ავტოსპორტი

2:21 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ ახალ სეზონში კონკურენტებად „ფერარის“ და „ჰონდას“ მოიაზრებს

„მერსედესში“ დარწმუნებულები არიან, რომ გასული სეზონის დომინაცია წარსულს ჩაბარდა და რომ ახალი სეზონიდან, გაცილებით მკაცრი კონკურენციის მოლოდინში არიან. მართალია, წინა ორ სეზონში სამქიმიანებმა ზედიზედ ორჯერ მოიპოვეს პილოტების ტიტული და კონსტრუქტორთა თასი, რაც პილოტების გარჯის გარდა, დიდწილად მათი შესანიშნავი ჰიბრიდული აგრეგატის დამსახურებაა, მაგრამ ისინი თვლიან, რომ ახალი სეზონის წინ, მეტოქეებს სერიოზული პროგრესი ექნებათ.

„თუ გადავხედავთ, რა პროგრესიც „ფერარის“ ბოლო წლის განმავლობაში ჰქონდა, ეს აღტაცებას იმსახურებს. მათი პროგრესი, რეორგანიზაციის და მონდომების შედეგია. ჩვენთან გამარჯვებაზე მეტად იმაზე ფიქრობენ, რომ „ფერარიმ“ არ დაგვამარცხოს. და ვფიქრობ, „ჰონდაც“ საკმაო პრობლემებს შეგვიქმნის“, - ამბობს „მერსედეს AMG-ს“ მძლავრი ძრავების ცენტრის მმართველი დირექტორი ენდი კოუელი.

საკმაოდ სუსტად ჩატარებული 2014 წლის სეზონის შემდეგ, „ფერარიმ“ გასული სეზონი გაცილებით უკეთ ჩაატარა და იყო ერთადერთი, ვინც რბოლებში „მერსედესის“ დამარცხება შეძლო. თანაც სამჯერ. სამივე შემთხვევაში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სებასტიან ფეტელი ავიდა. ყველა დარწმუნბული, რომ ახალ სეზონში მარანელოელები გაცილებით უკეთ იასპარეზებენ და უფრო მეტ რბოლას მოიგებენ.

„ჰონდას“ კი გასულ სეზონში ნამდვილი კოშმარი ჰქონდა. გარდა იმისა, რომ მისი ძრავი სუსტი გამოდგა, არც სრულფასოვნად მუშაობდა და ვერც გამძლეობით გამოირჩეოდა. მაგრამ კოუელი დარწმუნებულია, რომ იაპონური კომპანია და მისი პარტნიორი „მაკლარენი“ ასეთ ჩავარდნას აღარ დაუშვებენ. მითუმეტეს, მათ იციან, რა იყო წარუმატებლობის მიზეზი და როგორ უნდა აღმოიფხვრას ის.

რაც შეეხება „რენოს“, ამ კომპანიამ ფ1-ში საკუთარი გუნდი დააბრუნა, პირველ სეზონში, უპირველესად საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებენ. ფრანგებისთვის ეს გარდამავალი სეზონია, თუმცა მათს მონდომებას ძრავების განხრით აძლიერებს ის ფაქტი, რომ „რედ ბულისთვის“ ზედიზედ მეორე სეზონის ჩაგდება მათთვის მარკეტინგულად წამგებიანი იქნება. და მაინც, კოუელი თვლის, რომ უახლოეს ორ სეზონში „რენოსგან“ ხიფათი ნაკლებად მოსალოდნელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139727