ფეხბურთი

21:03 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამომ” ბრატისლავის “სლოვანს” 5:2 სძლია

თბილისის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩიც მოიგო. იურაი იარაბეკის გაწვრთნილებმა დიდი ანგარიშით, 5:2 სძლიეს ბრატისლავის “სლოვანს”, რომელიც სლოვაკეთის ყველაზე ტიტულოვანი და ასევე, ყველაზე მდიდარი კლუბია.
საწყის ნახევარ საათში დინამოელებს სათამაშო უპირატესობა არ ჰქონიათ, მერე კი გოლები მრავლად გაიტანეს. 30-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ პენალტის უფლება მოიპოვა (მეკარე მუხამ წააქცია) და ალექსანდრე იაშვილმა ზუსტად დაარტყა – 1:0. პირველ ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, დინამოელთა მეკარე გიორგი ბეგაშვილმა ორი რთული ბურთი მოიგერია ვიტეკისა და მილინკოვიჩის დარტმების შემდეგ. შესვენებამდე კიდევ ერთხელ გაიტანეს ჩვენებმა, კერძოდ, ქვილითაიამ, რომელიც მართლაც კარგ ფორმაშია – გიორგიმ თავისი ნახევრიდან წაიღო ბურთი და გარღვევა გოლით დაასრულა.
მეორე ტაიმში ვახტანგ ჭანტურიშვილმა ლაშა პარუნაშვილისა და ჯაბა ჯიღაურის დაწყებული კომბინაცია დაასრულა ახლოდან გატანილი გოლით და 3:0. დინამოელთა ბოლო ორი გოლი კი ნიკა გელაშვილის ანგარიშზეა, ორივეჯერ ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა საგოლე პასი და ორივეჯერ მარჯვენა ფლანგიდან. გელაშვილმა ჯერ თავით შეაგდო, შემდეგ კი დასწრებაზე ფეხით.
“დინამო” შეკრებაზე მეხუთე მატჩს 13 თებერვალს გამართავს ლვოვის “კარპატისთან”. შედეგი შედეგად და თამაშის ხარისხიც საკმაოდ კარგია, გუნდი სწრაფად მოქმედებს და კომბინაციური თამაშიც გამოსდის.

“დინამო” – “სლოვანი” 5:2 (2:0) VIDEO
დინამო: ბეგაშვილი (ჰრდლიჩკა 46), ჭელიძე (გველესიანი 46), რენე, ამისულაშვილი, გურული (თევზაძე 70), ცინცაძე, ალვარო (პარუნაშვილი 46), ჭანტურიშვილი (ჯანელიძე 66), ჯიღაური (საბა ლობჟანიძე 66), იაშვილი (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (გელაშვილი 46)
სლოვანი: მუხა, სეკულიჩი, ადილეუ, სალატა (კოტულა 57), პოდანი (პრიშკინი 56), სავიჩევიჩი, მილინკოვიჩი (სიმოვიჩი 57), სკოტი (კოპიჩარი 77), კუბიკი, გონსალესი, ვიტეკი
გოლები: 1:0 იაშვილი (30 პენ), 2:0 ქვილითაია (42), 3:0 ჭანტურიშვილი (47), 4:0 გელაშვილი (71), 4:1 ვიტეკი (76 პენ), 5:1 გელაშვილი (78), 5:2 სიმოვიჩი (80)

0.114412