რაგბი

12:00 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რა ხდება მესამე დონეზე

მართალია მესამე დონის ევროპის საკლუბო ტურნირში ქართული კლუბის ჩართვა ჯერ ვერ მოხერხდა, მაგრამ რადგან ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებული ყველაზე ახლოს სწორედ ამ ტურნირთანაა და იმედია, “დიდი 10”-ის მოგებული, გათამაშებაში მომავალი სეზონიდან მაინც ჩაერთვება, ვფიქრობთ, იქ ჩატარებული თამაშების შემდეგები მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს.

ქართველების უარის შემდეგ, თავად ტურნირის ორგანიზატორებმა რუსებს, რომელთა ერთმა კლუბმაც (“ენისეი”) ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირი გაზაფხულზე გადალახა და ახლახანს მეორე დონის ტურნირში ჩაერთო, ევროთასებზე მეორე გუნდის გაყვანაზე უარი თავად უთხრეს. შედეგად, აქედანვე ცნობილია, რომ გაზაფხულზე, საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე, პლეი ოფის ეტაპზე, “ენისეის” ნაცვლად ქვეყნის ამჟამინდელი ჩემპიონი “კრასნი იარი” ითამაშებს.

ამრიგად, ამჟამად საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის და ბელგიის ჩემპიონები, ასევე სამი იტალიური კლუბი თამაშობს. გუნდები ორ ოთხგუნდა ჯგუფში არიან განაწილებულნი, თითოეული გუნდი, სხვა ჯგუფის წარმომადგენელთან ოთხ თამაშს გამართავს - ორს შინ და ორს სტუმრად და ორი საუკეთესო პლეი ოფში გავა, სადაც “კრასნი იარის” გარდა იტალიური “კალვიზანო” ითამაშებს, რომელიც ამჟამად ასევე “ჩელენჯ ქაფზე” თამაშობს.

პირველ სათამაშო დღეს, იტალიურმა “რუგბი როვიგომ” პორტუგალიურ “დირეიტოს” უმასპინძლა და 29:19 დაამარცხა, მეტოქეს 3 ლელო გაუტანა (2 გაუშვა) და პრემიალური ქულა ვერ აიღო. ამავე დღეს მეორე იტალიურმა კლუბმა “ფიამე ორომ” ბრიუსელში ბელგიური “როიალ კიტურო” 24:0 დაამარცხა, მაგრამ პრემიალური 4 ლელო ვერც მან გაიტანა.

მეორე სათამაშო დღეს რუმინეთის ჩემპიონი “ტიმიშოარა-სარასენსი” ესპანურ “ვალიადოლიდს” ეწვია და 36:18 დაამარცხა. რუმინელებმა 2 ლელო გაუშვეს, მაგრამ თავად 4 გაიტანეს და “ტიმოშოარა-სარასენსი” ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელმაც ამის გამო პრემიალური ქულა აიღო. სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ლისაბონში, სადაც გერმანულმა “ჰაიდელბერგერმა” პორტუგალიური “დირეიტო” 24:21 დაამარცხა და ევროთასებზე ისტორიული გამოჩენა გამარჯვებით აღნიშნა. გერმანელებმა 2 ლელო გაუშვეს და თავად 3 გაიტანეს.

ამავე დღეს, იტალიურ დერბიში “ფიამე ორომ” “მოლიანო” 19:0 დაამარცხა და ორიდან ორი მოგება აქვს. ის და “ტიმიშოარა-სარასენსი” ჯერჯერობით ლიდერები არიან. 21 ნოემბერს “როიალ კიტუროს” იტალიური “როვიგოსთვის” უნდა ემასპინძლა, მაგრამ ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა და შეხვედრაც ამის გამო გადაიდო. “ჩელენჯ ქაფის” შესარჩევი ეტაპის მომდევნო თამაშები 12 დეკემბერსაა დანიშნული.

მოცემული მომენტისთვის ჯგუფებში ასეთი მდგომარეობაა

A ჯგუფი: 1. ფიამე ორო (იტალია) - 8 ქულა (2 თამაში); 2. როვიგო (იტალია) - 4 (1); 3. ჰაიდელბერგერი (გერმანია) - 4 (1); 4. ვალიადოლიდი (ესპანეთი) - 0 (1);

B ჯგუფი: 1. ტიმიშოარა-სარასენსი (რუმინეთი) –-5 (1); 2. დირეიტო (პორტუგალია) - 1 (2); 3. როიალ კიტურო (ბელგია) - 0 (1); 4. მოლიანო (იტალია) - 0 (1).

0.113958