ფეხბურთი

3:49 | 12.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჰერტა" ჩემპიონთა ლიგისკენ მიმავალი გზიდან არ უხვევს (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის XXVI ტური ძალზე საინტერესო მატჩით დაიწყო. ბერლინის “ჰერტამ” გელზენკირხენის “შალკე” მიიღო და შეიძლება ითქვას ექვსქულიანი შეხვედრა მოუგო. ამ მოგებით პალ დარდაის გუნდმა ოთხეულში ადგილი გაიმაყარა და ძნელად სავარაუდოა, გაისად ჩემპიონთა ლიგაზე რომ ვერ ვიხილოთ.

ბერლინელები “ხუმარებს” ქულით სჯობნიდნენ და შესაბამისად, აღნიშნული თამაშის მნიშვნელობა ძალზე დიდი იყო. მთლიანობაში “ჰერტამ” მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და დამსახურებულადაც მოიგო. დედაქალაქელებმა სტუმრებს თითო ტაიმში თითო გოლი აკმარეს, თუმცა გატანა კიდევ ბევრჯერ შეეძლოთ.

ანგარიში ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე გაიხსნა. სალომონ კალუმ დიდებული პასით საჯარიმოში ჰარაგუჩი მოძებნა, რომელსაც ჟოელ მატიპმა ხელი შეუშალა, მაგრამ იქვე ვედად იბიშევიჩი იყო და ბოსნიელმაც შანსი გამოიყენა. საერთოდ, იბიშევიჩისა და კალუს როლი “ჰერტას” წარმატებაში ძალზე ფასეული და დიდია. მეორე გოლი კი მასპინძლებმა კუთხურიან გაიტანეს; შეტევაში ჩართულმა ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა ნიკლას შტარკმა თავით ლამაზი ბურთი შეაგდო.

სხვათა შორის, წლეულს ბერლინელთაგან ასეთ კარგ თამაშს ბევრი არ მოელოდა და კრიტიკოსები იმასაც ამბობდნენ, რომ მეორე წრეში დარდაის შეგირდებს ჩავარდნა დაეწყებოდათ, თუმცა “ჰერტამ” მათ ოცნებებს ცივ წყალს ასხამს...

“ჰერტა” – “შალკე” 2:0 (1:0) (მიმოხილვა)

ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”

მაყურებელი: 51 424

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, შტარკი, ბრუკსი, პლატენჰარდტი; სიგერსი, სკიელბერგი; ჰარაგუჩი, დარიდა (ბაუმიოჰანი 90), კალუ (სტოკერი 90); იბიშევიცი (ჰეგელერი 88)

მწვრთნელი: დარდაი

“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა, მატიპი, ნოიშტადტერი, აოგო; გეისი (დი სანტო 68), ჰოიბერგი; შოპფი (სანე 68), მეიერი (სამი 76), ბელჰანდა; ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ბრეტენრეიტერი

გოლები: 1:0 იბიშევიცი (42), 2:0 შტარკი (65)

გაფრთხილება: სკიელბერგი (56), სიგერსი (90) – კაისარა (26)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (5) – 15 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ველცი

თეგებიბუნდესლიგა
0.155332