ბლოგი

13:22 | 23.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეიმსი” თბილისის “დინამო" და სხვები

ჯაბა კანაკავა ფრანგულ “რეიმსში” ითამაშებს, რაც რა თქმა უნდა, სასიხარულო ამბავია, რადგან ფრანგული ლიგის დონე ჯაბასთვის ახალი დიდი გამოწვევა იქნება და უკრაინელებისადმი ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უკრაინაში დიდი ხნით სათამაშოდ დარჩენა ამბიციურ ფეხბურთელს ნამდვილად არ უნდა ეხალისებოდეს.

თუმცა, ამჯერად კონკრეტულად არა ჯაბა კანკავაზე, არამედ მის კლუბზე უნდა ვთქვათ ორი სიტყვა და გავამხილოთ ის უცნაური, თითქმის ნოსტალგიური გრძნობა, რომელიც ევროპელი ქომაგების გულში დუღს და რომელიც საფეხბურთო კლუბ “რეიმსს” უკავშირდება.

ვისაც ძველი საფეხბურთო ამბების ქექვა უყვარს, ადვილად მიხვდება რატომაც არის ასეთი მნიშვნელოვანი “რეიმსი” ძველი ევროპული ფეხბურისათვის და ამ კლუბის დიდი წარმატებების ნახვაც არაა რთული ამბავი. ეს კლუბია ნაღდი ნიმუში ძველი დიდებისა, რომლისგანაც მხოლოდ ლანდიღა დარჩა და რომლის სახელიც დაახლოებით ისეთ გრძნობებს იწვევს, როგორც ქართველისათვის ტაო-კლარჯეთის ხსენება.

მართლაც, რამდენი ძველი ევროპული დიდი კლუბია დღეს დავიწყებას მიცემული და ისტორიის “თაროზე” შემოდებული. სად არიან ეს დიდი კლუბები? დღეს ვიღას ახსოვს ერთ დროს ვეფხვთმბრდღვნელი “ტორინო” და “პარმა”, “შეფილდი” და “ვესტ ბრომვიჩი”, “ცრვენა ზვეზდა “ და სხვანი და სხვანი. ამ კლუბების ქომაგების რიცხვი საკუთარ სამშობლოშიც კი ნამეტანავდ შემცირდა და ქვეყნის გარეთ ხომ საერთოდ არც კი ღირს ლაპარაკი. თავგადაკლული ქომაგების გარდა ვიღას ახსოვს ამ კლუბების მიერ ნათამაშები დიდი მატჩები და დიდი ისტორიები, რომლებიც ასეთ მატჩებს ყოველთვის ახლავს ხოლმე თან.

ჩვენ ალბათ ყველას ძალიან გვიჭირს ამის აღიარება, მაგრამ ევროპელი გულშემატიკივრებისათვის თბილისის “დინამოც” სწორედ ასეთ, ერთ დროს მბრდღვინავ, ახლა კი მინავლებულ კლუბად ითვლება და ჩვენი გუნდის ევროტურნირებზე გამოჩენა მხოლოდ უფროსი ასაკის (ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვიდრ) გულშემატკივრებს ალბათ დაახლოებით იგივე გრძნობას უჩენთ, როგორც ჩვენ იგივე აწუკვე ხსენებული “პარმას” ხსენება.

ფაქტია, რომ ჩვენ გვიჭირს მწარე რეალობის აღიარება, მაგრამ კლუბის ჭეშმარიტად დიდი ისტორიის სიყვარულმა და გაფეტიშებამ (მხოლოდ ეს გაუთავებელი 13 მაისის ზეიმები რად ღირს) უკვე ირონული ელფერი შეიძინა, რადგან მუდმივი ფიქრები ერთადერთხელ აღებულ ევროპულ აწუკვე გაუქმებულ თასზე, ჩვენს პრობლემებზე მეტყველებს. პრობლემები კი იცოცხლეთ - ბევრი გვაქვს!

ისევე როგორც ჯაბა კანკავას ახალი კლუბის, ასევე “ტორინოს”, “სარაგოსას” და სხვა ისტორიაშემოსილი კლუბების ქომაგებს, ქართველ გულშემატკივრებსაც მომავლის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ და ყველას გვჯერა, რომ დადგება დრო გამოღვიძებისა და სიბნელის განკვეთისა. დადგება დრო, როდესაც სტადიონზე მიმავალთ ფეხები უკან აღარ დაგვრჩება და იმის იმედი მაინც გვექნება, რომ საშუალოზე საშუალო ევროპული კლუბები საშინელ დღეში არ ჩაგვაგდებენ. სწორედ ეს იმედები ასულდგმულებს ყველა მინავლებული კლუბის ქომაგებს და ჩვენც ჯიუტად გვჯერა, რომ ერთხელაც “დინამო” იფეთქებს. ჩვენ მაინც გვჯერა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113797