რაგბი

14:35 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

Top 14-მა ორი ტური მოილია

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო რაგბის მსოფლიო თასის მოლოდინშია, საფრანგეთში პირველი ელიტარული დივიზიონის, Top 14-ის ახალი სეზონი დაიწყო ნელ-ნელა ხურდება და გუნდებმა უკვე ორი ტური მოილიეს. 14 კლუბის მორაგბეთა დიდი ნაწილი თავ-თავიანთი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში უდიდესი სარაგბო ფორუმისთვის ემზადება და მათ შორის რაღა თქმა უნდა, ქართველი მორაგბეებიც არიან, მაგრამ ნაწილს ეროვნულ გუნდში თამაში არ უწევს და კლუბებს ეხმარებიან.

ახალი სეზონი ყველაზე კარგად დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და იური ნატრიაშვილის “კლერმონმა” დაიწყო, რომელმაც ორივე შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგო. ზირაქაშვილი და კოლელიშვილი ნაკრებთან ერთად ინგლისში არიან, ხოლო “ჯოკერის” სტატუსით ნოემბრამდე შეძენილი ნატრიაშვილი “ვულკანებში” ადგილს იმკვიდრებს. პირველ ტურში “კლერმონმა” ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” სტუმრად 44:6 გაანადგურა. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო. კვაჭმა ნატრიაშვილმა, რომელიც “ვულკანების” რიგებში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა, მოედანზე 66 წუთი გაატარა, ხოლო ბურჯი ყაულაშვილი 77-ე წუთზე შეცვალეს.

მეორე ტურში “კლერმონმა” “გრენობლს” უმასპინძლა და 25:6 სძლია. ნატრიაშვილი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ამჯერად 52 წუთი ითამაშა. მასპინძლებმა “გრენობლის” ორ ჯარიმას ლელო-გარდასახვით უპასუხეს და ტაიმი 7:6 მოიგეს. მცდელობების მიუხედავად ლელო რომ არ გადიოდა, “კლერმონმა” უპირატესობა ორი ჯარიმით გაზარდა, დასკვნით 10 წუთში კი, მეტოქეს ორი ლელოც მიუძღვნა, აქედან მეორე უკანასკნელ წუთზე და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც მიითვალა.

ორ-ორი გამარჯვება აქვთ ვასილ კაკოვინის “ტულუზსა” და დავით ხინჩაგიშვილის “რასინგს”, მაგრამ მათ ვერცერთხელ ვერ შეძლეს პრემიალური ქულის აღება. ტურის გახსნით მატჩში “რასინგმა” მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” სტუმრად 27:22 დაამარცხა. შედეგს მოულოდნელი არ ეთქმის, რადგან ტულონელთა ლიდერები ნაკრებებში არიან დაფანტულები, მათ შორის სამივე ქართველი. სამაგიეროდ, პარიზული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში იყო ბურჯი ხინჩაგიშვილი და მან მოედანზე 60 წუთი გაატარა. “ტულონმა” ტაიმი 16:11 მოიგო და 54-ე წუთზე 19:17 დაწინაურდა, მაგრამ 67-ე წუთზე მეორე ლელო მიიღო და 19:24 ჩამორჩა. დარჩენილ დროში პარიზელებმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს და ზედ საფინალო სასტვენის წინ მასპინძლებს ისღა დარჩენოდათ, ჯარიმით პრემიალური ქულა აეღოთ (5 და ნაკლები ქულით მარცხისთვის).

მეორე ტურში “რასინგმა” ყაულაშვილის “ლა როშელს” უმასპინძლა და ბრძოლაში მინიმალური სხვაობით იმარჯვა. ქართველი ბურჯები სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და 29 წუთი შერკინებებში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. მერე ხინჩაგიშვილი შესაცვლელი შეიქმნა, ხოლო ყაულაშვილმა 56-ე წუთამდე ითამაშა. პარიზელებმა სტუმართა ადრეულ ჯარიმას ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს, მერე ლელო-გარდასახვა გაუშვეს და ჩამორჩნენ, მაგრამ შესვენების წინ ლელო-გარდასახვა თავადაც გაიტანეს (13:10). 56-ე წუთზე “რასინგმა” მეორე ლელო გაიტანა და კვლავ ზუსტად გარდასახა, რაზეც “ლა როშელმა” სამი ზუსტი ჯარიმით უპასუხა და მცირედი მარცხისთვის - 19:20, ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა.

