ძიუდო

17:47 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქევხიშვილს ძიუდოისტებმაც შეუტიეს

ქართულ ძიუდოში ახლა მთავარი სასაუბრო თემა ის სკანდალია, რომელიც სააშკარაოზე გასულ კვირაში გამოვიდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამჟამად კი პარლამენტარმა ზურაბ ზვიადაურმა გასულ კვირაში, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ქართულ ძიუდოში არსებულ ერთ-ერთ პრობლემაზე - ეროვნული გუნდისთვის შექმნილ ცუდ სავარჯიშო პირობებზე გაამახვილა ყურადღება და ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ძიუდოს 90-იან წლებში დაბრუნებაში დაადანაშაულა.

ზვიადაურმა განაცხადა, რომ მას არსებული ცუდი პირობების შესახებ ინფორმაცია ნაკრების გამოცდილმა წევრებმა მიაწოდეს.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის ბრალდებას ფედერაციის პრეზიდენტმა არანაკლებ მწვავე განცხადებით უპასუხა და თითქოს ხმაურიც მიწყნარდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღით, ვიდრე დავით ქევხიშვილს უკვე თავად მოქმედმა ძიუდოისტებმა არ შეუტიეს. სკანდალი კიდევ უფრო ღვივდება და დიდი ალბათობით, შიდა დაპირისპირებების ახლო მომავალში დალაგება წარმოუდგენელია.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ევროპის 3-გზის ჩემპიონმა ვარლამ ლიპარტელიანმა საინფორმაციო სააგენტო for.ge-სთან საუბარში დაადასტურა ზურაბ ზვიადაურის მიერ გაკეთებული განცხადება, სავარჯიშო დარბაზში გათბობის პრობლემის შესახებ. თქვა, რომ ნაკრების წევრებს ქურთუკებით და წინდებით უწევთ ვარჯიში. ოთხი-ხუთი მათგანი კი გაყინულ დარბაზში გაცივდა და საწვრთნელი პროცესის გაგრძელებას ვერ ახერხებს.

ლიპარტელიანისვე განცხადებით, პრობლემა უკვე ორი კვირაა პრობლემად რჩება, რადგან ფედერაციის პრეზიდენტს ძიუდოისტების პრობლემები არ აინტერესებს.

დავით ქევხიშვილი ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა - ადამ ოქრუაშვილმაც ღიად გააკრიტიკა. ევროპის მოქმედი ჩემპიონის განცხადებით, ოლიმპიური თამაშები კარსაა მომდგარი და გუნდს ნორმალური სავარჯიშო პირობები არ აქვს.

დაბოლოს, ერთი მესიჯიც, რომელიც ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული კომენტარებიდან ყველაზე სახიფათო და ყურადსაღებია. საქართველოს ნაკრების წევრები ქვეყნიდან წასვლის და სხვა ქვეყნის ნაკრების სახელით ჭიდაობის ალბათობასაც ახსენებენ, თუმცა საბედნიეროდ, იქვე დასძენენ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმას პირველ ყოვლისა, ქართველი გულშემატკივრებისადმი პატივისცემის გამო არ აპირებენ.

0.118225