ფეხბურთი

20:20 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ არველაძე: "საქართველოს ეროვნული ნაკრები უნდა მოხვდეს ევრო 2020-ზე”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა რევაზ არველაძემ სასტუმრო “რედისონში” საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. მან ქართული ფეხბურთის განვითარების შესახებ ისაუბრა და მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.

“დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ჩემი პროგრამის შედგენაში. ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში ეს ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას ქართული ფეხბურთის განვითარებაში.

ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს, არის ის, რომ ფეხბურთელმა ხუთჯერ მეტი მაყურებელი უნდა მოიყვანოს სტადიონზე, ბევრმა მშობელმა უნდა შეიყვანოს ბავშვი ფეხბურთზე. ფეხბურთზე ატარო ბავშვი, ეს არის წარმატება, წარმატება განვითარების გარეშე ვერ მოვა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჯერ განვვითარდეთ და წარმატება თავისით მოვა. არა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა ვიომოთ, რომ საქართველოს კლუბებს, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს ჰქონდეს დიდი წარმატება.

დღეს 17 000 ბავშვი თამაშობს ფეხბურთს. მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს. არჩევანის გაკეთება 17 000-სა და 25 000 ბავშვს შორის უფრო ადვილია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უნდა მოხვდეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე. ეს არის ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი.

მას შემდეგ რაც საქართველო დამოუკიდებელია, ჩვენ ძალიან მძიმე 25 წელი გამოვიარეთ. ჩვენ დავკარგეთ უმშვენიერესი ადგილები. მთლიანად ქვეყნის პრობლემაა ტერიტორიების დაკარგვა, რაც რა თქმა უნდა გავლენას მოახდენდა ფეხბურთზეც.

სახელმწიფოს გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება. ნებისმიერ ძლიერ ქვეყანაშიც კი ესეა – ფეხბურთი განვითარდა სახელმწიფოს დახმარებით. სხვაგვარად წარმოდუგენელია. როგორც თეატრი, კინოთეატრი, საჭიდაო დარბაზი და ა.შ. ისეთივე სახელმწიფო მეურენეობაა, როგორც სტადიონი. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ თემაზე. სახელმწიფოსა და სფფ-ს ერთობლივი მუშაობის ბრწყინვალე მაგალითი გვქონდა 11 აგვისტოს, როდესაც მთელ მსოფლიოს ვანახეთ რა არის საქართველო, რა არის თბილისი, როგორი გულშემატკივარი ცხოვრობს აქ.

რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, ტელევიზიების ჩართულობის გარეშე მისი განვითარება არ მოხდება. ასევე აუცილებელია ძლიერი პროფლიგის არსებობა. ამ ორგანიზაციამ საკმაოდ რთულ დროში დაიწყო ფუნქციონირება, სამწუხაროდ შემდეგ პრობლემები შეექმნა, სამომავლოდ კი მისი აღდგენა ეროვნული ჩემპიონატისთვის აუცილებელია.

ჩვენ ძალიან კარგი თაობა მოგვდის. ისინი უყურებენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს და შეუძლიათ გადმოიღონ თვისებები და შეიძინონ უნარ-ჩვევები, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთში აუცილებელია.

ჩემს დროს ფეხბურთის საყურებლად პანტიანში დავდიოდით, ახლა კი დრო შეიცვალა და ახალ თაობას უფრო მეტი საშუალება აქვს თანამედროვე ფეხბურთის პრინციპებით იცხოვროს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოახერხა პრო-ლიცენზიის გაცემის უფლების მოპოვება. ნებისმიერი მწვრთნელი, რომელიც სფფ-ში მიიღებს პრო-ლიცენზიას, უფლებამოსილია იმუშავოს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

სფფ მოვალეა მოამზადოს განათლებული მწვრთნელები, განათლებული მსაჯები, განათლებული ფეხბურთელები და დარწმუნებული ვარ უკეთესი შედეგი გვექნება” – განაცხადა არველაძემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116586