ბლოგი

11:51 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

არასოდეს მივბაძოთ რუსეთს!

ისტორიამ დაადასტურა, რომ ფეხბურთი სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლებელია სრულიად განსხვავებული პოლიტიკური რეჟიმების პირობებში განვითარდეს და დემოკრატია სულაც არაა ის ერთადერთი პოლიტიკური ნიადაგი, სადაც საფეხბურთო წარმატებები გამოიჭედება და ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

მგონი ადრეც ვახსენე მავანი ამერკელი ჟურნალისტის მიერ დაწერილი ერთი მეტად საინტერესო წიგნი სახელად ”როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო”, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური სისტმებებისა და ფეხბურთის განვითარების ეტაპები საკმაოდ კარგადაა მოთხრობილი და განმარტებული. იქვე ვკითხულობთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ყოფილან დიქტატორული, ფაშისტური, ნახევრად დიქტატორული და ტირანიული სახელმწიფოს პირობებში არსებული ნაკრებებიც კი, რაც უკვე პასუხია იმაზე, ქმნის თუ არა ოდენ დემოკრატია ფეხბურთს და სად შეიძლება ინახოს ალტერნატივები.

რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ ფრანკოს ესპანეთი საშინელი ქვეყანა იყო, სადაც ეთნიკური უმცირესობების გარდა, მკვიდრი ესპანელებიც მძიმე დიქტატურის პირობებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ხომ იყო მადრიდის ”რეალის? წარმატებები? თან როგორი წარმატებები... ბენიტო მუსოლინის ფაშისტური იტალიის შესახებაც ყველაფერია ცნობილი, მაგრამ “სკუადრა აძუირამ” ორგზის მსოფლიოს ჩემპიონობა სწორედ ამ პირობებში მოიპოვა. არგენტინის ნაკრების პირველად გაჩემპიონების დროს, ქვეყანას სამხედრო ხუნტა მართავდა და დემოკრატიაზე საუბარიც კი სასაცილო იყო. ნახევრად დიქტატორული სახელმწიფო იყო ბრაზილია, როდესაც ბრაზილიის ნაკრები ზედიზედ ორჯერ გახდა მსოფლიოს უპირველესი გუნდი. ასევე უნდა გავიხსენოთ ბროს ტიტოს კომუნისტურ-დიქტატორული იუგოსლავია და ამ სახელმწიფოს სპორტულ წარმატებებსაც გავუსვათ ხაზი.

აქედან გამომდინარე, ცოტა გასაკვირიც კია, როდესაც რუსული სპორტის (მათ შორის საკლუბო ფეხბურთის) წარმატებების მიზეზად რუსი და ხშირად ქართველი სპორტის მოყვარულები პუტინის მიერ განხორციელებულ “განიალურ მენეჯმენტს” ასახელებენ და პარალელს არ ავლებენ თუნდაც იგივე ბროს ტიტოს იუგოსლავიასთან, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან სპორტში ჩარევები აშკარა იყო და სპორტი ძირითადად ე.წ. იძულების წესით განვითარდა. P

პუტინის მიერ დაშანტაჟებული რუსი ბიზნესმენები ადგილობრივ კლუბებში ფულს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით, საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად დებენ და ასეთი გზით განვითარებული კლუბების მომავალი ვერასოდეს იქნება პროგნოზირებადი. თქვენ ალბათ იტყვით, რომ ჩვენთან ასეთი გზითაც კი ვერავინ ახერხებს ფეხბურთის წინ წაწევას და ბევრი ალბათ თანახმად იქნებით ჩვენი ფეხბურთის განვითარება სახელმწიფოს ზეწოლის პირობებში მაინც მოხდეს, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნაძალადევად ნაშენი არასოდეს არის მყარი და ტერორით შექმნილი “სახალხო სიკეთეები” ისეთივე აბსურდია, როგორც ნებისმიერი რეჟიმი, რომელსაც ჰგონია, რომ ზეწოლით პროგრესის მიღწევა შეიძლება.

რუსეთი ევროპის უდიდესი სახელმწიფოა და ვინც კი არ უნდა მოვიდეს ამ ქვეყნის სათავში, უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ რუსეთის ჩემპიონატის საერთო დონე მაინც ჩვენსაზე მაღალი იქნება. მაგრამ ეს შეგუება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შევნატროდეთ იმ გზებსა და მეთოდებს, რითაც რუსული ფეხბურთი დღეს იმართება და ჩვენთან გადმოვიღოთ. ფული რა თქმა უნდა ჩვენი საკლუბო ფეხბურთისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ ჩვენს ფეხბურთში ფულის ჩადება უნდა მოხდეს ადგილობრივი ბიზნესმენების დაინტერესებითა და შეღავათების მინიჭებით და არა მუქარითა და ტერორით, რაზეც აქა-იქ შემორჩენილი თავისუფალი რუსული მედიაც წერს. მოკლედ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და იმპერიის მიბაძვა საერთოდ არაფერში გვჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114826