კალათბურთი

19:05 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“აკადემიას” არც ამჯერად გაუმართლა

“მგზავრები-არმია” –“აკადემიის” შეხვედრით დასრულდა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო, მეშვიდე ტური.

ფავორიტად ძალოვნები ითვლებოდნენ, რადგან პირველი წრის ბოლო ტურის წინ ორი მოგება ჰქონდათ, ხოლო გამოკვეთილ აუტსაიდერ “აკადემიას” მოგებით გამოწვეული სიხარული ჯერაც არ განუცდია. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა “მგზავრები-არმიას” უპირატესობით დაიწყო. იყო ეპიზოდები, როცა ბუბა ბერიშვილის შეგირდები ანგარიშში 15 ქულაზე მეტი სხვაობითაც კი ლიდერობდნენ. მეორე ტაიმში “აკადემია” გააქტიურდა, რომლის რიგებშიც 4 ლეგიონერი თამაშობს. გელა წულაძის შეგირდებმა ანგარიშში სხვაობა ჯერ შეამცირეს, შემდეგ კი წინ გასვლაც მოახერხეს და სამი მეოთხედის შემდეგ 55:54 დაწინაურდნენ. მატჩის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. დროის ეს მონაკვეთი “მგზვარები-არმიამ” უკეთ ჩაატარა, 77:68 შეძლო მეტოქის დამარცხება და მიმდინარე ჩემპიონატში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

რაც შეეხება “აკადემიას”, სუპერლიგის დებიუტანტმა ზედიზედ მეშვიდე მარცხი განიცადა და გამარჯვებისთვის განკუთვნილ გრაფაში კვლავ ნული დარჩა.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი “აკადემიას” ბელარუსმა ლეგიონერმა ვლადიმერ კრისევიჩმა აჩვენა, რომელმაც 25 ქულით და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ამის მიუხედავად, მისმა გარჯამ “აკადემიას” ვერ უშველა. “მგზავრები-არმიას” რიგებში ყველაზე შედეგიან კაჰიმ რაშად რენსომის ანგარიშზე 20 ქულა, 7 პასი და ამდენივე მოხსნაა. მისი თანაგუნდელებიდან ორმაგი დუბლის ავტორ რეჯინალდ მერფის ანგარიშზე 11 ქულა და 15 მოხსნაა.

ამრიგად, დასრულდა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე. “ბათუმის” სახით ჩემპიონატს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომელსაც 14 შესაძლებლობიდან 13 ქულა აქვს. მეორე ადგილზე მყოფი “ქუთაისი-2010” ერთპიროვნულ ლიდერს 1 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება გამოკვეთილ აუტსაიდერ “აკადემიას”, რომელსაც 14 შესაძლებლობიდან მხოლოდ 7 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 3 ქულით ჩამორჩება, მას მაინც აქვს შანსი მომდევნო წრეებში სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესოს, რადგან “ოლიმპთან” ერთად ყველაზე მეტი 4 ლეგიონერი ჰყავს და მათი ერთმანეთთან შეთამაშების შემდეგ ჩემპიონატის ნებისმიერი გუნდისთვის სერიოზული მეტოქე იქნება.

“მგზავრები-არმია” – “აკადემია” 77:68

(21:19, 27:15, 6:21, 23:13)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155722