ფეხბურთი

16:26 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერმა ეთიკის კომიტეტი ინკვიზიციას შეადარა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის უფლებამოსილებაშეჩერებული პრეზიდენტი ზეპ ბლატერი მიიჩნევს, რომ ფიფას ეთიკის კომიტეტის ქმედებები მის მიმართ დამღუპველია.

ბლატერი, რომელიც ფიფას 17 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ამჟამად 90 დღითაა საქმიანობას ჩამოშორებული, რამდენიმე შვეიცარიულ მედია გამოცემას ესაუბრა. საინფორმაციო სააგენტო ATS-სთან საუბრისას ზეპმა ეთიკის კომიტეტის საქმიანობა მის მიმართ ინკვიზიციას შეადარა და აღნიშნა, კარგი ქრისტიანი ვარო.

ამ კომენტარს მოყვა SF DRS-სთან ჩაწერილი ინტერვიუ: “მე არუნდა ვამტკიცებდე ჩემ უდანაშაულობას,” – თქვა ბლატერმა. შვეიცარიელმა დაიჩივლა, ფიფადან ღირსეულად წასვლას ვიმსახურებ, რადგან ცუდი კაცი არ ვარო.

RTS-თან საუბრისას, ბლატერმა სინანულით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პოსტი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ უნდა დაეტოვებინა. 79 წლის შვეიცარიელმა საავადმყოფოში გატარებულ პერიოდზე და გადატანილ სტრესზეც ისაუბრა:

“სიკვდილთან ახლოს ვიყავი. მომღერალი ანგელოზების და ცეცხლისმფრქვეველი ეშმაკების შუაში ვიდექი, იქ კი ანგელოზი გახლდით, რომელიც მღეროდა.”

შვეიცარიული პროკურატურა ბლატერის და მიშელ პლატინის საქმიანობას იძიებს. უეფას პრეზიდენტს ფიფას თავკაცმა 2 მილიონი ფრანკი გადაურიცხა, რაც სამართალდამცავებმა უკანონოდ მიიჩნიეს. ორივე საფეხბურთო ჩინოვნიკი 90 დღით საქმიანობას ჩამოაშორეს და საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში გახმაურდება.

0.112574