ფეხბურთი

4:00 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" VS "იუვენტუსი" - ნაადრევი ფინალი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ წყვილებში ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება, “ბაიერნი” – “იუვენტუსი” დღეს გაიმართება. ამ გუნდთა პირველმა რაუნდმა საპასუხო თამაშს ინტრიგა დაუტოვა.

მართალია, სამი კვირის წინ, ტურინში დაფისქსირებულმა შედეგმა “რეკორდმაისტერის” შანსი მკვეთრად გაზარდა, მაგრამ “იუვე” ხელწამოსაკრავი მეტოქე არავისთვისაა. შესაბამისად ამ მატჩისადმი ინტერესი დიდია.

ორივე გუნდი ჩინებულ ფორმაშია: ბოლო 15 შეხვედრიდან “ბაიერნმა” ერთი წააგო, ხოლო “იუვენტუსს” იგივე შედეგი 19 მატჩში აქვს. საერთოდ, ბოლო პერიოდში იტალიელთათვის მიუნხენური გიგანტი ყველაზე უხერხული მეტოქეა და დღეს ნავსის გატეხვას უნდა ეცადოს. თუმცა მასიმილიანო ალეგრის სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს.

პირველ მატჩში ჯორჯო კიელინი არ იყო და მან გამოჯანმრთელება ვერც დღეისთვის მოასწრო, ხოლო პაულო დიბალა და კლაუდიო მარკიზიო გუნდს ბოლო მომენტში გამოაკლდნენ. გუშინდლამდე საეჭვო იყო მარიო მანჯუკიჩის თამაში, თუმცა როგორც ალეგრიმ პრესკონფერენციაზე თქვა, ხორვატი უკეთაა და დიდი ალბათობით დღეს სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

პრობლემები გერმანელთა ბანაკშიცაა. დაცვის ხაზი ისევ შესუსტებულია, როგორც ეს პირველ მატჩში იყო. ხავი მარტინესი, ჰოლგერ ბადშტუბერი და ჟერომ ბოატენგი დღეს მოედანზე ვერ გავლენ.

რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში მეოთხედფინალის პირველი შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ: “ბაიერნის” მხრიდან ასეთი საშიშროების წინაშე ბოატენგია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, იგი ვერ ითამაშებს, ხოლო ტურინელთაგან ფრთხილად პირველ მატჩში გოლის გამტანი სტეფანო სტურარო უნდა იყოს.

პეპ გვარდიოლა (“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი): “უნდა დავიცვათ ის შედეგი, რასაც ტურინში მივაღწიეთ. კარგი იქნებოდა 5:0 გვქონდეს მოგებული, მაგრამ მეორე თამაშს ვიწყებთ იმით, რაც გვაქვს. “იუვენტუსი”, “იუვენტუსია” და ყველა რგოლში ძლიერია. ვიცნობ იტალიურ მენტალიტეტს და მათ ბევრი ტიტული მოუგიათ. ელოდებიან თავიანთ მომენტს, იციან როგორ დაიცვან თავი და როგორ გაიტანონ გოლი. პირველი მატჩის შემდეგ “იუვეს” მიმართ პატივისცემა გამეზარდა.

ვიცი, რომ “იუვენტუსსს” თავის დაცვა 10 კაცით შეუძლია, კონცენტრაციითა და ყურადღებით. ამ გუნდს ბურთის ფლობაც კარგად ეხერხება, რადგან ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც პოლ პოგბაა. მას გოლის გატანა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. ჩვენ კი მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ, რადგან ეს თამაში ახლა ფინალის ტოლფასია”.

მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი): “ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ფურცელზე ყველაზე ძლიერია. იგი “რეალთან” და “ბარსელონასთან” ერთად ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია. ჩემი ბიჭებით პირველ თამაშში კმაყოფილი დავრჩი და ახლა ფინალის ტოლფასი მატჩი გველოდება. რისკის ქვეშ ვართ, მაგრამ ასეთ მდგომარეობაშია მეტოქეც. შესანიშნავად თამაში გვჭირდება განსაკუთრებით, დაცვაში, რადგან მეტოქე შეტევაში ძალიან ძლიერია.

ვწუხვარ, რომ დიბალა არ გვეყოლება, მაგრამ დღეს მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მოედანზე, მთავარია როგორ იქნებიან მოედანზე. მანჯუკიჩი კარგადაა, თუმცა ყველაფერი მაინც ბოლო მომენტში გადაწყდება. მოვისმინე საუბრები ტრავმების შესახებ, მაგრამ არ ვეთანხმები. ცუდია, ვინც ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა ისინი, რომლებიც მოედანზე გავლენ კარგ თამაშს ჩაატარებენ.

მორატამ ფიზიკურ კონდიციებში მოუმატა. ახლა იგი თავს კარგად გრძნობს. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კი, დიდებულად თამაშია საჭირო და ასევე მცირე იღბალიც. ბიჭებს ვუთხარი, რომ მაქსიმალურად მშვიდად ითამაშონ. ეს მერვედფინალური შეხვედრაა, რომლიდანაც ერთი გავარდება. იმედია, ისინი”.

