ფეხბურთი

16:21 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირება

ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს 7 შეხვედრა გაიმართება. პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერი “ლესტერი” გასვლაზე ბოლო ადგილოსან “ასტონ ვილას” დაუპირისპირდება და ეცდება, მორიგი 3 ქულა მოიპოვოს.

21:30 ასტონ ვილა - ლესტერი

კლაუდიო რანიერის შეგირდებმა წინა ტურში სტუმრად “ტოტენჰემი” დაამარცხეს და საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს, რომ მათი ასეთი თამაში შემთხვევითობა არაა.

თავად იტალიელი სპეციალისტი კი, თავისას განაგრძობს და იძახის, რომ ჩემპიონობაზე არავინ ფიქრობს, თუმცა დრო გადის და “ლესტერი” პოზიციებს არაფრით არ თმობს.

ბოლო ტურებში გოლები ვეღარ გააქვთ რიად მაჰრეზსა და ჯეიმი ვარდის, თუმცა წინა ტურში უკვე მცველებმა ითავეს “ლესტერის” გამარჯვება და კრისტიან ფუჩსის გადაცემით, რობერტ ჰუტმა მოახერხა სამქულიანის გატანა.

“მელიებს” ერთადერთი მოთამაშე ჰყავთ ტრავმრებული – შლუპი.

“ასტონ ვილამ” წინა მატჩში პირველი ტურის შემდეგ პირველად იმარჯვა, 19-მატჩიანი მოუგებელია სერია შეწყვიტა და 156 დღის შემდეგ პირველად მოიგო. შესაბამისად, რემი გარდის კრებული კარგ ხასიათზეა და ეცდება, რომ ზედიზედ მეორედ მოახერხოს სამი ქულის მოპოვება, რითაც ოდნავ წამოეწევიან კონკურენტებს.

ბირმინგემელებს გასულ მატჩში კოზაკი და ალი სისოხო დაუბრუნდათ (“პორტოი” იყო განათხოვრებული), ხოლ გუზანის ნაცვლად, ბანი იდგა კარში, რაც კლუბს სასიკეთოდ დაადგა.

რემი გარდი დღეს ტრავმების გამო ადამა ტრაორეს, ალან ჰატონსა და ჯორდან ამავის მოისაკლისებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ასტონ ვილა (4-2-3-1): ბანი, ოკორე, კლარკი, სისოხო, ბაკუნა, ვესტვუდი, გაიე, ხილი, ვერეტუტი, ჯ.აიუ, ჟესტედი.
მწვრთნელი: რემი გარდი

ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი, ფუჩსი, კანტე, დრინკვთერი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი, ოკაზაკი, ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

მსაჯი: როჯერ ისტი

19:00 მანჩესტერ სიტი – კრისტალ პალასი

“მანჩესტერ სიტი”, ისევე როგორც სხვა წამყვანი კლუბები, მიმდინარე სეზონში არადამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა ლიდერ დუეტთან სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა. მანჩესტერელებმა გასულ ტურში დიდი უპირატესობის მიუხედავად “ევერტონს” ვერ გაუტანეს და 2 ქულა დაკარგეს.

ამიტომაც, დღეს “ქალაქელები” ეცდებიან, რომ რაც შეიძლება დამაჯერებლად მოიგონ და გულშემატკივრები გაახარონ. პელეგრინის შეგირდები შინ ნათამაშები მაჩვენებლის მიხედვით პირველ ადგილზე არიან, თუმცა “ევერტონთან” ნათამაშები ფრის გარდა, უკვე ორი წაგება აქვთ “ეტიჰად სთედიუმზე”.

დღეს ისინი კომპანის, ნასრის, მანგალას, ფერნანდინიოსა და რობერტსის გარეშე ითამაშებენ. საეჭვოა ბონის თამაშიც.

კარგ სეზონს ატარებს “კრისტალ პალასი”, რომელსაც 31 ქულა აქვს და მე-4 ადგილოსან “ტოტენჰემს” მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. თანაც, “არწივებს” ზედიზედ 4 მატჩია არ მოუგიათ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაღალ პოზიციებს ინარჩუნებენ. აღსანიშნავია, რომ ალან პარდიუს კრებული გასვლაზე ძალიან კარგად ასპარეზობს და ამ მაჩვენებლით პრემიერლიგაში მე-5 ადგილზეა, ხოლო მეტოქეთა სტადიონებზე ყველაზე ცოტა, 8 ბურთი აქვთ გაშვებული.

ლონდონელები გაილის, ვიკჰემს, ბოლასისა და აპიას მოისაკლისებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, დემიჩელისი, ოტამენდი, ზაბალეტა, კოლაროვი, დელფი, ტურე, დე ბრუინი, სილვა, სტერლინგი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

კრისტალ პალასი (4-5-1): ჰენესი, დანი, დელანი, იარდი, სუარე, კაბაიე, ლედლი, მაკარტური, პანჩონი, საკო, ვიკჰემი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

მსაჯი: ჯონათან მოსი

19:00 ჩელსი – ევერტონი

ძალიან საინტერესო მატჩი შედგება “სტემფორდ ბრიჯზე”, სადაც ადგილობრივი “ჩელსი” “ევერტონს” მიიღებს. გუს ჰიდინკის მოსვლის შემდგომ ლონდონელებს არ წაუგიათ, თუმცა 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს და კვლავ მე-14 ადგილზე იმყოფებიან.

ამ მომენტისთვის “ჩელსი” მე-4 ადგილოსან 12 ქულით ჩამორჩება, თუმცა გათამაშების დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი და თუ კლუბმა ათამაშება დროულად მოახერხა, ოთხეულზე ფიქრი ჯერ კიდევ შესაძლებელია.

“არისტოკრატებს” კრისტიან ატსუ, რადამელ ფალკაო და ედენ აზარი ჰყავთ ტრავმირებულნი.

“ევერტონს” დღევანდელ მეტოქეზე 4 ქულით მეტი აქვს და სამი პოზიციით მაღლა იმყოფება და დღეს დამარცხების შემთხვევაში, მინიმალურამდე მოიახლოვებს. მერსისაიდელები მიმდინარე სეზონში გასვლებზე ძალიან კარგად გამოიყურებიან და ერთადერთი მარცხი ლონდონის “არსენალთან” აქვთ განცდილი (1:2).

ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში “ევერტონს” მისთვის უჩვეულოდ ბევრი გოლი გააქვს. მიმდინარე პრემიერლიგაში მათ ანგარიშზე უკვე 36 გოლია, საიდანაც 15 ბურთი “ჩელსის” ყოფილ ფორვარდზე რომელუ ლუკაკუზე მოდის.

სტუმრებს ტრავმების გამო კოულმენი, მაკკარტი, ბრაუნინგი, კლევერლი და ჰიბერტი დააკლდებიან.

პირველი წრის მატჩში “ევერტონმა” სტივენ ნეისმიტის ჰეთ-თრიკით აჯობა “ჩელსის” (3:1).

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ზუმა, ტერი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მიკელი, ფაბრეგასი, ვილიანი, ოსკარი, პედრო, კოშტა.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, მორი, იაგიელკა, სტოუნზი, ბეინსი, ბერი, ბეშიჩი, ბარკლი, ლენონი, დეულოფეუ, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

მსაჯი: მაიკ ჯონსი

დღის სხვა მატჩები:

16:45 ტოტენჰემი – სანდერლენდი
19:0 ბორნმუთი – ნორვიჩი
19:00 საუთჰემპტონი – ვესტ ბრომვიჩი
19:00 ნიუკასლი – ვესტ ჰემი

0.110096