ფეხბურთი

23:15 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მანჩესტერელები ყურადღების ცენტრში

ინგლისის ჩემპიონატის მე-16 ტურის პირველ სათამაშო დღეს 6 შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს მანჩესტერული კლუბების მატჩები იწვევს. “მანჩესტერ სიტი” შინ “სუონსის” ეთამაშება, ხოლო “იუნაიტედი” გასვლაზე ”ბორნმუთს” დაუპირისპირდება.

19:00 მანჩესტერ სიტი – სუონსი

“მანჩესტერ სიტი” ხვალ გასამართ დაპირისპირებას მშვენიერ ხასიათზე ხვდება. მათ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე შინ “გლადბახი” დაამარცხეს (4:2), ხოლო “იუვენტუსმა” გასვლაზე “სევილიასთან” წააგო და პირველ ადგილზე “ქალაქელები” გავიდნენ.

ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, პრემიერლიგის ბოლო მატჩი “სიტიმ” ცუდად ჩაატარა, გასვლაზე “სტოკთან” წააგო (0:2) და მე-3 პოზიციამდე დაქვეითდა.

“ქალაქელებს” ხვალინდელ მატჩში კომპანი, ფერნანდო, ზაბალეტა, რობერტსი, ნასრი და აგუერო არ ეყოლებათ, თუმცა გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ, რადგანაც მათი მეტოქე საშინელ ფორმაშია და ორიოდე დღის წინ, გარი მონკის გაშვების შემდგომ უმწვრთნელოდაც დარჩა. “გედებს” დროებით ალან კურტისი უხელმძღვანელებს.

მონკის წასვლა კი ლოგიკური გახლდათ, რადგანაც ბოლო 9 მატჩიდან უელსურმა კლუბმა მხოლოდ 1 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.

სტუმრებს ტრავმების გამო ედერი და ტაბანუ დააკლდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, მანგალა, ოტამენდი, სანია, კოლაროვი, ფერნანდინიო, ტურე, დე ბრუინი, სილვა, სტერლინგი, ბონი.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, ნოუტონი, ნ.ტეილორი, კი, შელვი, სიგურდსონი, რუტლიჯი, მონტერო, გომისი.
მწვრთნელი: ალან კურტისი

მსაჯი: რობერტ მედლი

21:30 ბორნმუთი – მანჩესტერ იუნაიტედი

რადიკალურად განსხვავებული განწყობა სუფევს მეორე მანჩესტერულ კლუბში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა და ევროპა ლიგაზე მოუწევს გადანაცვლება.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში განხორციელებული არაერთი ხმაურიანი ტრანსფერის მიუხედავად, ლუის ვან გაალის გუნდი ვერაფრით ათამაშდა სასურველ დონეზე, რის გამოც, ჰოლანდიელ სპეციალისტს მუდმივად აკრიტიკებენ.

სათქმელია ისიც, რომ “იუნაიტედს” უამრავი ტრავმირებული ჰყავს და ამის ფონზე “წითელი ეშმაკების” არადამაჯერებელი თამაში გასაკვირი არაა. ხვალინდელ მატჩში ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ: სმოლინგი, ჯონსი, როხო, დარმიანი, ვალენსია, შოუ, ერერა, შნეიდერლენი და რუნი, ხოლო შვაინშტაიგერი დისკვალიფიცირებულია.

“იუნაიტედს” ფაქტობრივად განახევრებული შემადგენლობით მოუწევს თამაში, რაც მასპინძელთა წისქვილზე ასხამს წყალს. გასულ ტურში “ბორნმუთმა” გასვლაზე “ჩელსის” სძლია (1:0) და რვამატჩიანი მოუგელი სერია შეწყვიტა. ედი ჰაუს შეგირდები მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ფსიქოლოგიურად დათრგუნულ და უამრავი პრობლემის მქონე სახელოვან კლუბთან, ქულა ან ქულები მოიპოვონ.

მასპინძლები ფედერიკს, პუგის, გრადელს, ატსუს, მინგისა და უილსონს მოისაკლისებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი, კუკი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, სურმანი, არტერი, გოსლინგი, სტანისტალი, რიტჩი, კინგი.
მწვრთნელი: ედი ჰაუ

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, მაკნეირი, ბლინდი, იანგი, ვარელა, კერიკი, ფელაინი, მატა, ლინგარდი, დეპაი, მარტიალი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

მსაჯი:ენტონი ტეილორი

აღნიშნული შეხვედრების გარდა, კიდევ ოთხი მატჩი გაიმართება:

16:45 ნორვიჩი – ევერტონი
19:00 კრისტალ პალასი – საუთჰემპტონი
19:00 სანდერლენდი – უოტფორდი
19:00 ვესტ ჰემი – სტოკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110076