ფეხბურთი

2:14 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" VS "არსენალი" - "მეთოფეთა" გამოუვალი მდგომარეობა

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბოლო ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება და შესაბამისად, ყველა მეოთხედფინალისტი გვეცოდინება. თამაშები კი ისეთია, გულშემატკივრებს საქმე ასარჩევად რომ ექნებათ. კატალონიაში, “ბარსელონა” ლონდონის “არსენალს” დაუხვდება და პირველ მატჩში ორბურთიანი უპირატესობის გამყარებას ეცდება.

სამი კვირის წინ "ბარსამ" “არსენალს” მშრალი და თანაც დამაჯერებელი ანგარიშით მოუგო და აღნიშნულ წყვილში ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა. მართალია, ესპანელთა თავკაცი ლუის ენრიკე მეტოქეს უფრთხის და ქება-დიდებასაც არ აკლებს, მაგრამ რთული სათქმელია, “არსენალმა” “კამპ ნოუზე” სასწაული მოახდინოს. ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც გააჩნია: “ბარსა” ბრწყინვალე ფორმაშია, “არსენალი” არცთუ სახარბიელო, ხოლო პირველი თამაში კატალონელებს ორბურთიანი სხვაობით აქვთ მოგებული.

დღევანდელ მატჩში ლუის ენრიკეს ჟერარ პიკე, რაფინია და სანდრო არ ეყოლება, ხოლო არსენ ვენგერს გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვს: რემსი, ჩეხი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, უილშირი, ჩემბერსი, როსიჩკი და კასორლა – ეს, იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც ლონდონელთა ლაზარეთში არიან. როგორც ხედავთ, “არსენალი” კატალონიაში განახევრებული შემადგენლობითაა ჩასული, რაც მათ სიტუაციას გაცილებით ამძიმებს.

დღეს გაფრთხილების მიღების შემთხვევაში მომდევნო თამაში გაუცდებათ მონრეალს, იოზილს, კემპბელსა და ჟირუს. “ბარსელონას” მხრიდან კი ასეთი საფრთხის წინაშე არავინ დგას.

ლუის ენრიკე (“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი): “პირველი თამაშის შედეგი ჩვენს მისწრაფებას გამარჯვებისკენ არ ცვლის. ამ წყვილში გარკვეული ჯერ კიდევ არაფერია, “არსენალი” ძალიან სახიფათო გუნდია და კარგად თამაში მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მნიშვნელოვანი იქნება. ლონდონში მიღწეული შედეგიც რა თქმა უნდა დადებითია, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება.

მესუტ იოზილი და ალექსის სანჩესი უმაღლესი კლასის ფეხბურთელები არიან, თუმცა თუ ჩვენ ბურთს დავიჭერთ, “არსენალი” რთულ დღეში ჩავარდება. რაც შეეხება ალექსისს, ის “არსენალისთვისა” და თავისი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. სწრაფია, ტექნიკური და დიდი ხანია გაზრდილია. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ”.

არსენ ვენგერი (“არსენალის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება სიმტკიცე დაცვაში. ვიცით, რომ “ბარსელონა” გვაიძულებს დაცვაში გამოცდები მოგვიწყოს. ლორან კოშელნი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რადგან ის არის ძალიან სწრაფი და “ბარსა” კონტრშეტევაზე ძლიერია.

ჩვენ ევროპაში თითქმის ყველგან მოგვიგია, მაგრამ აქამდე ბარსელონაში წარმატებას ვერ მივაღწიეთ. მართალია, ისინი ამჯერადაც უპირატესობას ფლობენ, მაგრამ შანსი ჩვენც გვაქვს”.

პრეცედენტი

ბოლოს “არსენალი” და “ბარსელონა” ერთმანეთს 2010-2011 წლების სეზონში შეხვდნენ. მაშინ ლონდონელებმა შინ 2:1 მოიგეს რობინ ვან პერსისა და ანდრეი არშავნის გოლებით. “ბარსა” კი დავიდ ვილიამ დააწინაურა. საპასუხო თამაშში კი ესპანელებმა 3:1 იმარჯვეს. დუბლით ლეო მესი გამოირჩა. თავიდან კი “არსენალი” იგებდა სერხიო ბუსკეტსის ავტოგოლით.

მაშინ გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს (16 თებერვალი, 2011 წელი):

“არსენალი”: შჩესნი; ებუე, კოშელნი, ჯურუ, კლიში, სონგი (არშავინი 68), უილშირი, ფაბრეგასი, ნასრი, უოლკოტი (ბენტნერი 77), ვან პერსიე

“ბარსელონა”: ვალდესი, დანი ალვეში, პიკე, აბიდალი, მაქსველი, ჩავი, ბუსკეტსი, ინიეტსა (ადრიანო 89), პედრო, მესი, ვილა (კეიტა 68)

ერთი წლით ადრე კი “ბარსამ” მეტოქე 4:1 გაანადგურა. “მეთოფეთა” კარში ოთხივე გოლი მესიმ გაიტანა, ხოლო მანამდე ლონდონში გუნდები დაზავდნენ – 2:2. მასპინძელთაგან თეო უოლკოტმა და ჩესკ ფაბრეგასმა გაიტანეს.

