ფეხბურთი

11:49 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის ფანჯარაში ჩინეთმა შეიხედა...

ზამთრის სატრანფერო ფანჯარა ორი დღის წინ ოფიციალურად დაიხურა. საერთოდ წლის ამ პერიოდში ხმაურიანი ვაჭრობა იშვიათად მიმდინარეობს და გუნდები ასტრონომიული თანხების დახარჯვას ერიდებიან. შესაბამისად, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდს საგრძნობლად ჩამოუვარდება, მაგრამ წლეულს საკმაოდ საინტერესო ტრანსფერები გაიჩარხა და ბევრმა გუნდმა ჯიბეზე ხელი მსუყედ გაიკრა. ამ მხრივ განსაკუთრებით ჩინური გუნდები გამოირჩენენ...

საინტერესო იქნება გავეცნოთ აწ დასრულებული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებს.

ჯექსონ მარტინესი – “გუანჯოუ”, 42 მილიონი ევრო

კოლუმბიელი თავდამსხმელი პორტუგალიურ “პორტუში” ასპარეზობისას გოლების მანქანად იყო ქცეული და ევროპულ გრანდებს მისი აყვანა სურდათ. გასულ ზაფხულს ამ ჭიდილში ყველას მადრიდის “ატლეტიკომ” აჯობა, რომელმაც მარტინესში 35 მილიონი ევრო გაიღო და იტალიურ “მილანს” თითქმის გაჩარხული ტრანსფერი ჩაუშალა. თუმცა, ჯექსონმა ესპანეთში ჩვეული თამაში ვერ აჩვენა და 6 თვეში მხოლოდ ორი გოლი შეაგდო, მადრიდში შესაბამისად სათამაშო დრო სულ უფრო და უფრო უმცირდებოდა. “გუანჯოუ ევერგრანდემ” კი მისი ტრანსფერით აზიის რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი.

რამირესი – “ცზიანგსუ საინტსი” (ჩინეთი), 28 მილიონი ევრო

ბრაზილიელმა რამირესმა ლონდონის “ჩელსი” 5.5 წლიწადის შემდეგ დატოვა და სათამაშოდ ჩინეთს მიაშურა. აზიელებს კი გამოცდილი სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ სოლიდური თანხის გაღება არ დანანებიათ. რამირესს ჩინეთში “ჩელსისა” და რუმინეთის ნაკრების ყოფილი წევრი დან პეტრესკუ გავწრთნის.

ჯანელი იმბულა – “სტოკ სიტი”, 24 მილიონი ევრო

თავის მხრივ ინგლისურმა “სტოკ სიტიმ” პირადი რეკორდი დაამყარა და “პორტუს” ნახევარმცველ ჯანელი იმბულას სანაცვლოდ 24 მილიონი ევრო გადაურიცხა. გარდა ამისა, წლეულს ევროპის კონტინეტზე ეს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი აღმოჩნდა. “მარსელის” ექსფეხბურთელის მომავალს იტალიას უკავშირებდენ, მაგრამ თავი საბოლოოდ ნისლიან ალბიონზე ამოჰყო.

ელკესონი – “შანხაი”, 18.5 მილიონი ევრო

ბრაზილიელი ელკესონ დე ოლივეირა კარდოზო, რომელიც ელკსონის სახელითაა ცნობილი, ჩინური “გუანჯოუდან” “შანხაიში” 18.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. 26 თავდამსხმელმა “გუანჯოუში” ჯერ მარჩელო ლიპისთან ერთად, მერე კი ლუიშ ფელიპე სკოლარისთან ერთად ყველაფერი მოიგო, ახლა კი შვედ სვენ-გორან ერიქსონის შეგირდი იქნება.

ჟერვინიო – “ჰებეი”, 18 მილიონი ევრო

ჩინეთის სუპერლიგა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ძალზე გაძლიერდა. აზიელთა კიდევ ერთი შენაძენი იტალიური “რომას” ყოფილი შემტევი ჟერვინიო აღმოჩნდა, რომლის სანაცვლოდაც დებიუტანტმა “ჰებეიმ” 18 მილიონი ევრო გაიღო. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის თანახმად აღნიშნულ თანხას მომავალში ბონუსებიც დაემატება.

