ფეხბურთი

16:35 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში “მიდტიულანდს” შეხვდება

უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მეტოქე დანიის “მიდტიულანდი” იქნება. ამის შესახებ 1 სექტემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა.

ნიონში მეორე რაუნდის კენჭისყრაც ჩატარდა და პირველ რაუნდში წარმატების შემთხვევაში, “საბურთალო” ბულგარეთის “ლიტექსსა” და პოლონეთის “ლეგიას” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ ეს კენჭისყრა იმ გუნდებისთვის ჩატარდა, რომლებიც უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასასვლელად ჩემპიონთა გზით იბრძვიან.

პირველ რაუნდში 32 გუნდი ითამაშებს. პირველი რაუნდის პირველი მატჩები 29-30 სექტემბერს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 20-21 ოქტომბერს შედგება. “საბურთალო” პირველ მატჩს სტუმრად 30 სექტემბერს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო თამაში 21 ოქტომბერს შედგება.

პირველი რაუნდის შემდეგ, კვლავ კენჭისყრა გაიმართება, რომელიც მეორე რაუნდის წყვილებს გაარკვევს. მეორე რაუნდის პირველი თამაშები 3-4 ნოემბერს შედგება, საპასუხო კი – 24-25 ნოემბერს.

მეორე რაუნდის ჩატარების მერე, პლეი ოფების დრო დგება. ამ სტადიაზე მეორე რაუნდში გამარჯვებული 8 გუნდი თავის მოედანზე იმ გუნდებს დაუპირისპირდებიან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის გზის ჯგუფებში მეორე ადგილზე გავლენ.

პლეი ოფების კენჭისყრა 14 დეკემბერს ჩატარდება, ხოლო უშუალოდ მატჩები 9-10 თებერვალს შედგება. გამარჯვებულები ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ითამაშებენ.

1/8-ფინალების კენჭისყრა 15 თებერვალს ჩატარდება, მატჩები კი – 22-23 თებერვალს.

1/4 –ფინალები 8-9 მარტს გაიმართება, 1/2-ფინალები 15 აპრილს, ხოლო ფინალი – 18 აპრილს.

1/2-ფინალები და ფინალი ნიონში ჩატარდება.

“საბურთალო” პირველ მატჩს დანიაში ჩაატარებს

0.11283