სხვა

22:51 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორი სპორტსმენით ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც ზამთრის მეორე ახალგაზრდულ ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გამგზავრებას მიეძღვნა.

საქართველო ზამთრის თამაშებზე, ისევე, როგორც 4 წლის წინ ინსბრუკში გამართულ პირველ ამგვარ თამაშებზე, ორი სპორტსმენით წარსდგება: მოციგავეთა ტურნირზე გამოვა ლაშა ფერაძე, სამთო თხილამურობის ორ დისციპლინაში კი ბესარიონ ჯაფარიძე იასპარეზებს.

მოციგავეთა შეჯიბრება 14 თებერვალს ჩატარდება, ჯაფარიძე კი სტარტს 16 თებერვალს გიგანტურ სლალომში აიღებს, ხოლო სამი დღის შემდეგ, 19 თებერვალს სლალომისტთა ტურნირში ჩაებმება.

ფერაძე ლატვიაში ემზადებოდა ოლიმპიური თამაშებისთვის და მწვრთნელ ფელიქს ქუმარიტაშვილთან ერთად ლილეჰამერში იქიდან ჩავა.

პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, რომ ჩვენს დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი კი სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია იქნება. დელეგაციის შემადგენლობაშია მწვრთნელი იასონ აბრამაშვილიც (სამთო თხილამურობა), რომელიც ზამთრის სამი ოლიმპიური თამაშების მონაწილეა.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მნიშვნელობას, წარმატება უსურვა ჩვენს სპორტსმენებს და იმედი გამოთქვა, რომ ლილეჰამერში მიღებული გამოცდილება მათ 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვებაში დაეხმარება.

ახალგაზრდული ოლიმპიადა ლილეჰამერში 12 თებერვალს გაიხსნება. ზამთრის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცენტრი მსოფლიოს 71 ქვეყნის 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენის სამასპინძლოდ მზად არის (წინა თამაშებზე, ინსბრუკში 69 ქვეყნის დელეგაცია ჩავიდა). ისინი ერთმანეთს ზამთრის სპორტის 15 სახეობაში შეეჯიბრებიან. 10 ოლიმპიური დღის განმავლობაში მედლების 70 კომპლექტი გათამაშდება.

ყველაზე დიდი – 73-კაციანი გუნდი ეყოლება მასპინძელ ნორვეგიას, სადაც ზამთრის სპორტი განსაკუთრებით პოპულარულია. ლილეჰამერში წარმომადგენლობითი დელეგაციებით ჩადიან ამერიკელები, კანადელები, რუსები და გერმანელები.

ნორვეგიის ამ ქალაქმა 22 წლის წინ, 1994 წელს ზამთრის XVII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. სწორედ ამ თამაშებზე შედგა დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის დებიუტი.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143462