ფეხბურთი

14:46 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტუდენტების შექმნილი დიდი სიყვარულის ისტორია...

118 წლის წინათ, 1 ნოემბერს, ტურინელმა სტუდენტებმა გადაწყვიტეს საფეხბურთო კლუბი დაეარსებინათ. მაშინ, ალბათ, თვითონაც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ საუკუნეზე მეტი დრო გავიდოდა და იგი მსოფლიოში თავისი ნიშით სახელგანთქმული იქნებოდა.

საუკუნეზე მეტმა დრომ უამრავი რამ დაიტია – გამარჯვებების სერიები, სკანდალები ქვედა ლიგაში გადასროლა, საკუთარი ფერფლიდან აღმოცენება და სწორედ ამიტომაცაა, რომ დღეს “ბებერ ქალბატონს” მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს... მათი ცხოვრება “იუვეს” მაისურის ფერებთან ასოცირდება და შავ-თეთრია, ოღონდ შავ-თეთრი კარგ განწყობასთან გაიგივებული...

ვისთვის იტალიის 33 გზის ჩემპიონია, ვისთვის ორით ნაკლები, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს. არც იმას აქვს მნიშვნელობა 2006 წლის ე.წ. “კალჩოპოლი” ვის გამო მოეწყო, მასკარადი იყო თუ რეალობა. ამით “იუვენტუსის” სახელს შესაძლოა, ჩრდილი მიადგა, მაგრამ ტურინულმა გრანდმა ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა. სხვანაირად ვერც იქნებოდა, ისეთი ისტორია, რომელიც მას გააჩნდა, ჩრდილს არ მიეცემოდა. ბრენდები არ კვდებიან...

შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც დაუბრუნდა, თუმცა წააგო... არც ესაა გასაკვირი, “იუვენტუსს” აღნიშნული გათამაშების გადამწყვეტი შეხვედრა ყველაზე მეტჯერ აქვს წაგებული, ეს ერთგვარ ტრადიციად ჩამოუყალიბდა.. უცნაურია, მაგრამ ასეა... “იუვე” ის გუნდია, რომელსაც უეფას ყველა სახის გათამაშება აქვს მოგებული – ჩემპიონთა თასი (ლიგა), თასების თასი, უეფას თასი, ევროპის სუპერთასი, ინტერტოტოს თასი.

იტალიაშიც ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი კლუბია, თუმცა კლუბზე მეტია, “იუვენტუსი” არაა მხოლოდ საფეხბურთი გუნდი, იგი ოჯახია, დინასტიაა, ის დინასტია, რომელსაც უკვე წლებია ანიელების ოჯახი უვლის, უფრთხილდება, პატრონობს და ამყოფებს საფეხბურთო რუქის მაღალ საფეხურზე.

ჯამპიერო ბონიპერტი, ომარ სივორი, დინო ძოფი, მარკო ტარდელი, გაეტანო შირეა, მიშელ პლატინი, პაოლო როსი, პაველ ნედვედი, ზინედინ ზიდანი, დავიდ ტრეზეგე, ალესანდრო დელ პიერო, ანდრეა პირლო, ჯანლუიჯი ბუფონი – ეს, იმ ადამიანების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც შავ-თეთრ მაისურში გამოწყობილებს უამრავი გამარჯვება გამოუჭედიათ და მათ ერთი სახელი აკავშირებთ – “იუვენტუსი”...

როგორც “ბებერი ქალბატონის” სიმღერაშია ნახსენები, “იუვე” დიდი სიყვარულის ისტორიაა, სიყვარულის ის ისტორია, რომელიც წმინდა საფეხბურთო კუთხეს ცდება და გაცილებით ღრმა, ჩაუწვდომელ არსს იღებს...

0.119909