ბლოგი

11:00 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი უკვდავია!

გასულ კვირას საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დატრიალებული უბედურება მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან სიგნალად შეიძლება ჩაითვალოს. ტერორიზმი ცოცხალია! ტერორიზმი მძლავრობს! ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ ტერორიზმისა და დიდი ბოროტების წინააღმდეგ!

განსაკუთრებით გულსატკენია ის ფაქტი, რომ ტერორისტებმა თავიანთ ერთ-ერთ სამიზნედ ფეხბურთი და ფეხბურთის გულშემატკივრები აირჩიეს. სტადიონზე მომხდარი აფეთქება ასევე ცხადყოფს იმასაც, რომ სპორტი თანამედროვე მსოფლიოში დიდი გამოწვევების წინაშე დგას და თუკი ისტორიასაც გადავხედავთ, დავინახავთ, რომ სპორტული ღონისძიებები სამწუხაროდ ხშირად ტერორისტებისთვის “კარგ საკბილოდ” ითვლება ხოლმე.

დასაფასებელი და მისაბაძია ფრანგი ქომაგების ქცევა, რომლებმაც სპეციალური მოწოდების შემდეგ სტადიონი მათი ქვეყნის ეროვნული ჰიმნის – “მარსელიოზას” სიმღერითა და ყოელგვარი პანიკის გარეშე დატოვეს. ფრანგების უშიშრობა და ღირსეული ქცევა არამხოლოდ მისაბაძია, არამედ ის “მესიჯიცაა”, რომ ამ ქვეყანას და ამ ხალხს ეგრე ადვილად ვერავინ გატეხავს და თუკი საფრანგეთის დიდებულ ისტორიას გადავხედავთ, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ეს სახელმწიფო არც ისე ადვილი ჩამოსაშლელია, როგორც შეიძლება ტერორისტებს ეგონოთ.

ასევე მისასალმებელი და დასაფასებელია მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ქომაგების ქცევა. ზოგან სტადიონები და სპორტული ბაზები საფრანეთის ეროვნული დროშის ფერებში გაანათეს, ზოგან სპეციალური სამძიმრის წერილები შეაგროვეს და გააგზავნეს საფრანგეთში. ზოგიერთ საფეხბურთო სტადიონზე კი ფრანგების სოლიდარობის ნიშნად დროშებიც კი დაუშვეს, რაც გამორჩეულად ფასეული და ღირსეული საქციელია.

როგორც დასაწყისში ვთქვით, სამწუხაროდ ტერორიზმი არათუ დამარცხდა, არამედ ძლიერდება და ახლა განსაკუთრებულად დიდი მობილიზაცია სჭირდება მთელს ცივილიზებულ მსოფლიოს, გამორჩეულად კი სპორტის ქომაგებს, რადგან სპორტულ სტადიონებზე ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე. სამწუხაროდ ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” არეალში ჩვენი ქვეყანაც მოხვდა და საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ახლა ბევრად მეტი მოეთხოვებათ ვიდრე ადრე.

აუცილებლად გასამკაცრებელია უსაფრთხოების ნორმები ჩვენი ქყვეყნის სტადიონებზე და სპორტულ დაწესებულებებშიც, რადგან “ისლამური სახელმწიფო” ის ორგანიზაცია არაა, რომელიც განცხადებებს “შემთხვევით” აკეთებს და რომელიც საქართველოს ტყუილად დაასახელებდა თავის მომავალ ერთ-ერთ “ვილაიეთად”.

პარიზი მავანისთვის შეიძლება ძალიან შორსაა და ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ ჩვენ ტერორისტული საფრთხისაგნ ძალიან შორს ვართ, მაგრამ სწორედ ასე ფიქრობდნენ თავის დროზე ნიუ-იორკელებიც და ბოლოს 11 სექტემბრის უბედურება მოხდა.

ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს ყველანაირი უბედურებისაგან, მაგრამ თუკი სახელმწიფო ვართ და უშიშროების სტრუქტურებიც გაგვაჩნია, აუცილებლად უნდა ვიფრთხილოთ, რადგან დიდ ბოროტებას არ სძინავს. ბოროტება სადღაც აქვეა!

პ.ს. სოლიდარობა დიდებულ ფრანგ ხალხს! საფრანგეთი უკვდავია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113889