ფეხბურთი

15:25 | 30.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა ჯახი "ნოუ კამპზე”

ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს, საქართველოს დროით 19:00 საათზე, “ნოუ კამპზე” შედგება, სადაც ლა ლიგის ლიდერები “ბარსელონა” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ამ მომენტისთვის ორივე კლუბს თანაბარი 48-48 ქულა აქვთ აქტივში, თუმცა კატალონიურ გრანდს ერთი მატჩში თადარიგში აქვს და დიდი ალბათობით, წინ გაჭრის შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

შესაბამისად, დიეგო სიმეონეს გუნდის მთავარი ამოცანა დღევანდელ მატჩში მაინც ქულის მოპოვება უნდა იყოს, რადგანაც მარცხის შემთხვევაში კატალონიურ გუნდს პოტენციურად უკვე 6 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.

კლუბებმა შუა კვირაში ესპანეთის თასის 1/4 ფინალში ითამაშეს და ერთმანეთისგან საპირისპირო შედეგი აჩვენეს. “ბარსელონა” შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო მადრიდულმა გრანდმა შინ “სელტასთან” წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.

ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, “ბლაუგრანა” დღეს უპირობო ფავორიტია. “როხიბლანკომ” “ნოუ კამპზე” “ბარსელონას” დამარცხება ბოლოს 2006 წლის 5 თებერვალს შეძლო (3:1), როდესაც ფერნანდო ტორესმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი ბურთი მაქსი როდრიგესმა გაიტანა. მასპინძელთაგან კი, პრესტიჟის ბურთი ჰენრიკ ლარსონმა შეაგდო. იმ მატჩის შემდეგ კლუბები ერთმანეთს 11-ჯერ დაუპირისპირდნენ “ნოუ კამპზე”, საიდანაც 7 მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო 4 ფრედ დასრულდა.

ლა ლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი 11 მატჩიდან “ბარსელონამ” 9 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დასრულდა. ამ მატჩებში კატალონიელებმა 25 გოლი გაიტანეს, ხოლო მადრიდელებმა მხოლოდ 7. “როხიბლანკოს” ზედიზედ 5 მატჩი აქვს წაგებული “ბლაუგრანასთან” და ლუის ენრიკე ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც დიეგო სიმეონეს გაწვრთნილი “ატლეტიკო” ზედიზედ 5-ჯერ დაამარცხა.

გამოსარჩევია ლიონელ მესის სტატისტიკა “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებებში. მან 27 მატჩში მადრიდელები 24-ჯერ დაამწუხრა და 4-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

ასევე საინტერესოა, რომ “ბლაუგრანას” მცველმა ალეიშ ვიდალმა ლა ლიგაში პირველი გოლი სწორედ “როხიბლანკოს” გაუტანა.

დღევანდელი დღე კი, ყველაზე განსაკუთრებული არდა თურანისთვის იქნება, რომელსაც 29 წელი შეუსრულდა და საკუთარ იუბილეზე იმ კლუბს დაუპირისპირდება, რომლის რიგებშიც 4 სეზონი ასპარეზობდა.

მასპინძლებს რაფინია ჰყავთ ტრავმირებული, ხოლო ხორდი ალბას თამაში საეჭვოა.

“სელტასთან” სათამაშო მატჩი უკვე ვახსენეთ და უნდა ითქვას, რომ “ატლეტიკომ” ვერც ლა ლიგის ბოლო მატჩში იმარჯვა. მადრიდელებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად შინ “სევილიას” ვერ გაუტანეს და მხოლოდ ქულას გამორჩნენ. ამ მატჩში იან ობლაკმა მიმდინარე ლა ლიგაში მეთოთხმეტედ შეძლო კარის მშრალი შენახვა და სულ 21 მატჩში 8 გოლი აქვს გაშვებული, რაც დიდებული შედეგია. ცნობისთვის, გუნდი, რომელმაც ერთ სეზონში ყველაზე მეტჯერ შეინახა მშრალად კარი “დეპორტივოა”, რომელმაც 1993/94 წლების სეზონში 38 მატჩიდან 26 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი. ობლაკს ამ რეკორდის განმეორება ძალიან გაუჭირდება, თუმცა მისი სტატისტიკა მაინც ბრწყინვალედ გამოიყურება. მას ზედიზედ 5 მატჩია არ გოლი არ გაუშვია, ხოლო ერთადერთი კლუბი, რომელმაც მიმდინარე სეზონში იანს ერთ მატჩში ორი ბურთი გაუტანა სწორედ “ბარსელონაა”, რომელმაც პირველ წრეში “ვისენტე კალდერონზე” 1:2 იმარჯვა.

დიეგო სიმეონე დისკვალიფიკაციის გამო ანხელ კორეას მოისაკლისებს, ხოლო ლუკას ერნანდესი, ტიაგო მენდეში და ფერნანდო ტორესი, რომელმაც პირველ წრეში კატალონიელებს გაუტანა, ტრავმირებულნი არიან.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, მატიე, ალვეში, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი, გოდინი, ხიმენესი, ხუანფრანი, ლუისი, გაბი, საული, ა.ფერნანდესი, კოკე, კარასკო, გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: უნდიანო მალენკო

დღის მატჩები:

19:00 ბარსელონა – ატლეტიკო
21:15 ეიბარი – მალაგა
21:15 ხეტაფე – ბილბაო
23:30 ვილიარეალი – გრანადა
01:05 სოსიედადი - ბეტისი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119077