რაგბი

16:52 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"აია" ჭაბუკთა "ა" ლიგის ჩემპიონია

25 ნოემბერს დიდ დიღომში ‘ლელო არენამ’ 2015 წლის ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ფინალს უმასპინძლა, რომელშიც სეზონის ჩემპიონის გამოსავლენად ‘ლელო სარასენსი’ და ‘აია1’ შეხვდა. დაძაბულ ფინალურ რკენაში ჭაბუკმა ‘აიელებმა’ გაიმარჯვეს (37:13) და ჩემპიონები გახდნენ.

მატჩის დაწყებისთანავე ინიციატივა ხელთ ჭაბუკმა აიელებმა იგდეს და ტაიმის ბოლომდე ორი გარდასახული ლელო მიითვალეს (ა.შვანგირაძე, თ.კვინცარიძე), რასაც თითო ჯარიმა (ს.ფურცხვანიძე) და არეკნიც (თ.კვიცარიძე) მიაყოლეს. ლელოელებმა საპასუხოდ ორი ჯარიმა (ნ.ხითარიშვილი 2-ჯერ) გაიტანეს და პირველი ნახევარი ანგარიშით 6:20 დაასრულეს.

მატჩის განახლებიდან ლელომ უმატა შეტევებს, თუმცა არც აია იჯდა გულხელდაკრეფილი და კონტრ-შეტევებსაც გვარიანად ასრულებდა. მეორე ნახევარში ‘აიელთა’ მესამე ხაზელმა საბა ერემეშვილმა ორჯერ დაამიწა თბილისელთა ლელოში, რასაც ქუთაისელთა მგეზავმა სანდრო ფურცხვანიძემ გარდასახვები მიაყოლა. მატჩი ულელოოდ არც მასპინძლებმა დაასრულეს და საფინალო სასტვენამდე ბექა საღინაძემ გადაკვეთა ‘აიელთა’ ლელოს ხაზი. პირველ ტაიმში მოპოვებული 6 ქულის ავტორმა, ნიკა ხითარიშვილმა კი ლელო გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიში 37:13 დაფიქსირდა ‘აიას’ სასარგებლოდ დაფიქსირდა.

სეზონის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორის გამოვლენა ფინალამდე ერთი დღით ადრე, 24 ნოემბერს შევარდენზე მოხდა. აქ ჭაბუკი ‘არმიელები’ რუსთავის ‘ხარებს’ დაუპირისპირდნენ და 24:22 გაიმარჯვეს.

ორივე გუნდმა სამ-სამი ლელო (არმია: გ.გოგოლაძე, დ.მესხი, ნ.მერკვილიშვილი; ხარები: ო.დოკაძე, ნ.კევლიშვილი, ნ.ცუხიშვილი) დადო და თითო-თითო ჯარიმა (არმია: ა.დაბროევი, ხარები: ლ.გაცეჩილაძე) მიითვალა, თუმცა არმიამ სამივე ლელო გარდასახა (გ.გოგოლაძე), ხოლო ხარებმა მხოლოდ ორი (ლ.გაჩეჩილაძე). შესაბამისად მესამეზე არმია გავიდა, ხოლო მეოთხე ადგილს ხარები დაეუფლნენ.

www.rugby.ge

0.115168