ძიუდო

23:30 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

5 ქართველი ძიუდოისტი კორეულ გრან-პრიზე

26 ნოემბერს, კორეულ ჯეჯუში ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოს ხუთი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას – 3 ვაჟი და 2 ქალი.

სამხრეთ კორეაში ვაჟა მარგველაშვილი (66), გურამ თუშიშვილი, ალექსანდრე მსხალაძე (ორივე – 100), მარიამ ჯანაშვილი (52) და ესტერ სტამი (70) იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ვაჟთა ნაკრების ხელმძღვანელობა აქცენტს იმ ორ წონაზე აკეთებს, სადაც ოლიმპიადის ლიცენზია ჯერ კიდევ არ გაგვინაღდებია – 66-სა და 100-ზე. ისიც ვთქვათ, რომ ვაჟთა ძირითადი ნაკრები ამჟამად შეკრებაზე ტოკიოშია წასული, სადაც 5-6 დეკემბერს ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე" იჭიდავებს.

ხვალ თავის პირველ სალიცენზიო შეჯიბრებას იჭიდავებს მარიამ ჯანაშვილი (52). ის პირველივე წრეში აზიის პრიზიორ მი-რი კიმს ხვდება. ამავე ჯგუფშია ახალგაზრდებიდან მისთვის კარგად ნაცნობი ბულგარელი, ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონი ბეტინა ტემელკოვა, თუმცა ჯგუფის ფავორიტი მაინც ფრანგი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ანაბელე ეურანია.

ვაჟთა შორის 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი პორტუგალიელი სერჟიუ ოლეინიკის პირისპირ დადგება.

27 ნოემბერს ქართველთაგან მხოლოდ ესტერ სტამი (70) იასპარეზებს და პირველივე წრეში იტალიელ ჯულია კანტონის დაეჭიდება. მათში გამარჯვებულს მეორე წრეში პოლონელი კატარზინა კლიში ელოდება.

28-ში, ტურნირის ბოლო დღეს, ქართველი ძიუდოისტები საოლიმპიადო ქულების მოპოვებას 100 კილოგრამში შეეცდებიან.

გურამ თუშიშვილის პირველივე მეტოქე იაპონელი კენსუკე საკამოტოა, მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში კი, ის ხორვატ ზლატკო კუმრიჩისა და ალჟირელ ლეის ბოუაკოუბის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ამავე ჯგუფშია რუსთა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ტაგირ ხაიბულაევი.

რაც შეეხება ალექანდრე მსხალაძეს, ის პირველ წრეში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ფილიპ ავიტიალკარაზს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112469