ძიუდო

0:17 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო-ბრინჯაოს გრან სლემი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ავთანდილ ჭრიკიშვილი ორწლიანი პაუზის შემდეგ, პარიზის გრან სლემის პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ისევ ავიდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა ფრანგულ ტატამზე 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და უახლოეს მდევრებს კიდევ უფრო გაუსწრო.

შეჯიბრებაში ჭრიკიშვილი მეორე წრიდან ჩაერთო, ფრანგთა ერთ-ერთ ფავორიტ ალენ შმიტთან დაჭიდებით და მეტოქე საფინალო გონგამდე 40 წამით ადრე, მსაჯს აკრძალული წესის გამოყენებისთვის მოახსნევინა. არადა იმ მომენტამდე საეჭვო გაფრთხილებით აგებდა.

საქართველოს 2013-2014 წლების საუკეთესო სპორტსმენმა მერვედფინალში ჰოლანდიელ ნაელ ფან დე კამერს ძირითადი ხუთი წუთის უქულოდ ჩაჭიდავების შემდეგ, ოქროს დროში შესრულებული ეფექტური სუფთა გდებით სძლია. იპონითვე გასცდა უნგრელ ლასლო ცოკნიაისაც, რომელთანაც ვაზარის აგებდა.

ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ალან ხუბეცოვს უილეთოდ, ორი გაფრთხილებით აჯობა. ფინალში კი ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარი აუღო და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

დღესვე, ფრანგული ტატამიდან მედალი კიდევ ერთმა ქართველმა გამოიტანა – 90 კილოგრეამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი საფრანგეთში პარიზის გრან სლემის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და ამჯერად მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა. მორიგი ოქროსკენ მიმავალი გზა მეოთხედფინალში, ფრანგმა ალექსანდრე იდირმა ჩაუკეტა, რომელსაც შარშანდელ ფინალში სძლია.

ამჯერადაც დაჩაგრა, მთელი შეხვედრა უპირატესობას ფლობდა, ვაზარიზეც დასცა მეტოქე, მაგრამ მაშინ, როდესაც საფინალო გონგამდე ზუსტად 1 წამი რჩებოდა, იდირის სუფთა გდებაზე წამოეგო. არადა შეეძლო, უბრალოდ თავი აერიდებინა ბრძოლაში შესვლისთვის და ტაქტიკური შიდო მიეღო.

მეოთხედფინალამდე ვარლამ ლიპარტელიანმა უკრაინის ნაკრების წევრ ქუენჯაუ ნჰაბალის და უზბეკ შერალი ჟურაევს აჯობა. ბრინჯაოს გზაზე კი იდირის ჯავრი ორ ფრანგზე: რომენ ბუფესა და ლუდოვიკ გობერზე იყარა.

მესამე ადგილის დაკავებით ლიპარტელიანმა 200 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

მძიმეწონოსან ლევან მატიაშვილს საპრიზო სამეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - "ბრინჯაოს ფინალში” ბრაზილიელ დავიდ მოურასთან დამარცხდა და მე-5 ადგილს და 100 ქულას დასჯერდა.

ძირითად ბადეში მატიაშვილი ნახევარფინალამდე ისე მივიდა, არც თავად აუღია ილეთით ქულა და არც მეტოქეთათვის მიუცია გდების გაკეთების საშუალება. ბრაზილიელ რაფაელ სილვას, გერმანელ ანდრე ბრეიტბარტსა და აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურს თითო გაფრთხილების უპირატესობით მოუგო. ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა კი მომავალ ჩემპიონთან - იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან ვაზარით მარცხით ჩაეკეტა.

მძიმე წონაში საქართველოს სახელით გრან სლემის კონკურენციაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილიც ჩაება, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხვედრით, ვიდრე ფრანგ ჰამზა ოუჩანისთან სამწუთნახევარში 4 გაფრთხილება არ მიიღო და სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უმალ არ დაკარგა.

დღესვე, პარიზულ ტატამზე საქართველოს სახელით ბექა ღვინიაშვილი და გურამ თუშიშვილიც გავიდნენ. ორივე ყველაზე პრობლემატურ წონაში – 100 კილოგრამში ეცადა საქართველოს ნაკრებისთვის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების მოპოვებას, მაგრამ მიზანს ვერც ერთმა ვერ მიაღწია.

ღვინიაშვილი პირველ წრეში ბრიტანელ ფილიპ ავიტიალკარაზს დაეჭიდა და 27-ე წამზე სუფთა გდებაზე წამოეგო. თუშიშვილი კი უზბეკმა რამზიდინ საიდოვმა მეორე წუთის მიწურულს დასცა ბეჭებზე.

ვაჟთა შორის, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 84 ქვეყნის ნაკრებს შორის მხოლოდ იაპონიას, საფრანგეთსა და სამხრეთ კორეას ჩამორჩა.

ძიუდო

გრან სლემი

პარიზი

6-7 თებერვალი

მამაკაცები

60 კგ

1 ტორუ შიშიმე (იაპონია)

2 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)

3 ვალიდ ხიარი (საფრანგეთი)

3 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)

66 კგ

1 მასაში ებინუმა (იაპონია)

2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)

3 კილან ლე ბლუში (საფრანგეთი)

73 კგ

1 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

2 დენის იარცევი (რუსეთი)

3 საგი მუკი (ისრაელი)

3 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)

5 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

2 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)

3 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)

3 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)

90 კგ

1 დაიკი ნიშიამა (იაპონია)

2 ალექსანდრე იდირი (საფრანგეთი)

3 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

3 დონგ ჰან გვაკი (სამხრეთ კორეა)

100 კგ

1 სირილ მარე (საფრანგეთი)

2 კილი რეიესი (კანადა)

3 კარლ-რიჩარდ ფრეი (გერმანია)

3 აარონ ვოლფი (იაპონია)

+100 კგ

1 ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია)

2 ორ სასონი (ისრაელი)

3 როი მეიერი (ჰოლანდია)

3 დავიდ მოურა (ბრაზილია)

5 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

საერთო გუნდური ჩათვლა. ვაჟები

ო ვ ბ V VII

1 იაპონია 4 0 2 2 0

2 საფრანგეთი 1 1 2 1 4

3 სამხრეთ კორეა 1 0 4 1 0

4 საქართველო 1 0 1 2 0

5 ისრაელი 0 1 1 0 0

0.11187