ფეხბურთი

12:34 | 21.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერის რთული მატჩი

ინგლისის ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ეტიჰად სთედიუმზე” გაიმართება, სადაც გათამაშების ლიდერი “მანჩესტერ სიტი” “ლივერპულს” მიიღებს.

“ქალაქელები” მოახლოებულ მატჩს კარგ ფორმაში ხვდებიან. მათ პრემიერლიგის ბოლო ხუთი თამაშიდან 3 მოიგეს და 2 ფრედ ითამაშეს. მანჩესტერელებს “არსენალის” მსგავსად 26 ქულა აქვთ და ლონდონელებს ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე უსწრებენ. გასულ ტურში “სიტიმ” გასვლაზე ქულები ბოლო ადგილოსან “ასტონ ვილასთან” დაკარგა და ერთპიროვნულად გალიდერების ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან. მანუელ პელეგრინის შეგირდებს მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებთ, რადგანაც ცხრილში ძალიან სიმჭიდროვეა და ერთმა ჩაგდებულმა მატჩმაც შესაძლოა სამი საფეხურით უკან დაწიოს მანჩესტერული კლუბი. მასპინძლები ტრავმების გამო კომპანის, სილვას, ბონისა და ნასრის მოისაკლისებენ. სამაგიეროდ, ლაზარეთი დატოვა სერხიო აგუერომ და დღეს ითამაშებს კიდეც.

მიმდინარე სეზონში “ლივერპულს” მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ალბათ გაუჭირდება. გასულ ტურში იურგენ კლოპმა “კრისტალ პალასთან” თავის პირველი მარცხი იწვნია პრემიერლიგაში. მერსისაიდელებს 17 ქულა აქვთ და ჩემპიონთა ლიგის ზონას 7 ქულით ჩამორჩებიან. “წითლებს” ჰენდერსონი, როსიტერი, გომესი, ინგსი და სახო ჰყავთ ტრავმირებულნი.

გასულ სეზონში “სიტიმ” საკუთარ მოედანზე 3:1 მოუგო “ლივერპულს”, ხოლო “ენფილდზე” მერსისაიდელებმა მოახერხეს გამარჯვება (2:1).

აღსანიშნავია, რაჰიმ სტერლინგის დაპირისპირდება ყოფილ კლუბის წინააღმდეგ. როგორც იცით, სეზონის დაწყების წინ ახალგაზრდა ვინგერი მანჩესტერულ კლუბში 62.5 მილიონ ევროდ გადავიდა. ასევე ყოფილ კლუბის წინააღმდეგ ითამაშებენ ჯეიმს მილნერი და დანიელ სტარიჯი. პირველი გასულ სეზონში “ქალაქელთა” რიგებში ირიცხებოდა, ხოლო 26 წლის ფორვარდი 2006-2009 წლებში იცავდა “სიტის” ღირსებას.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, მანგალა, ოტამენდი, სანია, კოლაროვი, ფერნანდო, ტურე, დე ბრუინი, ნავასი, სტერლინგი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ლივერპული (4-3-2-1): მინოლე, შკრტელი, ლოვრენი, კლაინი, მორენო, ლეივა, ჩანი, მილნერი, კოუტინიო, ლალანა, ბენტეკე.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ჯონათან მოსი

ნახსენები შეხვედრის გარდა, კიდევ შვიდი შეხვედრა გაიმართება. ტურის გახსნით მატჩში “უოტფორდი” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს, რომელსაც თავდამსხმის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. ენტონი მარტიალი და უეინ რუნი სანაკრებო მატჩებისას დაშავდნენ და დღეს ვერ ითამაშებენ. სავარაუდოდ, ძირითადში ითამაშებს ახალგაზრდა ფორვარდი უილსონი.

საშინელ ფორმაში მყოფი “ჩელსი” შინ “ნორვიჩს” მიიღებს და შეეცდება, მე-16 ადგილს დააღწიოს თავი. მათი თანაქალაქელი “არსენალის” მიზანი კი, “ვესტ ბრომვიჩთან” გამარჯვება და გალიდერება იქნება (თუ “სიტი” ქულებს დაკარგავს).

მიმდინარე სეზონის სენსაცია, მე-3 ადგილოსანი “ლესტერი” გასვლაზე “ნიუკასლს” დაუპირისპირდება და საოცარი სვლის გაგრძელებას ეცდება.

“ევერტონი” შინ ბოლო ადგილოსან “ასტონ ვილას” მიიღებს, “საუთჰემპტონი” “სტოკს” უმასპინძლებს, ხოლო “სუონსი” “ბორნმუთს” დაუპირისპირდება შინ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108936