ფეხბურთი

12:39 | 19.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერის” გამოცდა “გუდისონ პარკზე” გაგრძელდება

ინგლისის ჩემპიონატის მე-17 ტურის პირველ სათამაშო დღეს 7 შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს “გუდისონ პარკზე” გასამართი მატჩი იწვევს, სადაც გათამაშების სენსაციური ლიდერი “ლესტერი” ადგილობრივ “ევერტონს” დაუპირისპირდება.

19:00 ევერტონი – ლესტერი

“ლესტერს” კვლავ უამრავი სკეპტიკოსი ჰყავს და ვარაუდობენ, რომ კრიზისი დაეწყება. თუმცა, ჯერჯერობით ყველაფერი საპირისპიროდაა და კლაუდიო რანიერის გუნდს შესაძლო ჩავარდნის არაფერი ეტყობა. “მელიები” შესანიშნავად გამოიყურებიან და ბოლო ტურში “ჩელსისთან” მათ გამარჯვებას ჟოზე მოურინიო ემსხვერპლა.

საოცარ ფორმაში არიან "ლესტერის” წარმატების სულისჩამდგმელები ჯეიმი ვარდი და რიად მაჰრეზი. აღნიშნული დუეტის ანგარიშზე 26 გოლია და ამაზე მეტი გოლი პრემიერლიგაში მხოლოდ სამ კლუბს აქვს გატანილი: “ევერტონს”, “სიტისა” და “არსენალს”. ისე კი, “ლესტერს” პრემიერლიგაში მეტოქეთა კარი ყველაზე მეტჯერ აქვს დალაშქრული – 34-ჯერ.

მიუხედავად “მელიების” ასეთი ფორმისა, იოლი შეხვედრა არ უნდა გამოუვიდეთ. “ევერტონი” საკუთარ მოედანზე ყოველთვის კარგად თამაშობს და რობერტო მარტინესის შეგირდებს პრემიერლიგაში 6 მატჩია არ წაუგიათ (3 მოგება და 3 ფრე). “კანფეტები” 23 ქულით მე-10 ადგილს იკავებენ.

მასპინძლებს იაგიელკა, პიენაარი, ჰიბერტი, ბრაუნინგი და მაკკარტი ჰყავთ ტრავმირებულნი. სტუმრებს ამავე მიზეზის გამო დრინკვოთერი, დე ლაეტი და ჯეიმსი არ ეყოლებათ, ხოლო ჰუტი დისკვალიფიცირებულია.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩში მიმდინარე პრემიერლიგის სამი საუკეთესო ბომბარდირი ითამაშებს. მასპინძელთაგან რომელუ ლუკაკუს 12 გოლი აქვს გატანილი, ხოლო სტუმართაგან ვარდის 15, მაჰრეზს კი – 11.

სავარაუდო შემადგენლობები

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, სტოუნზი, მორი, ბეინსი, კოულმენი, ბერი, კლევერლი, კონე, ბარკლი, დეულოფეუ, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ფუჩსი, მორგანი, ვასილევსკი, სიმპსონი, კანტე, კინგი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი, ულოა, ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

მსაჯი: ჯონათან მოსი

კრიზისში მყოფი “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელსაც პრემიერლიგაში 3, ხოლო ყველა ტურნირზე ერთად 5 მატჩია არ მოუგია, შინ “ნორვიჩს” დაუხვდება და მიმდინარე თვეში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. “იუნაიტედმა” ბოლოს 21 ნოემბერს “უოტფორდს” მოუგო (2:1). ლუის ვან გაალს შემადგენლობის მხრივ კვლავ სერიოზული პრობლემები აქვს. ტრავმირებულნი არიან: სმოლინგი, როხო, დარმიანი, ერერა, რუნი, ვალენსია და შოუ, ხოლო შვაინშტაიგერი დისკვალიფიცირებულია. მასპინძლებს ფაქტობრივად განახევრებული შემადგენლობით მოუწევთ თამაში, რაც “ნორვიჩის” წისქვილზე ასხამს წყალს.

უმწვრთნელოდ დარჩენილი ლონდონის “ჩელსი” “სანდერლენდს” უმასპინძლებს და თუ ვერ მოიგო, შესაძლოა გასავარდნ ზონაში აღმოჩნდეს. “ჩელსი” 15 ქულით მე-16 ადგილს იკავებს და საშიშ ზონას 1 ქულით უსწრებს.

ლონდონის “ტოტენჰემი”, რომელმაც 14-მატჩიანი წაუგებელი სერია წინა ტურში “ნიუკასლთან” შეწყვიტა, გასვლაზე “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდება.

შაბათის განრიგი ასეთია:

19:00 ჩელსი – სანდერლენდი
19:00 ევერტონი – ლესტერი
19:00 მანჩესტერ იუნაიტედი – ნორვიჩი
19:00 საუთჰემპტონი – ტოტენჰემი
19:00 სტოკი – კრისტალ პალასი
19:00 ვესტ ბრომვიჩი – ბორნმუთი
21:30 ნიუკასლი – ასტონ ვილა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109198