სხვა

14:34 | 27.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონია!

ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე (+105კგ) ევროპის ჩემპიონია! ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ქართველი ათლეტი კონტინენტის პირველობის გამარჯვებულად ოფიციალურად აღიარა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ირაკლი თურმანიძემ, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ და ფედერაციის წარმომადგენლებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„ირაკლის გამარჯვება მთლიანად ქართული სპორტის გამარჯვებაა! ძალიან კარგია, რომ სამართლიანობა აღდგა და თურმანიძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული სამართლიან ბრძოლაში მოიპოვა. მსურს ირაკლის, ასევე ძალოსნობის ფედერაციას და ზოგადად, ყველა გულშემატკივარს მივულოცო ეს გამარჯვება - ევროპის ჩემპიონობა ერთგვარი წინაპირობა უნდა გახდეს საგაისო ოლიმპიური ჩემპიონობის და ვიმედოვნებ, ასეც მოხდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი ძალოსნის ამ წარმატებას"! - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოვიგე. ძალიან გახარებული ვარ! არ დაგიმალავთ: ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ ღირს - მიხარია, რომ სამართალი აღდგა, მე ხომ პატიოსნად ვიბრძოდი ჩემპიონობისთვის. ვეცდები მომავალშიც მხოლოდ ოქროს მედლები მოვიგო", - განაცხადა ევროპის ჩემპიონმა ირაკლი თურმანიძემ.

„ყველას ვულოცავ ამ წარმატებას - ირაკლიმ, მისმა გარემოცვამ, ფედერაციის მესვეურებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის და კარგია, რომ შრომა დაფასდა. ევროპის ჩემპიონატს თბილისმა მართლაც უმაღლეს დონეზე უმასპინძლა და მე, როგორც ნაკრების მწვრთნელი, ბედნიერი ვარ, რომ ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიგო", - ეს უკვე ნაკრების თავკაცი გიორგი ასანიძე გახლდათ.

„გეტყვით, რომ საქართველოში მხოლოდ ასამდე ძალოსანი გვყავს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვახერხებთ დიდი ტურნირების მოგებას. მსურს მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, პირადად ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს - ჩვენ ყურადღება არ გვაკლია და ვეცდებით გაწეული დახმარებისთვის მადლობა ოქროს მედლებით გადავიხადოთ", - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა. მანვე მინისტრს ამ დღის აღსანიშნავად ევროპის ჩემპიონატისთვის მოჭრილი სამახსოვრო მედალი გადასცა.

11-18 აპრილს, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თურმანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუმცა ოქროსმედალოსანი, უკრაინელი ოლეგ პროშაკი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა და ჩემპიონობაც ქართველ ათლეტს მიენიჭა.

ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი თურმანიძემ და პროშაკმა 435 კილოგრამი დაძლიეს, მაგრამ მსუბუქი წონის გამო, ჩემპიონობა უკრაინელს მიენიჭა. მას შემდეგ, რაც დოპინგ-კონტროლის შედეგები გახდა ცნობილი, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის ჩემპიონად ირაკლი თურმანიძე გამოაცხადა.

+105კგ წონაში თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის პირველი სამეული ოფიციალურად ასეთია:
1.ირაკლი თურმანიძე (საქართველო) - 435კგ (201+234)
2.ჩინგიზ მოგუშკოვი (რუსეთი) - 432კგ (200+232)
3.ალმირ ველაგიჩი (გერმანია) - 418კგ (193+225)

სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113919