ჭიდაობა

0:43 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონებმა ბოლნისელ მოჭიდავეებს ვარჯიში-სემინარი ჩაუტარეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის ინციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია, რამაზ ნოზაძე, გიორგი გოგშელიძე და ნიკოლოზ კახელიშვილი სტუმრობდნენ.

სტუმრებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა საკუთარ კაბინეტში უმასპინძლა, სადაც მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში საპატიო სტუმრებმა სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსის ფალავნებისთვის მასტერკლასები ჩაატარეს.

,,ყველა ქართველს გენში აქვს ჭიდაობა. მიზანს რომ მიაღწიო უნდა მოინდომო და ბევრი იშრომო, თქვენ მომავალში საქართველო უნდა ასახელოთ და მსოფლიოს გააცნოთ’’, – ამ სიტყვებით მიესალმა პატარა სპორტსმენებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია.

ჩემპიონებმა სპორტსმენებს ვარჯიშ-სემინარი ჩაუტარეს და თავიაანთი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრა, რომელიც პირველად ბოლნისში ჩატარდა ჭიდაობის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის გაზრდასა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურებოდა. საჩვენებელი ილეთი მსოფლიო ჩემპიონმა ახალგაზრდებში ნიკოლოზ კახელიშვილმა, ფედერაციის პრეზიდენტთან მანუჩარ კვირკველიასთან ერთად უჩვენა პატარა ფალავნებს და ჭიდაობის სხვადასხვა ფანდი გააცნო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პატარა სპორტსმენები დიდი მონდომებით უსვამდნენ კითხვებს უდიდეს ფალავნებს. შეხვედრის დასასრულს დარბაზში შეკრებილებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა სიტყვით მიმართა.

,,მე დღეს ამაყი ვარ, რომ ამდენი მონდომებული ახალგაზრდა სპორტსმენი ვიხილე ამ დარბაზში. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი, გაცნობებთ, რომ სპორტის მინისტრთან და გუბერნატორთან ერთად ვმუშაობთ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული კომპლექსის მშენებლობის საკითხზე, სადაც თითოეული თქვენგანისთვის იქნება ყველა ის პირობა, რომელიც თქვენ ღირსეულ გამარჯვებამდე მიგიყვანთ. ჩვენი სურვილია ბოლნისს ჰყავდეს მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები“- აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

გუბერნატორის ადმინისტრაციის ინციატივით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული სპორტსმენები, ქვემო ქართლის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გამართავენ მსგავსი სახის ვარჯიშ-სემინარებს.

http://www.prof-news.com

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111012