ბლოგი

17:15 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენებური თვითგვემა

საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ ყოველთვის ცდილობდნენ, რომ აქედან გაეღწიათ. ყოველ შემთხვევაში, რაც თავი მახსოვს სულ ასე იყო და ჩვენი თანამემამულეების მოზრდილი ნაწილი სულ იმის ცდაში იყვნენ, რაიმენაირად სხვაგან ეპოვათ თავიანთი ოცნებების ახდენის ალაგი.

მხოლოდ სულ რამდენიმე ქართველი გამოდგა ისეთი, რომლებმაც ეს ოცნებები აისრულეს და რაც მთავარია, ამით საკუთარ სამშობლოსაც გაუკვალეს გზა მთელს მსოფლიოში ცნობადობისაკენ. ერთ-ერთი ასეთია ზაზა ფაჩულია, რომელის მართლაც რომ ყველაზე პოპულარული ქართველია ამ დუანიაზედ და "ყველა ვარსკვლავის" მატჩის შეხვედრაში მონაწილეობა არამხოლოდ მისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი წარმატება იქნება.

ერთი შეხედვით ეს ყველაფერი მარტივია და კითხვებსაც არ უნდა ბადებდეს, მაგრამ ჩვენ ხომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ხშირად თავდაყირაა და ერთი შეხედვით თვალსაჩინო ჭეშმარიტებაც კი აბსურდული განხილვის საგანი ხდება ხოლმე. ზაზას შემთხვევაშიც ასე მოხდა და გამოჩნდნენ არაერთი "ზემოდან მაყურებელი" ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით ზაზა ფაჩულიასათვის სარეიტინგო ხმის მიცემას "ქაჯობად", "გოიმობად" და ასე განსაჯეთ - "ფაშისტურ გამოხდომადაც" კი მიიჩნევენ. აქაოდა, ქართველი რომაა იმიტომ კალათბურთელისათვის ხმის მიცემა აბა რა საკადრისიაო.

ყველაზე უცნაური ამ ამბავში სწორედ ისაა, რომ მავანთ უკვირთ სპორტსმენისათვის ხის მიცემა ეროვნული ნიშნით რომ ხდება. მაინც რა არის ამაში საოცარი და გასაკვირველი? რატომ ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში? რატომ შეიძლება წავიდეს ადამიანი მაგალითად ძიუდოს ტურნირის სანახავად თუ ის მაინცა და მაინც ძიუდოს დიდი ფანატი არ არის? და საერთიდ, რატომ არსებობს ეროვნული ნაკრებები, ანდა თუნდაც ქალაქების საფეხბურთო კლუბები? ეს ყველაფერი სულ მარტივი რამით აიხსნება. ყველა თავისიანს, თავის თანაქალაქელს, თანამემამულეს და მეზობელს ქომაგობს და ეს რა თქმა უნდა არ იქნება მთლად ობიექტურობაზე აგებული ამბავი.

გულშემატკივრობა და ობიექტურობა ხშირად ძირეულად საწინააღმდეგო მცნებებია და ამაზე კაცობრიობა დიდი ხანია შეთანხმდა. ჩვენ ჩვენს მორაგბეებსა თუ კალათბურთელებს ლამაზი თვალების გამო არ ვქომაგობთ და არც ძალოსნების კუნთების გამო ვნერვიულობთ ოლიმპიადების მიმდინარეობისას. ჩვენი მოტივაცია მარტივია და გასაგები - საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა უნდა აფრიალდეს და ეს რაც უფრო ხშირად მოხდება, ჩვენი სიხარულისა და სიამაყის მასშტაბებიც ამის შესაბამისად გაიზრდება.

ყველა ქვეყანაში ასე არ არის? ანდა რატომ არ უნდა იყოს ასე? მაგრამ არა! ჩვენ ისე ძალიან გვიყვარს თვითგვემა, რომ ხშირად თან გვდევს ბეჩავი და პატარა ერის კომპლექსი და თანამემულეების წარმატებასაც ხანდახან ეჭვის თვალით ვუყურებთ. აბა ქართველი როგორ შეიძლება მსოფლიოში პირველი იყოს? ქართველმა როგორ შეიძლება ყველას აჯობოს? თუ არ აჯობებს ამასაც ვნახავთ!

‪#‎NBAVOTE Zaza Pachulia

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115331