რაგბი

20:09 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რატი ურუშაძე: “ოთხთა ტურნირმა შეცდომები დაგვანახა”

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე რატი ურუშაძე თვლის, რომ მსოფლიო თასზე “ბორჯღალოსნებს” ტონგას დამარცხება შეუძლიათ. ის უპირატესობად თვლის იმას, რომ კუნძულელებს ტურნირის პირველსავე შეხვედრაში ვეთამაშებით და შანსებს თანაბრად აფასებს.

მსოფლიო თასამდე, ანუ 18 სექტემბრამდე, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ახალი სეზონი დაიწყება. შიდა პირველობას ახალი სახელი აქვს - “დიდი 10” და აგვისტოში ოთხმა გუნდმა - ბოლნისის “ყოჩებმა”, რუსთავის “ხარებმა”, თბილისის “ლოკომოტივმა” და პირველი ლიგიდან დაწინაურებულ თბილისის “აკადემიამ” ოთხთა ტურნირი ითამაშეს. ბოლნისელები, რომლის მწვრთნელიც ურუშაძეა, სამივე მატჩში დამარცხდნენ, მაგრამ ვეტერანი “ბორჯღალოსანი” ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს.

“მსოფლიო სპორტმა” ურუშაძესთან საუბარი სწორედ სეზონისთვის კლუბის მზადების პერიპეტიებით დაიწყო.

- ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირა რჩება. როგორ ხვდება “ყოჩები” ახალი სეზონის დაწყებას?

- მზადება ივლისის შუა რიცხვებში დავიწყეთ და ხანმოკლე, 4-დღიანი შეკრება ასპინძაშიც გავიარეთ. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. პირველ ეტაპზე აქცენტი ფიზიკური კონდინციების გაუმჯობესებაზე კეთდებოდა, რის შემდეგაც პროცესში ტექნიკური და ტაქტიკური ელემენტები ჩავრთეთ. ბიჭები თავს ნორმალურად გრძნობენ, მაგრამ ჯერჯერობით შეთამაშების პრობლემა გვაქვს.

- ამ პრობლემის აღმოფხვრაში ოთხთა ტურნირი არ დაგეხმარათ, რომელშიც სამივე თამაში დათმეთ?

- ტურნირი მოსამზადებელი ხასიათის იყო და მართალია სამივე თამაშში დავმარცხდით, მაგრამ ეს ტრაგედია სულაც არაა. ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა. ძირითადი შემადგენლობის 7-8 მოთამაშე გვაკლდა და განაცხადშიც 21-22 მორაგბეზე მეტი ამის გამო ვერ შეგვყავდა. ბოლო თამაშში, “აკადემიასთან”, 26:13 ვიგებდით, თამაშის დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა და მოედანზე “ა” ლიგის ბიჭები შევუშვით, რის შემდეგაც ეს თამაშიც წავაგეთ. მოკლედ, მოთამაშეები საქმეში ვნახეთ, მაგრამ ბირთვს ერთად არ უთამაშია.

- რა დაგანახათ განვლილმა სამმა თამაშშმა?

- აბსოლუტურად ყველა კომპონენტზე ძალიან ბევრი სამუშაოა. შერკინება, დერეფანი, რაქი, დაცვა, შეტევა - ყველა ეს კომპონენტი დასახვეწია. ანალოგიური პრობლემები აქვთ სხვა გუნდებსაც და ეს ამ ტურნირმა ნათლად დაგვანახა. ჩვენ ამ შეხვედრებში აქცენტს ხელით თამაშზე ვაკეთებდით და ჯარიმებს კარში პრაქტიკულად არ ვურტყამდით. მიგვაჩნია, რომ ეს ტურნირი სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ გუნდს რაც შეიძლება ბევრი ეთამაშა. ჯარიმით მოგებულ თამაშს ამ შემთხვევაში ნამდვილად გვერჩივნა, რომ ხელით შეგვეტია. მერე რა, რომ ამან გამარჯვებამდე ვერ მიგვიყვანა. სამაგიეროდ, დავინახეთ ჩვენი შეცდომები, რა კომპონენტებში უჭირთ მოთამაშეებს და ამის მიხედვით, ახლა ვცდილობთ, რომ ისინი ვარჯიშებზე აღმოვფხვრათ.

- თქვენი აზრით, “ყოჩები” გასულ ჩემპიონატს უკეთეს ფორმაში შეხვდა თუ წელს უფრო კარგადაა მომზადებული?

- ეს გამოჩნდება პირველივე ტურიდან, მაგრამ მგონი სეზონის სტარტზე შარშან უკეთეს ფორმაში ვიყავით. ამას თავისი მიზეზიც აქვთ. შარშან მზადება თითქმის დაუსვენებლად, ივნისის თვეში დავიწყეთ, ახლა კი, ვარჯიში შედარებით გვიან განვაახლეთ.

- ახალწვეულებზე (გიორგი კაჭარავა, სანდრო ნიჟარაძე, თორნიკე ცერცვაძე, მიხეილ გაჩეჩილაძე) რას გვეტყვით, როგორი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ თქვენზე?

- ჩემპიონატის დაწყებამდე რთულია რაიმეს თქმა. მანამდე ყველას ვიცნობდი და ყველას თამაში მქონდა ნანახი. ვარჯიში სხვაა და ოფიციალურ თამაშს სხვა დატვირთვა აქვს.

- წელს “ყოჩები” შედეგის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ეცდება?

- გასულ ჩემპიონატში რეგულარული პირველობა მოვიგეთ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მესამე ადგილი დავიკავეთ. მიზანი შარშანაც ჩემპიონობა იყო და წელსაც ამისათვის ვიბრძოლებს. ვნახოთ რა გამოგვივა.

- რამდენიმე დღეში მსოფლიო თასი იწყება და როგორც ნაკრების ყოფილი წევრი, როგორ ფიქრობთ, შეძლებენ “ბორჯღალოსნები” ინგლისში ორი თამაშის მოგებას?

- პირველი თამაში უმთავრეს მეტოქე ტონგასთან გვაქვს და ვთვლი, რომ ეს ერთგვარი პლუსია. ნაკრები დასვენებული და მომზადებული იქნება. პირველ თამაშზე ყოველთვის ყველა მაქსიმალურადაა მობილიზებული, ბოლოსკენ კი, გადაღლილობა იჩენს თავს და ცოტა რთულია კონცენტრაცია. პირველმა შეხვედრამ ბევრი რამ უნდა გაარკვიოს. მეტოქესაც საქართველოზე აქვს აქცენტი გაკეთებული, რადგან თვლიან, რომ აუცილებლად უნდა მოგვიგონ და ამისთვის ემზადებიან, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათი დამარცხება. მიმაჩნია, რომ შანსები თანაბარია და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. გამარჯვება იოლი არ იქნება, რადგან ტონგა ძლიერი გუნდია და გასულ მსოფლიო თასზე თვით საფრანგეთიც კი დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120798