ძიუდო

22:10 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

უილეთოდ დაკარგული მედალი

პარიზის გრან სლემზე ორდღიანი პროგრამის პირველ დღეს მამაკაცებს შორის ჩემპიონ-პრიზიორები საწყის სამ წონით კატეგორიაში: 60, 66 და 73 კილოგრამებში გათამაშდა. საქართველოს ნაკრების სახელით კი ტატამზე ხუთი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ ხუთივე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა. მიზანს ყველაზე მეტად 73 კილოგრამში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილი მიუახლოვდა, რომელმაც რეპეშაჟის ფინალში იაპონელ ჰიროუკი აკიმოტოსთან უილეთოდ ჩამთავრებულ ხუთ წუთში ერთით მეტი გაფრთხილება მიიღო. ტატალაშვილმა საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა და 100 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

ძირითად ბადეში გამოსვლა ნუგზარ ტატალაშვილმა მეოთხედფინალში დაასრულა, რუსეთის ნაკრების წევრ დენის იარცევთან წაგებით. იქაც უილეთო შეხვედრაში ნახევარფინალის საგზურის ბედი ერთადერთმა საკამათო შიდომ გადაწყვიტა, იარცევის სასარგებლოდ.

ამ ბრძოლამდე ქართველმა ძიუდოისტმა ორი მეტოქე ჩამოიშორა. ჩერნოგორიელი ნიკოლა გუსიჩი მესამე წუთზე დასცა ბეჭებზე, ხოლო ჩინელ შუაი სანს ვაზარით აჯობა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ტატალაშვილმა მონღოლ ნიამ-ოჩირ საინიარგალს სძლია იპონით.

ამავე წონაში საქართველოს დროშის ქვეშ ლაშა შავდათუაშვილმაც იჭიდავა. კარგადაც დაიწყო – ახალზელანდიელ ადრიან ლეატს ვაზარი-იუკოს უპირატესობით გასცდა, ხოლო ესპანელი ხავიერ რამირესი გაფრთხილებების ლიმიტის ამოწურვით ჩამოიშორა. მერვედფინალში კი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი აკიმოტოს დაეჭიდა და თანაგუნდელის მსგავსად, ისიც ერთადერთი შიდოთი დამარცხდა.

დღესვე, პარიზის გრან სლემზე საპრიზო სამეულები 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც შეივსო. საქართველოს ნაკრების წევრები კი ორივე წონაში საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ფრანგულ ტატამზე მხოლოდ თითოჯერ გავიდნენ.

პაპინაშვილმა 2 წუთში წააგო ყაზახ აიბეკ იმაშევთან. ჩხვიმიანმა მხოლოდ 9 წამი გაძლო სომეხ ჰოვანეს დავთიანთან. მარგველაშვილიც იპონით დამარცხდა, ასევე სომეხ მეტოქესთან – ფერდინანდ კარაპეტიანთან.

ხვალ მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), გურამ თუშიშვილი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).

ძიუდო

გრან სლემი

პარიზი

6 თებერვალი

მამაკაცები

60 კგ

1 ტორუ შიშიმე (იაპონია)

2 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)

3 ვალიდ ხიარი (საფრანგეთი)

3 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)

66 კგ

1 მასაში ებინუმა (იაპონია)

2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)

3 კილან ლე ბლუში (საფრანგეთი)

73 კგ

1 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

2 დენის იარცევი (რუსეთი)

3 საგი მუკი (ისრაელი)

3 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)

5 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114483