ავტოსპორტი

23:59 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

„რენომ“ თავისი სარბოლო ავტომობილი - RS16 გაგვაცნო

„რენოს“ ფორმულა 1-ის გუნდმა, პარიზში, საკუთარ ტექნოცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე, თავისი სარბოლო ავტომობილი, RS16 წარადგინა. თუმცა, პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ეს ავტომობილი მხოლოდ იმ გაფორმებას გვიჩვენებს, როგორიც მას ტესტირებისას ექნება. სარბოლო ვერსია კი განსხვავებული უნდა იყოს. მმართველმა დირექტორმა სირილ აბიტბულმა ბოლიდს „შოუქარი“ უწოდა.

„რასაც ახლა ხედავთ, ეს უფრო საჩვენებელი ავტომობილია. რეალური მანქანა ჯერაც შემუშავების პროცესშია. მის დაქოქვას შემდეგ კვირაში ვაპირებთ. ტესტების წინ რეალურ ავტომობილს წარვადგენთ. ეს იქნება არსებული შასის ევოლუციურ ვერსიაზე აწყობილი მანქანა, რომელსაც „რენოს“ ძრავი და შეცვლილი აეროდინამიკა ექნება“, - განაცხადა აბიტბულმა.

ტექნიკურმა დირექტორმა ნიკ ჩესტერმა, ვინც შასიზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ გუნდმა „ლოტუსისგან“ კარგი საბაზო კონსტრუქცია მიიღო, რომელსაც განვითარების სოლიდური პოტენციალი აქვს. მან აღნიშნა, რომ „ლოტუსი“ ფინანსების ნაკლებობის გამო ვერ ახერხებდა თავისი ბოლიდის განვითარებას, თუმცა ამის მიუხედავადაც, კონკურენტუნარიანობას ავლენდა.

ჩესტერი ამბობს, რომ დროის სიმცირის გამო, ბოლიდის აეროდინამიკაზე ინტენსიური მუშაობა ვერ მოხერხდა. მაგრამ მანქანა კარგი მართვადობით გამოირჩევა და განვითარების დიდი რესურსი გააჩნია, რასაც გუნდი სეზონის განმავლობაში აითვისებს.

სხვათა შორის, ძალური დანადგარის შეცვლამ, შასის გადაკეთება მოითხოვა, რაც ძალიან სწრაფად განხორციელდა, რათა ავტომობილის შექმნის პროცესი არ შეფერხებულიყო. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ აეროდინამიკის სათანადოდ დამუშავება ვერ მოხერხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132167