ბლოგი

12:22 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოდი ვნახოთ “რომა”

ავად თუ კარგად, წვალებითა თუ ოფლისდენით, გარჯითა თუ იღბლის ძალით, საფეხბურთო კლუბი ”რომა” როგორც იქნა იტალიის ჩემპიონტის პირველ საფეხურზეა დაბრძანებული და ამ კლუბის ამბიციურ ტიფოზერიას რომ კითხოთ, არაფრის დიდებით არ აპირებენ პირველი ადგილიდან ჩამოსვლას. ჯერ იტალიის ჩემპიონატის მეოთხედიც კი არ გალეულა და საჩემპიონო ამბიციებზე საუბარი ალბათ ღიმილისმომგვრელიც კია, მაგრამ თუკი უკან მოტოვებულ საბრძოლო ბატალიებს გადავხედავთ, ისიც აშკარაა, რომ ”რომას” პირველი ადგილისათვის ბრძოლა ისეთი მძაფრი კონკურენციის პირობებში მოუწევს როგორც არასოდეს.

თუკი რაიმეზე აქვს “რომას” გულშემატკივრებს სადარდებელი, ეს პირველ ყოვლისა “მგლების” ფრანგი მწვრთნელის, რუდი გარსიას არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ბუნებაა, რაც გუნდის თამაშებზეც სათანადოდ აისახება. ფლორენციაში ”ფიორენტინასთან” გამარჯვებისა და ტოსკანელებისათვის პირველი ადგილის ჩამორთმევის შემდეგ, რუდი გარსიამ მცირე წატრაბახება ”გარისკა” და განაცხადა, რომ როგორც იქნა მართლდება მისი გეგმები და “რომას” მომავალი წარმატებებიც მისი გეგმებისა და ხლართების გამოისობით მოხდება, მაგრამ ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს კაცი, ეგრე ადვილად რომ დაიჯეროს რუდი გარსიას ფენომენალურობა და ვერ დაინახოს ის პრობლემათა წყება, რაც რომაულ კლუბს აშკარად აწუხებს.

მიუხედავად იმისა, რომ “რომას” არც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები დაეწუნება და სათადარიგოთა სკამიც ბევრ ევროპულ კლუბზე მშვენიერი აქვს, გუნდს აშკარად აკლია კვალიფიციური თავდამსხმელი და ჟერვინიო სულ რომ სასწაულმოქმედად ვსახოთ, ყველანი ვხედავთ, რომ გაცუდებული მომენტების მიხედვით, რუდი გარსიას ფორმაციის ”რომა” “თითით საჩვენებელი” კლუბია.

ამას გარდა, დიდ ეჭვებს ბადებს ”რომას” დაცვითი რგოლის მდგრადობა და ეს წლევანდელ სეზონშიც არაერთხელ დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ “რომას” სახსარმრავალმა მფლობელებმა რუდი გარსიას არაერთი მოთხოვნა აასრულეს და გუნდში ბლომად მცველი გამოიცადა, ამ კლუბის თამაშებში დაცვითი რგოლი რბილად რომ ვთქვათ ბევრ შეკითხვას ბადებს.

ამ ყველაფერს უნდა დაემატოს საკუთრივ რუდი გარსიას ჯიუტი და თავისნათქვამა ხასიათი. შარშან, როდესაც ”რომამ” პრაქტიკურად ყველა ფრონტზე მარცხი იწვნია და იტალიის ჩემპიონატში მოპოვებული მეორე ადგილიც უკანასკნელ ტურებში კინაღამ დაკარგა, რუდი გარსია უტიფრად იძახდა, ყველაფერი ჩვენი უიღბლობის ბრალია და ეს ოხერი მსაჯებიც სულ ჩვენს წინააღმდეგ ცდებიანო. ახლა კი, როდესაც კლუბმა ნანატრ პირველ ადგილს უწია, გარსია რომის ქუჩებში იმპერატორ ანტონიუს პიუსივით ამაყად დააბიჯებს და თავისი “ნიჭიერებითა და შეუცდომლობით” ტკბება.

როგორც დასაწყისში უკვე ვთქვით, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე წინ გრძელი და მომქანცველი მარათონია და არავინ იცის საბოლოოდ ვინ გახდება ნანინანატრი სკუდეტოს მფლობელი. ის კი აშკარაა, რომ ”რომა” თავისი დღევანდელი დღით, ერთგული ტიფოზერიით, დახარჯული ინვესტიციებითა და ლამაზი წარსულით ნამდვილად იმსახურებს კიდევ ერთ (მისთვის ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ მეოთხე) სკუდეტოს და თუკი ამას ფრანგი მესაჭის წინამძღოლობით შეძლებენ, ყველა მხოლოდ და მხოლოდ უნდა მივესალმოთ ამ ფაქტს. თუმცა, ამ ოხერ ეჭვებს რა ვუყოთ?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115193