ავტოსპორტი

18:44 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

რობ სმედლი: მასა უკეთესია, ვიდრე 2008 წელს

„უილიამსის“ ბოლიდების ეფექტურობის შტოს შეფი რობ სმედლი ამბობს, რომ ფელიპე მასა ახლა უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობს, ვიდრე 2008 წელს, როცა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოდა. მაშინ მასამ ლუის ჰამილტონთან მხოლოდ ერთი ქულა დათმო. მომდევნო სეზონში კი, უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მომხდარი ინციდენტისას, თავის ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო. ამის მიუხედავად, 2010-ში საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა.

„უილიამსში“ გადასვლის შემდეგ, ბევრი ფიქრობდა, რომ მისი კარიერა დასასრულისკენ წავიდა, თუმცა ბრაზილიელმა პილოტმა ამჯერადაც გააწბილა სკეპტიკოსები. სმედლი მასასთან სარბოლო ინჟინერად ჯერ კიდევ „ფერარიში“ მუშაობდა და როცა „მისმა პილოტმა“ გუნდი გამოიცვა, ისიც მასთან ერთად, „უილიამსში“ გადავიდა.

„ფელიპე ახლაც ისეთივე კარგი პილოტია, როგორიც მაშინ იყო. მას თვისებები არ დაუკარგავს. უფრო მეტიც, ახლა უკეთესი პილოტია, რადგან მეტი გამოცდილება აქვს. 2008 წელს სულ სხვა ტიპის საბურავებით უწევდათ ასპარეზობა. ამის გამო, რბოლებიც სხვაგვარი იყო, რადგან საბურავი მაქსიმალურად გარჯის საშუალებას იძლეოდა. ბოლო ორ სეზონში, ის საბურავების უკეთ გამოყენებას შეეჩვია“, - ყვება სმედლი და დასძენს, რომ მექსიკაში მასამ და ვალტერი ბოტასმა, მედიუმ რეზინით ტრასაზე ბევრი დრო გაატარეს. მასას მანქანაზე რეზინი უფრო ადრე გაცვდა, მაგრამ ორივემ საბურავების გაფრთხილება, მაღალი ტემპის პირობებში შეძლო.

სმედლი ირწმუნება, რომ მასას ფორმაში დაბრუნების მთავარი ფაქტორი, „უილიამსში“ ყოფნაა. 2014 წლის სეზონი კი მისთვის შემობრუნების დასაწყისი იყო. მაშინ მართალი, მისთვის სეზონი რთულად დაიწყო, მაგრამ შუა სეზონიდან შედეგები მკვეთრად გააუმჯობესა, რასაც პადოკში ბევრი არ ელოდა.

„ვალტერი ძალიან ნიჭიერი მრბოლია. მას კარგი მომავალი აქვს. ის და ფელიპე აბსოლუტურად ერთ დონეზე არიან. ფელიპე ყოველთვის მაღალი დონის პილოტი იყო, აქ კი თავს კომფორტულადაც გრძნობს. ის არის პიროვნება, რომელსაც პატივისცემით მოპყრობა სჭირდება. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაფასებული იყოს. და სჭირდება, რომ უსმენდნენ. ეს სამი ძირითადი მოთხოვნა, რომლებიც მასთან ურთიერთობისას არის საჭირო“, - დასძენს სმედლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117735