ბლოგი

12:40 | 10.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ეფრემა და არაბი

რთულია ქვეყანა უწოდო იმ უბედურებას, როგორიც საქართველო დავით აღმაშენებლამდე იყო. ეს იყო მთლიანად გაპარტახებული, დაშლილი, დანაწევრებული, დამშეული და ერთმანეთზე გადაკიდებული კუთხეების ტერიტორია, რომელიც უპატრონობით ისე იყო გატყევებული, რომ ყოფილი ნასოფლარებიც კი საერთოდ გამქრალიყო და მათ ადგილზე დიდი ტყეები შრიალებდნენ. შემდგომში დავით აღმაშენებელს აკი ამიტომაც უწოდეს ”ტყეების მეფე” – აქოდა, ეგ რა მეფეა, ტყეების მეტი არაფერი აქვს სამბრძანებლო და სამართავიო.

და მაინც, ხალხი მაშინდელ საქართველოში მაინც ახერხებდა გადარჩენას და ვინც მთაში არ იყო გახიზნული, ბარშიც დამალვითა თუ ეშმაკობით, მოსავლის მოწევასაც კი ახერხებდნენ. ხოლო, არაბების მიერ საუკუნეების მანძილზე დაპყრობილ თბილისში კი ვაჭრობა ყვაოდა და მაშინდელი გაგებით, კავკასიის “მეგაპოლისი” სწორედ თბილისი იყო, თავისი ფინანსებითა თუ შესაძლებლობებით და გაგიკვირდებათ და ტოლერანტულობითაც კი. ტოლერანტულობით არაბების ხელში!

თბილისი - ეს იყო მულტიეთნიკური, კლდეებზე შეფენილი ქალაქი უზარმაზარი გალავნითა და რამდენიმე კარიბჭით. ორი დიდი სასმელი წყლის არხით და ერთი საიდუმლო გვირაბით, რომელიც როგორც ამბობენ, მტკვრის ქვეშ გადიოდა და დღევანდელ დავით აღმაშენებლის გამზირის ტერიტორიაზე (სადაც მაშინ ტყე იყო) ამოდიოდა. თბილისელების დიდ ნაწილს მაშინ ჯერ კიდევ ქართველები შეადგენდნენ. გამუსულმანებული ქართველები. თუმცა მცირე რაოდენობით ქრისტიანებიც იყვნენ და სწორედ ისინი უვლიდნენ აქა-იქ შემორჩენილი ტაძრების ნანგრევებს.

თბილისელების უმთავრეს გასართობებს შორის იყო ჭიდაობა, რომელიც მაშინდელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ქართველებიც ხომ ჭიდაობას უკვე დიდი ხანია მისდევდნენ. ამ ამბავის გმირია თბილისელი ეფრემა, რომელიც შესაძლოა შემდგომში აკაკი წერეთელმა თავის “ბაში აჩუკში” პერსონაჟად გამოიყენა კიდეც. ეს ეფრემა იყო ტანდაბალი და ჯმუხი, მაგრამ მისი წამქცევი ვერ გამოინახა და ეს ნამეტანი აშფოთებდათ არაბებს. აბა სადაური წესია, ქალაქი ამდენი ხანი შენს ხელშია, ბატონიც შენა ხარ და მოაჯეც და ამ დროს ერთი პატარა კაცი ვერ წაგიქცევია, რომელიც ზედიზედ ამარცხებს სულ რჩეულ ფალავნებს და კაცი არ იქნა მისი მომრევი.

სწორედ ამიტომ, თბილისის არაბული გარნიზონის უფროსმა, ჩვენებურად კი ციხისთავმა, თავის უფროსებს წერილი მისწერა და სპეციალურად ჩამოაყვანინა განთქმული მოჭიდავე, რომელსაც ჯერ ბეჭი არ დაედო მიწაზე. აქ კი უკვე ჩვენი წარმოდგენები შეგვიძლია ჩავრთოთ თუ როგორ შეერკინებოდნენ ერთმანთს ეს ორი ფალავანი ხალხით სავსე მოედანზე. როგორ უქომაგებდნენ ქართველები ეფრემას, არაბები კი მათ ფალავანს, როგორ იდგებოდნენ სახლის ბანებზე ქალები და როგორ დაუქნევდნენ მანდილებს მათი ქალაქის საუკეთესო მოჭიდავეს და როგორ გაამართლებდა ისიც მათ იმედებს (ვინ იცის მერამდენედ...).

ეფრემამ არაბი ფალავანი ლამაზი ილეთით დაამარცხა და როგორც წერეთლის მიერ ქართულ-ირანულ ჭიდობად (ბაში აჩუკისა და აბდუშაჰილის ჭიდაობის ამბავი) ვარირებულ ამბავში ვხედავთ, შეიძლება დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონოდა ამას. ამბავს, რომელიც საუკუნეების მიღმიდან მკრთალად მოსჩანს და მცირედ, სულ მცირედ მაინც გვაძლევს იმედს მომავლისა.

0.113798