ბლოგი

20:02 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ძია გენო” - კაცი, რომელიც ყველას უყვარდა..
“ხვალ, რომ შემოვალ ყველა თქვენთაგანი მომწერს..”

გარდაიცვალა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, 45 წლის გენო ზაზაძე. “45 წელი სასჯელად, ვერ შევეპუე. იქით ვერკინე ბედის განმრიგეს, ბევრჯერ დავმარცხდი, მოწყალეც რატომღაც ჩემთან არ იყო, ყოველთვის ძმა და ძმაკაცი მყავდა მოსარჩლე მფარველი.. გეფიცებით, ჩემი არ მტკივა.. ხვალ, რომ შემოვალ ყველა თქვენგანი მომწერს.. ბედნიერი ვარ.. მიყვარხართ..” –ეს გენო ძიას ერთ-ერთი ბოლო პოსტი იყო სოციალურ ქსელში.

ვინ იყო გენო ძია?

გენო ზაზაძე იგივე “გენო ძია”, როგორც მისი მეგობრების უმტესობამ მეც ფეისბუქის საშუალებით გავიცანი, გულანთებული ქართველი, ყოველთვის აქტიური.. 45 წელი სიცოცხლისთვის ბრძოლაში გაატარა, ყოველ დღე ტკივილში ატარებდა, მაგრამ მაინც ცდილობდა მეგობრებისთვის სიკეთე და ბედნიერება ეჩუქებინა, ყველას უყვარდა “გენო ძია”.

პირველად, რომ გავიცანი, რამდენიმე დღის შემდეგ ვკითხე გენო ძია თქვენი სურათი რატომ არ გაქვთ თქვენს გვერდზე მეთქი.. მიპასუხა - იმდენად უშნო ვარ, სააშკაროზე გამოსატანად არ მინდაო. აღმოჩნდა,რომ გენოს ცხოვრებაში მძიმე ტრავმის გადატანა მოუწია და გადაადგილება შეზღუდული ჰქონდა.. ბოლოს გენომ მაინც დადო სურათები და მისი სულიერი სათნოებიდან გამომდინარე დავრწმუნდით, რომ გენოს სიტყვები “უშნო ვარ” სიმართლეს არ შეეფერებოდა..

არ მახსოვს დღესასწაული ძია გენოზე ვინმეს დაესწრო მოლოცვა, ძალიან თბილი, აზრიანი, ყურადღებიანი, მეგობრული იყო. ხშირად, ძალიან ხშირად მძიმე ტკივილების გადატანა უწევდა და ამას ჩვენ ყველა ვგრძნობდით, რამდენჯერ დაუწერია ძლიერი ტკივილისგან გამომდინარე.. “მეტი არ შემიძლია რატო დავავიწყდი სიკვდილსო”.. ჩვენ თითქოს ვამშვიდებდით, ვუთანაგრძნობდით, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვები იყო, სხვანაირად ვერ ვეხმარებოდით..

სამშობლოზე ძლიერ შეყვარებული კაცი იყო, ზოგჯერ ცოტა უხამსი სიტყვებით, მაგრამ ძალიან გაბრაზებული წერდა იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. გენო ძიას არც ძველი მთავრობა მოსწონდა და არც ახალი ორივეს მატყუარებს და ლაჩრებს უწოდებდა. ამაყობდა ქართველობით და თავისი ქვეყნის ბედს განიცდიდა.

”ბარსელონა” - მისი ცხოვრების აზრი..

თითქოს გაცვეთილი ფრაზებია: “ფეხბურთი აერთიანებს”, “ფეხბურთი უფრო მეტია ვიდრე სპორტი” და ა.შ. მაგრამ მართლაც რომ რეალობაა. ძია გენოს ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი რაც ცხოვრების ტკივილს უმსუბუქებდა ფეხბურთი იყო, კერძოდ კი საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”. გაუთავებლად შეეძლო ლაპარაკი ამ გუნდზე. არ ჰქონდა დროს და განწყობას მნიშვნელობა, ის უყურებდა თავისი გუნდის ყველა მატჩს და თამაშის მერე გახარებული წერდა თუ როგორი სიამოვნება მიიღო მესის, ხავის, ინიესტას თამაშისგან.

მახსოვს სუპერთასი რომ ჩატარდა თბილისში, როგორ უნდოდა წასვლა ამ თამაშზე და თავიდან, როცა იმედი არ ქონდა ბილეთს იშოვიდა, გულგატეხილი წერდა.. გულში ვფიქრობდი თუ ბილეთი ვიშოვე მიუხედავად იმისა, რომ მეც ძალიან მინდა ამ მატჩის დასწრება გენო ძიას ვაჩუქებ მეთქი, წარმოდგენილი მქონდა წინასწარ თუ როგორ გაუხარდებოიდა. თუმცა გენო ძიას ჩემზე ადრე გამოუგზავნეს ბილეთი და თითქმის მთელი ღამე არ უძინია.. ერთად დავესწარით იმ მატჩს, მაგრამ მასთან მისვლა ვერ შევძელი და ჩვენი მეგობრობა ისევ ვირტუალურ მეგობრობად დარჩა..

“გენო კიდე მოიგო შენმა “ბარსამ”, კიდევ ბევრს მოიგებს და შენ მანდ გაიხარე ძმობილო.. ბევრს დააკლი, ძალიან ბევრი ბევრჯერ გაგიხსენებს სიყვარულით, სითბოთი, შემოგევლე იმიტომ, რომ ეგრე დათესე. გაცხონოს უფალმა ..” სოციალურ ქსელში ძია გენოს გვერდზე ერთ-ერთი ჩვენი საერთო მეგობრის ბესო ნათმელაძის სიტყვები, რომ წავიკითხე თვალებზე ცრემლი მომადგა და გადავწყვიტე მცირე სტატია მიმეძღვნა ადამიანისთვის, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა თავისი ქვეყანა და საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”.. სწორედ ამ პოსტით გავიგე გენო ძიას გარდაცვალების ამბავი დღეს. ტექსტის ბოლომდე წაკითხვა ვერ შევძელი, ეს პატარა სტატია მივუძღვენი ძია გენოს და პატარა ბავშვივით ავტირდი..

ედემი ელერჯია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11349