2006 წელს “ბარსელონამ” “არსენალს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2:1 მოუგო. ინგლისელები იენს ლემანის გაძევების შემდეგ დასაწყისიდანვე კაცნაკლულნი დარჩნენ. სოლ კემპბელმა თავიდან არსენ ვენგერის გუნდი დააწინაურა, ხოლო სამუელ ეტოომ და ჟულიანო ბელეტიმ თასი “ბარსას” მოაგებინეს.

“ბარსელონას” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე “არსენალს” ფეხბურთელობისას 1999-2000 სეზონში დაუპირისპირდა და გოლიც გაიტანა.

სტატისტიკა

“არსენალი”

“არსენალი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2010 წლის მერე აღარ გასულა.

ლონდონური გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მიჯრით მეთექვსმეტედ გავიდა. არადა, ჯგუფურ ეტაპზე პირველი ოთხი თამაშიდან სამი წააგო, მაგრამ “ოლიმპიაკოსს” ურთიერთშეხვედრების ხარჯზე მაინც აჯობა.

“არსენალს” ესპანურ გუნდებთან ბოლო რვა საპლეი-ოფო დაპირისპირებიდან ხუთი აქვს მოგებული. ბოლოს ასეთი რამ 2008-2009 წლების სეზონის მეოთხედფინალში “ვილიარელთან” მოხდა, როცა ორი მატჩის ჯამში 4:1 იმარჯვა.

“ბარსელონას” გარდა, ლონდონელებს ორი ფინალი სხვა ესპანურ გუნდებთანაც წაუგია – 1995 წელს, თასების თასის გადამწყვეტი მატჩი “სარაგოსასთან” და 1980 წელს, იმავე ტურნირზე “ვალენსიასთან”.

“ბარსელონა”

“ბარსას” შანსი აქვს მეოთხედფინალში ზედიზედ მეცხრედ გავიდეს.

კატალონელებს ინგლისელებთან აქამდე 4 ფინალი აქვს ნათამაშები – 2006 წელს სწორედ “არსენალს” მოუგეს, 2009 და 2011 წლებში კი “მანჩესტერ იუნაიტედს”. თავის მხრივ, იმავე “იუნაიტედთან” 1991 წელს თასების თასის ფინალი წააგეს – 1:2.

ფეხბურთელები და მწვრთნელები

არსენ ვენგერმა “მონაკოს” მთავარი მწვრთნელის რანგში 1993-1994 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონასთან” ორივე მატჩი წააგო – 0:1, 0:2.

ალექსის სანჩესს “ბარსელონას” შემადგენლობაში 2011-2014 წლებში 141 თამაშში 47 გოლი აქვს გატანილი.

“ჩელსის” ფეხბურთელის რანგში პეტერ ჩეხს “ბარსელონასთან” 2009 წელს ნახევარფინალი აქვს წაგებული, როცა ანდრეს ინიესტასგან ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლი გაუშვა. თუმცა, 2012 წელს, იმავე “ბარსას” მოუგო და ფინალში გავიდა. გარდა ამისა, 2005 წელს მერვედფინალში იმარჯვა ჩეხმა, ერთი წლის მერე კი დამარცხდა.

ლუის სუარესს “ლივერპულის” რიგებში “არსენალისთვის” ორი გოლი გაუტანია: 2011 წლის აგვისტოში და 2013 წლის იანვარში.

ტომას ვერმაელენი “არსენალში” 2009-2014 წლებში თამაშობდა და “მეთოფეთა” მაისური პრემიერლიგაში 110-ჯერ მოურგია.

სანტი კაზორლას 2007 წელს “ვილიარეალის” რიგებში “ბარსას” კარში გაუტანია. ჯამში კი “ყვითელი სუმბარინასა” და “მალაგას” შემადგენლობაში კატალონიელთა წინააღმდეგ 13 მატჩიდან 2 მოგება, ფრე და 9 წაგება აქვს.

ჰექტორ ბელერინი კარიერას “ბარსელონას” სკოლაში იწყებდა, ხოლო “არსენალში” 2011 წელს გადაბარგდა. მის გარდა, მიკელ არტეტაც “ბლაუგრანას” სკოლის აღზრდილია. “ლა მაზიადან” არტეტამ ჯერ პსჟ-ს მიაშურა და შემდეგ “გლაზგო რეინჯერსში” გადავიდა.

“რეალის” ფეხბურთელის რანგში მესუტ იოზილს “ბარსელონას” წინააღმდეგ 16-ჯერ უთამაშია – 4 მოგება, 4 ფრე, 6 წაგება. 2011 წელს, ესპანეთის სუპერთასზე კი მოედნიდან გააძევეს.

ფეხბურთელები, რომელთაც ერთად უთამაშიათ:

სანტი კაზორლა, ჟორდი ალბა, მარკ ბარტრა, სერხიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე, ანდრეს ინიესტა (ესპანეთის ნაკრები).

მესუტ იოზილი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანიის ნაკრები).

ლორენ კოშელნი, ოლივიე ჟირუ და ჟერემი მატიე (საფრანგეთის ნაკრები).

ალექსის სანჩესი და კლაუდიო ბრავო (ჩილეს ნაკრები).

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; ალვეში, მატიე, მასკერანო, ალბა; ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

“არსენალი” (4-2-3-1): ოსპინა; ბელერინი, მერტესაკერი, გაბრიელი, მონრეალი; კოკელნი, ელნენი; კემპბელი, იოზილი, სანჩესი; ჟირუ

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

0.256159