უმარ ნიასე – “ევერტონი”, 17.9 მილიონი ევრო

“გუდისონ პარკზე” 25 წლის სენეგელალი უმარ ნიასე მოსკოვის “ლოკომოტივიდან” გადავიდა. მერსისაიდელებს აფრიკელი ფორვარდის დამატება თითქმის 18 მილიონი ევრო დაუჯდათ. ნიასეს სენეგალის ნაკრებში 5-ჯერ უთამაშია, ხოლო მის კარიერაში რუსეთის გარდა, ნორვეგიისა და თურქეთის ჩემპიონატებიც ყოფილა.

ჯონჯო შელვი – “ნიუკასლ იუნაიტედი”, 16 მილიონი ევრო

სტივ მაკლარენის “ნიუკასლ იუნაიტედმა” უელსურ “სუონსი სიტის” ჯონჯო შელვის სანაცვლოდ საკმაოდ მსუყე თანხა, 16 მილიონი ევრო გადაუხადა. “ლივერპულის” ყოფილი ნახევარმცველი წესითა და რიგით, “კაჭკაჭებისთვის” კარგი შენაძენი უნდა გამოდგეს.

ენდროს თაუსენდი – “ნიუკასლ იუნაიტედი”, 16 მილიონი ევრო

“ნიუკასლს” რაც შელვის ყიდვა დაუჯდა, იმდენივე იქნა გაღებული ლონდონის “ტოტენჰემის” შემტევ ენდროს თაუსენდის ტარანსფერში. ინგლისის ნაკრების წევრობის კანდიდატს ლონდონში საკმაოდ წარმატებული პერიოდი აქვს გატარებული და “სენტ ჯეიმს პარკზე” იმედიანად შეჰყურებენ.

ბენიკ ეფოუბი – “ბორნმუთი”, 13 მილიონი ევრო

22 წლის ბენიკ ეფოუბმა “ბორნმუთი” პრემიერლიგიდან გავარდნისგან უნდა დაიხსნას. დებიუტანტებმა ქვედალიგელ “ვულვერჰემპტონს” 13 მილიონი გადაუხადეს, რაც ამ გუნდისთვის საკმაოდ სოლიდური თანხაა. დრო გამოაჩენს, რამდენად გაამრთლებს ავანსებს ლონდონის “არსენალის” ყოფილი თავდამსხმელი.

ფრედი გუარინი – “შანხაი შენჰუა”, 12 მილიონი ევრო

ზემოთ ჩინური გუნდების ტრანსფერებზე ვწერთ და ამჯერადაც აზიელების შემოქმედებაზე ვისაუბრებთ. “შანხაი შენჰუა” მეტოქეებს არ ჩამორჩა და მილანის “ინტერის” კოლუმბიელი ნახევარმცველი ფრედი გუარინი გაიფორმა. აზიურ გუნდს სამხრეთამერიკელის დამატება 12 მილიონი ევრო დაუჯდა. გარდა ამისა, გაისად “ინტერნაციონალე” დამატებით კიდევ ერთ მილიონს მიიღებს.

ტიმ კლოზე – “ნორვიჩი”, 12 მილიონი ევრო

ერთ დროს ტიმ კლოზეს დიდ მომავალს უწინასწარმტყველებდნენ და გერმანიის ნაკრების დაცვის იმედად მოიხსენიებდნენ, მაგრამ კლოზეს “ვოლფსბურგში” კარიერა არ აეწყო. სეზონის პირველ ნახევარში იგი ბრაზილიური დუეტის, დანტესა და ნალდოს ჩრდილქვეშ მოექცა და გადაწყვიტა გუნდი შეეცვალა. ინგლისურმა “ნორვიჩმა” კი ტიმის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გაიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111794