხარი, ჩემთან გაჩერდი, ვარჯიშებს უყურე, ნელნელა ისწავლი მწვრთნელობას-მეთქი. დამიჯერა და ისწავლა კიდეც. შეიძლება ითქვას, გადარჩა. ამჟამადაც ვწვრთნი ბავშვებსა და ჭაბუკებს, ოღონდ ინდივიდუალურად – საბურთალოსა და ვაკეში.

- ბოლოს ისევ ჯაბა კანკავაზე. რამდენად კარგი ურთიერთობა გაქვთ? როცა ჩამოდის, გნახულობთ?

- რა უფლება აქვს, რომ არ მნახოს?! ეს ნახევრად ხუმრობით. ძალიან კარგი ადამიანია, ყველანაირად მეხმარება და ღმერთი გაახარებს.

და ბოლოს, როგორც წინა წლებში, ტრადიციულად, წლის საუკეთესო ფეხბურთელის პირველ მწვრთნელს “მსოფლიო სპორტი” ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს გადასცემს.

0.121218