ვასილ კაკოვინის “ტულუზმა” პირველ ტურში კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივი” 24:7 დაამარცხა. კაკოვინი ნაკრების შეკრებაზე იყო და მართალია ინგლისში წასვლამ არ მოუწია, მაგრამ კლუბის განაცხადში არ იყო. ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასზე სათამაშოდ ემზადება ასიეშვილი, ხოლო შველიძე და ჟღენტი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ორივე 44-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა პირველ ტაიმში სამი ლელო გაიტანეს და 24:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლოს საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და პრემიალური ქულა ვერ აიღეს.

მეორე ტურში ტულუზელები გიორგი თეთრაშვილის “აჟენს” ეწვივნენ და მეტოქე 20:9 დაამარცხეს. ორივე ქართველი ლეგიონერი განაცხადში იყო და შეცვლებზე ითამაშეს. მილტონ ჰეიგისგან დაწუნებულმა კაკოვინმა მოედანზე დასკვნითი 32 წუთი გაატარა, ხოლო თეთრაშვილი თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო და 76-ეზე თავად გახდა შესაცვლელი. “ტულუზმა” ანგარიში ლელო-გარდასახვით გახსნა და შესვენებამდე ორი ჯარიმა მიიღო. თამაში რომ განახლდა, მასპინძლებმა მესამე ჯარიმა გაიტანეს და წინ გაიჭრნენ, მაგრამ მალევე სტუმრებმა მეორე ლელო გაიტანეს და კვლავ ზუსტად გარდასახეს - 14:9. დარჩენილ დროში “ტულუზმა” კიდევ ორი ჯარიმა მიითვალა და თოპ 14-ში აღზევებული “აჟენი” ჯერაც უქულოდაა. ის პირველ ტურში “გრენობლთან” სტუმრად 23:38 დამარცხდა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა. სტუმრებმა ტაიმი 13:12 მოიგეს და 56-ე წუთზე 20:19 დაწინაურდნენ. 69-ე წუთამდე სტუმრები მხოლოდ 1 ქულას აგებდნენ (23:24), მაგრამ მერე 14 უპასუხო ქულა მიიღეს.

მიხეილ ნარიაშვილი “ბორჯღალოსნებთან” ერთად ინგლისში ითამაშებს, მისმა “მონპელიემ” კი, პირველ ტურში “ოიონაქსი” 35:19 დაამარცხა. მეორე ტურში “მონპელიეს” გიორგი ნაცარაშვილის “პომ” 26:16 სძლია. ნაცარაშვილს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. სამაგიეროდ, მან 66-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა პირველ ტურში, როდესაც მისი “პო” დუდუ ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსესთან” 18:34 დამარცხდა. პარიზელთა ქართველი ლეგიონერები ნაკრებთან ერთად ინგლისში არიან.

მეორე ტურში “სტად ფრანსე” ასიეშვილის, შველიძისა და ჟღენტის “ბრივთან” 13:22 დამარცხდა. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ქართველმა პირველხაზელმა მიიღო - ჟღენტმა მოედანზე 48 წუთი გაატარა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, 31-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და 58-ეზე შეცვალეს. “ბრივმა” მეტოქის უდისციპლინობით ისარგებლა, ჯარიმებით ტაიმი 12:3 მოიგო, ხოლო თამაშის განახლების შემდეგ მეხუთე ჯარიმა გაიტანა. 48-ე წუთზე “სტად ფრანსე” უკვე საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და ჩამორჩენა მატჩის მიწურულსღა შეამცირა.

მეორე ტურის დასკვნით მატჩში, უქართველებოდ დარჩენილმა “ტულონმა” “კასტრისგან” სამი უპასუხო ლელო გაუშვა და 9:24 დამარცხდა. ის ერთადერთი ქულით მისთვის უჩვეულო, მე-12 საფეხურზეა. თოპ 14-ის მომდევნო ტურის შეხვედრები 5-6 სექტემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100164