ბლოგი

12:56 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანის” ჭირ-ვარამი

რამდენიმე თვის წინ, იტალიელმა საფეხბურთო მიმომხილველმა და “მილანის” გადარეულმა ტიფოზმა, ტიციანო კრუდელიმ, (რომელიცრატომღაც ყველას ერთი ჩვეულებრივი შეშლილი ტიფოზი ჰგონია და მის სხვა უნარებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ) მეტად საგულისხმო რამ თქვა. კრუდელის აზრით, “მილანის” ბოლოდროინდელი ჩავარდნა და დასუსტება პირველ ყოვლისა ამ კლუბის ოლიგარქიულ მმართველობას უკავშირდება და ზოგადად, სანამ იტალიური საფეხბურთო კლუბები გაფუფუნებული ოჯახების კუთვნილება იქნება და მათი მართვა ოლიგარქიული წესით მოხდება, თანამედროვე ეპოქაში მათი წარმატებების შანსი თანდათან კიდევ უფრო შემცირდება.

რა თქმა უნდა, ყოველთვის არ იყო ასე. ევროპაში იდგა დრო, როდესაც ბევრი ცნობილი კლუბი სწორედ ასეთმა კონკრეტულმა მომაფიოზო ოჯახებმა გადაარჩინეს და ეკონომიკური კრიზისის პირობებში ასეთი მიდგომების გამო, არაერთი დიდი კლუბი შენარჩუნდა და შემდეგ უამრავი ტიტულის მოხვეჭაც მოხერხდა.მეორე მსოფლიო ომამდე კი ევროპული ფეხბურთი დიდწილად სამოყვარულო ხასიათს ატარებდა, ფეხბურთში ფული ნაკლებად იშოვებოდა და მხოლოდ სპორტის ამ სახეობაზე შეყვარებული დიდი ფანატიკოსები თუ გაბედავდნენ საფეხბურთო კლუბების პატრონაჟის ქვეშ აყვანას.

მაგრამ გავიდა დრო, სიტუაცია ძირეულად შეიცვალა, ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზენესი გახდა და ნახევრად თუ ირიბად მაფიოზური გავლენის ქცვეშ მყოფი კლუბებიც ანაქრონიზმად იქცნენ. ეს ტენდენცია თავის დროზე ტურინის “იუვენტუსის” მფლობელმა ანიელების ოჯახმა შეამჩნია, ეყოთ ჭკუა, სასწრაფოდ გამოაცხადეს “იუვენტუსი” სააქციო საზოგადოებად და მიუხედავად იმისა, რომ კლუბის მართვის სადავეები მაინც მათ ხელში დარჩა, პასუხისმგებლობა სხვა აქციონერებსაც გადაუნაწილეს, რამაც სხვა სიკეთეებთან ერთად, “იუვენტუსის” ფინანსური მდგრადობაც გამოიწვია.

“მილანის” ნაგიჟარი მეპატრონე, იტალიელთა სამარცხვინოდ იტალიის ყოფილი პრემიერი, სილვიო ბერლუსკონი კი მხოლოდ ახლაღა ცდილობს თანამედროვე ფეხბურთის სიტუაციაში გარკვევას და ახლაღა დაიწყო საუბარი კლუბის გაყიდვაზე, რაც აპრიორში გამოსავლის გარანტიას მაინცარ იძლევა. პრობლემების სათავე მაინც ერთპიროვნულად მართვაშია და ბერლუსკონის კვლავ სურს, რომ ანიელების ოჯახის მსგავსად, სამართავი პულტი კვლავ მას ეჭიროს ხელში და ეს მაშინ, როდესაც “მილანი” ამ მძიმე ვითარებამდე მისი და მის მიერ დანიშნული მმართველების აურაცხელმა შეცდომებმა მიიყვანეს. ასეთია ბატონი სილვიო. ვლადიმერ პუტინის მეტს არავის უსმენს და უამრავი ტიფოზის ვედრებაც მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. საქმეები კი სულ უკან და უკან მისდის...

ახლადდაწყებული იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში “მილანის” ფლორენციაში მარცხი ლომბარდიელმა ტიფოზებმა ძალიან მძიმედ გადაიტანეს, რადგან სეზონის წინ, კლუბის დირექტორატის მიერ ტრადიციულად დიდი მოლოდინები ჩამორიგდა და ამბიციური “მილანის” ტიფოზები მინიმუმ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მაინც გეგმავენ წელს. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა კი (მიუხედავად იმის, რომ მეორე ტურში იამც შეძლეს გამარჯვება) პირველივე ტურში სულ სხვა რამ დაგვანახა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ერთი ტური გაიმართა, ყველამ ნათლად იხილა, რომ იდეალურისგან ამ “მილანს” ძალიან ბევრი უკლია. იდეალურს ვინ ჩივის, როდესაც “ფიორენტინას” თავდამსხმელები მილანელთა საჯარიმოში მშვენივრად დასეირნობდნენ.

ყველა კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, კვლავ დონ სილვიომ და მისმა ქალიშვილმა ბარბარამ უნდა გასცენ. “მილანი” თავისი დიდი ისტორიისა და წარსულის მიუხედავად, ერთ საშუალო იტალიურ კლუბად ყალიბდება და თუკი ყევლაფერი ასევე გაგრძელდა, გამოსავალი თანდათან უფრო ბუნდოვანი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106729