კალათბურთი

17:08 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცინცაძე: “ველოდებით ევროპის ჩემპიონატს”

ერთდღიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ვარჯიშები განაახლა. იტალიის საერთაშორისო ტურნირის კვალად, იგორ კოკოშკოვმა 31 აგვისტო დასვენების დღედ გამოაცხადა, ხოლო შემოდგომის პირველ დღეს 2 ვარჯიში დანიშნა.

დღევანდელი დილის ვარჯიში საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. იგორ კოკოშკოვმა და ფიზმომზადების მწვრთნელმა ავთო ბერიძემ კალათბურთელები ორ საათზე მეტ ხანს კომბინირებულად ავარჯიშეს. თავდაპირველად მოთამაშეები კალათში სროლით გახურდნენ, რის შემდეგაც გაწელვები გააკეთეს, ბოლოს კი კომბინაციებზე გადავიდნენ და საათნახევრის განმავლობაში, სათამაშო ეპიზოდებს ამუშავებდნენ.

ნაკრებში, სასიხარულოდ, ტრავმები არაა. განვლილმა თვენახევრიანმა მოსამზადებელმა პერიოდმა ნაყოფიერად და რაც მთავარია, დანაკარგების გარეშე ჩაიარა. არათუ ვინმე დაშავებულა, ტრავმირებულმა თორნიკე შენგელიამ სრული რეაბილიტაცია შეძლო და ის ევროპის ჩემპიონატს მზადყოფნაში ხვდება.

გიორგი ცინცაძე: “თავს გადაღლილად არ ვგრძნობთ. პირადად მე კარგ ფორმაში ვარ და ევროპის ჩემპიონატს კარგი განწყობით ვხვდები. იტალიის ტურნირზე და მანამდე გამართულ სხვა ტურნირებზეც იმ რეჟიმში ვითამაშეთ, როგორითაც ევროპის ჩემპიონატზე მოგვიწევს ასპარეზობა. ანუ ყოველ დღე თამაშები გვქონდა და ამ რეჟიმს შეძლებისდაგვარად შევეგუეთ.

მართალია, ევროპის ჩემპიონატზე 6 დღეში 5 თამაში მოგვიწევს, თუმცა ჩვენი მეტოქეებისთვისაც ხომ ანალოგიურად დატვირთული გრაფიკია და არა მგონია, ისინი ჩვენზე მომზადებულები შეხვდნენ მომდევნო მატჩებს. ერთი სიტყვით, ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვართ და ფსიქოლოგიურადაც არანაირ პრობლემას არ ვგრძნობთ. ველოდებით 5 სექტემბერს“.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.168886