ფეხბურთელები და მწვრთნელები

პეპ გვარდიოლა პირველად იტალიელებს ჯერ კიდევ 1992 წელს, ფეხბურთელის რანგში დაუპირისპირდა. მაშინ პეპის “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ფინალი გენუის “სამპდორიას” დამატებით დროში მოუგო (1:0). ორი წლის შემდეგ კი, ლიგის იმავე ეტაპზე “მილანთან” დამარცხდა – 0:4.

გვარდიოლა 2001-2003 წლებში სერია A-ში თამაშობდა - “ბრეშასა” და “რომას” რიგებში. მაშინ პეპს “იუვესთან” თამაში ორჯერ მოუწია და ორჯერვე დამარცხდა. 2002 წელს 0:5, 2003 წელს კი 1:2.

გვარდიოლა “ბარსელონაში” ყოფნისას “იუვენტუსის” ამჟამინდელ წევრ მარტინ კასერესს ავარჯიშებდა და 2009 წელს ერთად ლიგაც მოუგიათ.

არტურო ვიდალი და კინგსლი კომანი “ბაიერნში” “იუვენტუსიდან” აღმოჩნდნენ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს. ვიდალმა ტურინში ოთხ წელიწადში 157 თამაში ჩაატარა, კომანმა ერთ სეზონში 17-ჯერ ითამაშა.

მარიო მანჯუკიჩი “ბაიერნში” 2012-2014 წლებში თამაშობდა (74 მატჩი, 39 გოლი). გოლი 2013 წლის ლიგის ფინალშიც გაიტანა და ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო. აღსანიშნავია, რომ მანჯუკიჩს “ბაიერნის” წინააღმდეგ 4 შეხვედრაში აქვს ნათამაშები და გოლი არ გაუტანია.

სამი ხედირას “ბაიერნთან” დადებითი ბალანსი გააჩნია: 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება (2 გოლი). 2007 წელს კი, მისმა “შტუტგარტმა” ბუნდესლიგის “ვერცხლის სინი” სწორედ “ბაიერნს” წაართვა. “რეალში” ყოფნისას კი ნახევარფინალი “ბაიერნთან” დათმო 2012 წელს.

ანდრეა ბარძალი გერმანულ “ვოლფსბურგში” თამაშობდა 2008-2010 წლებში და 2009 წელს ბუნდესლიგაც მოუგია. ბარძალის “ბაიერნთან” 7 მატჩიდან ერთადერთხელ მოუგია: 2009 წელს, 5:1.

“იუვენტუსელ” ალექს სანდროს “რეკორდმაისტერთან” თამაში შარშანაც მოუწია მეოთხედფინალში (3:1, 1:6).

ტიაგო ალკანტარა იტალიაშია დაბადებული. მამამისი მაზინიო თავის დროზე “ლეჩეში” თამაშობდა. მას იტალიის 21-წლამდე ნაკრების კარში ევროპის 2013 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული.

ჯანლუიჯი ბუფონს ფილიპ ლამის წინააღმდეგ 2006 წლის მსოფლიოსა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატებზე მოუგია. 2006 წლის ფინალში კი ფრანკ რიბერის საფრანგეთსაც აჯობა.

მეჰდი ბენატია და რაფინია ადრე იტალიაში თამაშობდნენ. პირველი “უდინეზესა” და “რომას”, ხოლო მეორე “ჯენოას” რიგებში.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში იტალიამ გერმანიის ნაკრებს 2:1 მოუგო. მაშინდელ გუნდში იტალიელთა ღირსებას ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი და ლეონარდო ბონუჩი იცავდნენ. გერმანიისას კი, სამი ხედირა, ტომას მიულერი, ჰოლგერ ბადშტუბერი, ჟერომ ბოატენგი, ფილიპ ლამი და მანუელ ნოიერი.

ფეხბურთელები, რომელთაც ერთად უთამაშიათ:

ალვარო მორატა, ტიაგო ალკანტარა, ხუან ბერნატი, ხავი მარტინესი (ესპანეთის ნაკრები).

პატრის ევრა, პოლ პოგბა, კინგსლი კომანი და ფრანკ რიბერი (საფრანგეთის ნაკრები).

ალვარო მორატა და ჩაბი ალონსო (“რეალი”).

ალექს სანდრო, ერნანესი და დუგლას კოშტა (ბრაზილიის ნაკრები).

სამი ხედირა და სვენ ულრეიხი (“შტუტგარტი”).

სამი ხედირა, მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი, ჰოლგერ ბადშტუბერი, ფილიპ ლამი, მარიო გიოტცე და ტომას მიულერი (გერმანიის ნაკრები).

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, კიმიხი, ალაბა, ბერნატი; ალონსო, ვიდალი; რობენი, მიულერი, დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“იუვენტუსი” (4-4-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა; კუადრადო, ხედირა, ერნანესი, პოგბა; მორატა, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.220796